GE

ქართველი პედაგოგების სწავლების ორიგინალური მეთოდები

წლებია ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემების ირგვლივ მსჯელობა არ წყდება. განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევდა, რომ სისტემის გამოსწორების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი თავად მასწავლებლების ხელშია. ამბობდა იმასაც, რომ გაკვეთილი მოსწავლისთვის საინტერესო უნდა იყოს, რაც  ბავშვს სკოლაში სიარულს შეაყვარებს.

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ პედაგოგების არაკვალიფიციურობაზე და სწავლების ჩარჩოებში მოქცეულ  მეთოდებზე, თუმცა ქართველ პედაგოგთა შორისაც მოიძებნებიან ისინი, ვისაც როგორც მიხეილ ჩხენკელის წინამორბედმა თქვა, „აქვს შინაგანი მოტივაცია, რომ დააბა „აიწყვიტავს“ და გაკვეთილს ჩაატარებს“.

ირმა კაკუშაძე 10 წელზე მეტია სკოლაში ქიმიას ასწავლის. ამ დროის განმავლობაში მან თვითონაც ბევრი რამ ისწავლა და  გაკვეთილების ჩატარების ახალ და საინტერესო მეთოდებსაც მიაგნო. თვლის, რომ თანამედროვე გაკვეთილები ინფორმაციულად დატვირთულთან ერთად სახალისოც უნდა იყოს. მისივე თქმით, მოსწავლისთვის მასალის ლექციური მიწოდება დამღლელი და უინტერესოა. მან არატრადიციულ მეთოდებს მიაგნო, რაშიც დიდი დახმარება კომპიუტერულმა პროგრამებმა გაუწია. პედაგოგი EDU.ARIS.GE– სთან მის მიერ შემუშავებული სტრატეგიების სასარგებლო მხარეებსა და ეფექტურობაზე საუბრობს:

„სოციალურ ქსელში  edmodo.com შექმნილი მაქვს ჯგუფები,  სადაც პერიოდულად ვაზიარებ თემის შესაბამის ვიდეომასალას. ვიყენებ როგორც სხვის მიერ ატვირთულ სასწავლო რესურსებს, ასევე ჩემ მიერ მომზადებულს, რაშიც ხშირად თავად მოსწავლეებიც არიან ჩართულნი. აქვე ვტვირთავ დავალებებს და მოსწავლეებს სკოლის გაცდენის შემთხვევაში გაკვეთილის მომზადებაც და დავალების დაწერაც შეუძლიათ. სოც. ქსელი იძლევა ქვიზებით სარგებლობისა და დიფერენცირებული დავალებების მიცემის საშუალებას. ამასთან, მშობელს შეუძლია თვალყური ადევნოს თავისი შვილის  საქმიანობას

თანამედროვე სწავლება გულისხმობს მოსწავლეს ინფორმაცია სახალისოდ და გასაგებად  მიეწოდოს. სწავლების ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით  საკითხების ვიდეომასალით მიწოდებას აქვს გარკვეული უპირატესობები:

1. რთული, საკვანძო საკითხი მარტივად გასაგებია

2. მოსწავლეს შეუძლია სახლშიც მოისმინოს და ნახოს რამდენჯერაც დასჭირდება

3. უმაღლდება მოტივაცია

4. რაც მთავარია, მაქსიმალურად გამორიცხავს  რეპეტიტორთან ბავშვის მეცადინეობის საჭიროებას.

ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ რესურსებს ვათავსებ ბლოგზე ჩემი პრქტიკიდან გამომდინარე, მასალის ლექციური მიწოდება მოსწავლისთვის დამღლელი და ერთფეროვანია, ხოლო როცა უსმენს და უყურებს ვიდეომასალას, უფრო ჩართულია ამაში.

ვიდეომასალით ვაწოდებ ისეთ საკითხებს, რომლებსაც  ექსპერიმენტით ვერ დაადასტურებ.

ძირითადად ვსარგებლობ powtoon.com -ით და edu.glogster.com -ით. ინტერაქტიური სავარჯიშოებისთვის ვიყენებ learningapps.org -ს, როგორც ჩემ მიერ, ასევე ჩემი  ქართველი და უცხოელი კოლეგების ნამუშევარს. ამ ვებგვერდებით სარგებლობა ორი წლის წინ დავიწყე. შედეგი თვალსაჩინოა და ამ კუთხით მუშაობას ინტენსიურად ვაგრძელებ“, – ამბობს ირმა კაკუშაძე.

ქართული მითოლოგიის პედაგოგსა და მწერალ ნატალი დავითაშვილს ბავშვებთან ძალიან უჩვეულო მიდგომა აქვს. სწავლების ორიგინალური მეთოდების შესახებ იგი EDU.ARIS.GE-ს თავადვე ესაუბრა. ქართული მითოლოგია მეორე წელია ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ამავე სკოლის ინიციატივით ისწავლება:

„ქართულ მითოლოგიას ნიუტონის თავისუფალ სკოლაში მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს  2 წელია ვასწავლი. საგნის დამატების იდეა ორი წლის წინ სკოლას გაუჩნდა, პედაგოგობა შემომთავაზეს და მეც დავინტერესდი. გაკვეთილები ტიპური სწავლების მეთოდებისგან განსხვავებულია, ბავშვებთან რამდენიმე არატრადიციულ მეთოდს ვიყენებ, რაც მათთან ურთიერთობაში მეხმარება და სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის:

1. შემაჯამებელი წერის ნაცვლად მოსწავლეებს პანტომიმით ვადგმევინებ განვლილ მასალას (მითებს) და დანარჩენები უნდა მიხვდნენ, რომელ მითზეა საუბარი.

2. ყოველ განვლილ მითოლოგიურ პერსონაჟზე ბავშვები წერენ ზღაპარს ან მოთხრობას.

3. წლის ბოლოს რვეულის ყდას ვაფორმებთ როგორც წიგნის ყდას.

4. მოსწავლეს აქვს საკუთარი დაწერილი ზღაპრების დასურათებული კრებული.

5. მუშაობა წყვილებში: წყვილიდან თითოეული იწყებს ამბავს და მეორე ასრულებს.

მხატვრული ნაწარმოების ანალიზი – მეთოდური მითითებები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

5 რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ აუდიოჩანაწერი მოსწავლეებისთვის

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური