GE

ქეთევან ციხელაშვილი გორის უნივერსიტეტში გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა

9 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორის უნივერსიტეტში გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სამინისტროს და ქეთევან ციხელაშვილს გორის უნივერსიტეტისა და სტუდენტების მხარშიდგომისთვის.

მინისტრმა სტუდენტებს ის შეღავათები გააცნო, რომლით სარგებლობაც მათ 2018-2019 სასწავლო წლებში შეუძლიათ. კერძოდ, ყველა სტუდენტს, რომელიც გამყოფი ხაზების მახლობლად ცხოვრობს, სახელმწიფო უმაღლეს განათლებას კვლავაც დაუფინანსებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივის ამოქმედების შედეგად, ბოლო ოთხ წელიწადში სტუდენტთა რაოდენობა 433-დან 1200-მდე გაიზარდა.

„ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა გორის უნივერსიტეტში ვიმყოფები. ამ უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა, მითუფრო მათთან, რომლებიც გამყოფი ხაზის პირა სოფლებიდან არიან. ეს ახალგაზრდები იმ ოჯახებს წარმოადგენენ, რომელთაც მავთულხლართების პირისპირ უწევთ ცხოვრება და მიუხედავად გამოწვევებისა, ისინი ახერხებენ მიიღონ კარგი განათლება და იყვნენ წარმატებულები. ჩვენი გზა ამ მავთულხლართებთან გამკლავებისა და დაპირისპირების ისაა, რომ ვიყოთ უფრო განვითარებულები, უფრო განათლებულები, უფრო მიმზიდველები და ეს ახალგაზრდები არიან სახე და სიმბოლო იმ მომავალი წარმატებისა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება”, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ქეთევან ციხელაშვილმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური