GE

ქობულეთში მომხდარ ავარიას ორი მოსწავლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთში ორი მე-12 კლასელი, ბიჭი და გოგონა, ემსხვერპლა. სოფელ ქობულეთიდან, ქობულეთის მიმართულებით მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, საჭეს არასრულწლოვანი მართავდა. მანქანაში სულ ხუთი მოსწავლე იჯდა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სამი დაშავებული ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს ამ დროისთვის სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. ამ სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული გოგონა კომაშია და მას თავის ტრავმები აქვს, ბიჭს – მრავლობითი დაზიანებები. კლინიკას კიდევ ერთმა დაშავებულმა მოსწავლემ თავად მიმართა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 256 მუხლით დაიწყო.

სკოლის დირექტორის თქმით, არასრულწლოვანს, რომელიც საჭესთან იჯდა, სავარაუდოდ, მართვის მოწმობა ჰქონდა.

„მე, როგორც ვიცი, ჰქონდა მართვის მოწმობა. ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში. უთქვამს, მეორეკლასელ დას უნდა მივაკითხო სკოლაშიო. ბავშვი სკოლიდან არ წაუყვანია, თანაკლასელები ჩაუსვამს მანქანაში და სადღაც წასულან… არც ერთი არ არის ჯერ გონზე მოსული, რომ დაველაპარაკო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფელ ქობულეთის სკოლის დირექტორი ნაირა მახარაძე.

წყარო: რუსთავი 2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური