GE

ქართული ენის დისტანციური სკოლა უკვე 38 ქვეყანაში მუშაობს – როგორ მიმდინარეობს სწავლება

ქართული ენის დისტანციური სწავლება  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2016 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. ეს პროცესი საპილოტე რეჟიმში დაიწყო და  2017 წლის გაზაფხულიდან სკოლის ფორმატში ფუნქციონირებს. სკოლა საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები დიასპორის და შერეული ოჯახების ბავშვებისა და მოზარდებისთვის (რომელთაც აქვთ სურვილი, დაეუფლონ ქართულ ენას ონლაინ რეჟიმში) უკვე 38 ქვეყანაში მოქმედებს.

„ახლახანს გუდაურში დავესწარით დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართული  პედაგოგების შეჯამება-შეხვედრას. მონაწილენი დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ, როგორც მოსწავლეთა შედეგების, ასევე პირადი პროფესიული შედეგების გაუმჯობესების მიმართულებით“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.

„თავის დროზე, ეს გახლდათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად წარიმართებოდა. ამ ეტაპზე პროექტს ახორციელებს ჩვენი ცენტრი, გვყავს 32 კვალიფიციური პედაგოგი, რომელთაც სხვადასხვა ტიპის გადამზადება აქვთ გავლილი ქართული, როგორც მეორე ენაში, ასევე ტექნოლოგიების თვალსაზრისით და არიან, როგორც ენის სწავლების, ისე სწავლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების  მიმართულებით, მეტად კვალიფიციურები ადამიანები. ისინი თავად ქმნიან საინტერესო რესურსებს, ყოველდღიურად ვითარდებიან, როგორც მასწავლებლები, მონაწილეობენ პროგრამის ჩარჩოს განსაზღვრა-მოდიფიცირებაში. ეს ჩარჩო ახლა კიდევ უფრო ჩავშალეთ და ახალი სასწავლო წლისთვის უფრო დეტალიზებული პროგრამა გვაქვს“, – აკონკრეტებს პროგრამის მახასიათებლებს ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი მარიკა სიხარულიძე.

პროგრამა შედგენილია ენის ფლობის დონის ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით, რომელიც  ევროსაბჭოს ქვეყნების ენობრივი პოლიტიკის დანერგვის ქვაკუთხედია. ამ დოკუმენტში იყრის თავს ყველაფერი – როგორც უცხო ენის სწავლების მიმართულებით, ისე მეორე ენის სწავლების მიმართულებით.   ეროვნული სასწავლო გეგმა ქართული, როგორც მეორე ენის კომპონენტს, ითვალისწინებს არა მშობლიური ენის პრინციპებზე დაყრდნობით, არამედ მეორე ენის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ასახულია დისტანციური სწავლების პროგრამაში.

„სკოლაში დაახლოებით 260 მოსწავლეა, ვირტუალურ საკლასო ოთახებში საშუალოდ 3 მოსწავლეა, რომლებიც დაჯგუფებულნი არიან ასაკობრივად და ენის ფლობის დონის მიხედვით. ასაკობრივი დიაპაზონი 5-დან 15 წლამდეა. მსოფლიოში ცნობილია ვირტუალური სწავლების სხვადასხვა მოდელები, ჩვენს პროგრამაში მოქმედებს სინქრონული მოდელი, როცა მასწავლებელი პირდაპირ ეთერშია. ტექნიკურად, ორმხრივი კავშირის უზრუნველყოფა საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია, რისთვისაც კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ Microsoft-საქართველოს, რომელმაც უფასოდ დაგვითმო თავისი  ვირტუალური სივრცე,  მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც არიან დარეგისტრირებულნი ამ პლატფორმაზე და იქ „ხვდებიან“ ერთმანეთს. ეს ძალიან დიდი საჩუქარი და მხარდაჭერაა. მაქსიმალურად საგაკვეთილო გარემოა ვირტუალურად შექმნილი. ჩართული მხარეები ხედავენ ერთმანეთს,  ესმით ერთმანეთის და  საუბრობენ ერთმანეთში. ანუ არის სრული ინტერაქცია სასწავლო პროცესში. აქვთ უამრავი სასწავლო თამაში, სახალისო აქტივობები და ასე შემდეგ. თემატიკა ორიენტირებულია საკომუნიკაციო ენის სწავლებაზე. ასევე, მოიცავს ქვეყანათმცოდნეობის კომპონენტსაც, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს შესახებ ხდება ინფორმაციის მიწოდება და ეს მოქმედებს დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზეც…  ანუ ისინი სწავლობენ ენას და ეცნობიან იმ სამშობლოს, რომელშიც ისინი ამ წუთას არ ცხოვრობენ“,  – ამბობს მარიკა სიხარულიძე.

„თავიდანვე  ამ პროექტის ეროვნულმა მისიამ მიმიზიდა. ვირტუალურ საკლასო ოთახში მყოფი მოსწავლეები რეალურად არაქართულ გარემოში ცხოვრობენ. მასწავლებლებს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქართულის სწავლებასთან ერთად, მათში აღვძრათ, შევუნარჩუნოთ და განვავითაროთ ეროვნული იდენტობის განცდა და სამშობლოსთან დამაკავშირებელი „ძაფები“ გავაძლიეროთ.  რაც შეეხება პროცესს, ვცდილობთ, რომ შევქმნათ თავისუფალი საკომუნიკაციო გარემო, არ მოერიდოთ საუბარი, შეცდომის დაშვება არ აფრთხობდეთ… ჯგუფში სამი-ოთხი მოსწავლეა და ისინი თავისუფლად ახერხებენ ჩემთან და ერთმანეთთან კომუნიკაციას. სწავლებაში ვიყენებთ ისეთ სტრატეგიებსა და მეთოდებს, რომელიც მათი მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

ბავშვები დიდი ხალისით ერთვებიან გაკვეთილში, რადგან ის გაჯერებულია  მიზანხე ორიენტირებული თამაშებით, ონლაინრესურსებით… ჩვენც ვქმნით და ერთმანეთს ვუზიარებთ ახალ რესურსებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ენის შესწავლის პროცესი სასურველი და სახალისო იყოს მათთვის“, – ასეთია  დისტანციური სკოლის პედაგოგ მაკა ინაშვილის კომენტარი.

EDU.ARIS.GE -ის კითხვაზე: როგორია პროგრამის პერსპექტივა? მარიკა სიხარულიძე აღნიშნავს: „მშობლებისგან ძალიან დადებითი გამოხმაურება გვაქვს, დაუჯერებლად დადებითი რეზონანსი აქვს სკოლას პირდაპირი ბენეფიციარების – ბავშვების მხრიდანაც.  ამიტომ ის აქტუალობას ინარჩუნებს. პროექტი ვითარდება, სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ შემოვიტანოთ სერტიფიცირების კომპონენტიც. ეს არ იქნება სავალდებულო, რადგან დისტანციური სკოლა ითვლება არაფორმალური განათლების ნაწილად. უფრო წამახალისებელი დატვირთვა ექნება ამას. საფეხურებრივი წინსვლის დასტურად მიიღებენ ონლაინ დადასტურებებს.  დავაკვირდებით პროცესებს და ისე დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს.“

ციფრულ ეპოქაში ეს მასწავლებლებისთვისაც მეტად ღირებული გამოცდილებაა…

„ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებულია, რომ ამ მასწავლებლებს არამარტო სატრენინგო პროგრამების გავლის და სწავლების საშუალებას ვაძლევთ, არამედ, გამოცდილების მიღების საშუალებაც აქვთ და ამაში ხელფასსაც ვუხდით. ცენტრმა მათ შეუძინა კომპიუტერები. 32 მასწავლებელი, შეიძლება მცირედ მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ 32 კვალიფიციური, სწავლების ინოვაციური მეთოდებით მომუშავე ადამიანი, ცენტრისთვის დიდი რესურსია. ძირითადი პროფესიების პარალელურად, მათ, ფაქტობრივად, ახალი პროფესია შეიძინეს, რომელსაც დარწმუნებული ვარ წარმატებით იყენებენ და გამოიყენებენ. ახლაც რამდენიმე დღით შევკრიბეთ ისინი, რომ გასცნობოდნენ განახლებულ პროგრამას და გაევლოთ ამ პროგრამის შესაბამისი  გადამზადება.  იყო ღია და საქმიანი მსჯელობა. სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, როცა სკოლაში რეგისტრაცია დასრულდება, უკვე განვაახლებთ მუშაობას“, – განმარტავს მარიკა სიხარულიძე.

„ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ამ პროექტში მონაწილეობა პროფესიული განვითარების ახალი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდა. ჩვენი ჯგუფისთვის ახალი ცოდნისა და უნარების განვითარებაზე ცენტრი დიდად ზრუნავს. ამ  გამოცდილებას (დისტანციური სწავლების ინსტრუმენტების, სწავლების ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების და ასე შემდეგ), გარდა დისტანციური სკოლისა, ჩვენს სკოლებშიც ვიყენებთ და მის ეფექტურობასაც აშკარად ვხედავთ. რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ ამ პროგრამის. მე გამონაკლისი არ ვარ, დარწმუნებული ვარ,  ჩემი ყველა კოლეგა იგივეს გაიმეორებს. დისტანციურმა სკოლამ  პედაგოგები გაგვაერთიანა ერთ პროფესიულ ოჯახად“, – ამბობს მაკა ინაშვილი.   

გაგიზიარებთ პედაგოგ ლელა მანგოშვილისთვის მშობლებისაგან გამოგზავნილ კომენტარებსაც:

თეა ბაქრაძე (გერმანია): „უღრმესი მადლობა, რომ  ჩვენს შვილებს საქართველოს ახლოს აცნობთ და მის სიყვარულს მაგ სიშორედან აქ უფრო მეტად უნერგავთ. დღევანდელი პრეზენტაციის გამეორების დროს ემოციები ვერ შევიკავე…“

მაია კობახიძე-ლოფლერი (ავსტრია):  „ეს პროექტი პირველივე დღიდან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იქნება… ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს და ქართული კულტურის სიყვარული ჩავუნერგოთ პატარებს, რომლებიც ასე შორს არიან მეორე ან ერთადერთი სამშობლოდან. თქვენი შემართება და სიყვარული ამ ბავშვების მიმართ თქვენს ყოველ ფრაზაში იგრძნობა, გმადლობთ ამისთვის“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური