GE

ქუთაისის უნივერსიტეტმა წარჩინებული კურსდამთავრებულები პარიზის საგზურებით დააჯილდოვა

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტთა გამოსაშვები საღამო 2017 გაიმართა.  ღონისძიებამ უპრეცედენტო სიურპრიზების, ფოიერვერკის, საზეიმო ტორტისა  და წარმატებული სტუდენტების დაჯილოდოვების ფონზე  ჩაიარა.

საგზურები პარიზში წარმატებული სტუდენტებისთვის, სტაჟირება წამყვან საფინანსო კომპანიებში და სრული სამაგისტრო გრანტი, ასევე წარმატებული სტუდენტისთვის. ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიურპრიზების, რაც ქუთაისის  უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულებს მოუწყო.

IMG_4729ქუთაისის  უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამოსთვის, სპეციალურად ამ დღისთვის სადღესასწაულოდ გაფორმებულ  ეზოში ყველა კურსდამთავრებული შეიკრიბა. უმაღლესის დამთავრება მათ უნივერსიტეტის რექტორმა ლია ელიავამ მიულოცა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ქუთაისის უნივერისტეტის დამფუძნებელ ლელა ქელბაქიანის განცხადებით, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში ცოდნასთან  ერთად წარმატების შანსი და შემდგომში მისი რეალურად განხორციელების საშუალება ეძლევათ.

„ქუთაისის უნივერსიტეტი პირველი იყო მთელ საქართველოში, ვინც კურსდამთავრებულთა ასეთი საზეიმო გაცილება მოაწყო 2007 წელს. მაშინ მართლაც არავინ აკეთებდა ასეთ ღონისძიებას, ბაკალავრის მანტიებით  და ეზოში ჩატარებული ცერემონიალით. ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ ამ დღესასწაულს კურსდამთავრებულთათვის კიდევ უფრო მეტი სასიამოვნო შტრიხები  შევმატოთ. მათ აქედან ქუთაისის  უნივერსიტეტის ნაწილი მიაქვთ, მიაქვთ ის კულტურა, სითბო და რა თქმა უნდა,  განათლება უპირველეს ყოვლისა. ამასთან ერთად, ყველაზე მთავარი ის დიდი ოჯახური გარემოა, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტი ჰქვია, რომელიც ახასიათებს მხოლოდ პატარა კერძო უნივერსიტეტებს და ძალიან რთულია ასეთი ახლო ურთიერთობები შექმნა დიდ უნივერსიტეტებში, ჩვენ სწორედ ამით ვართ განსხვავებულები და გამორჩეულები.

IMG_4689„შესაბამისად, ეს სტუდენტები ისევ რჩებიან ჩვენი უნივერსიტეტის ნაწილად იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო ქსელი კურსდამთავრებულთა ასოციაციის, რომლის ფარგლებშიც, სულ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ურთერთობა ჩვენს კურსდამთავრებულებთან. მეწარმე კურსდამთავრებულთა ასოციაცია ცალკე გვაქვს, ცალკე დოქტორანტების. ყველანაირად ვცდილობთ, მათი ინტერესების მიხედვით შევქმნათ ჯგუფები და არასდროს არ დავკარგოთ კავშირი იმ ადამიანებთან, რომელთაც თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლები ჩვენთან გაატარეს. ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს რომ გადადგა პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ“,  – განუცხადა ლელა ქელბაქიანმა EDU.ARIS.GE-ს.

უნივერსიტეტს რექტორი ლია ელიავა კი ამბობს, რომ კურსდამთავრებულები არამხოლოდ კვალიფიციურ კადრებად, არამედ ღირსეულ ადამიანებად და თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეებად ყალიბდებიან ქუთაისის უნივერსიტეტში.

IMG_4726„ჩვენი უნივერსიტეტის  25 წლის არსებობის მანძილზე ეს   კურსდამთავრებულთა 21-ე გამოშვებაა. ჩვენ ვზრდით არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, არამედ ღირსეულ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებლად აზროვნება. ჩვენი კურსდამთავრებულები აუცილებლად დაიმკვიდრებენ ღირსეულ ადგილს საქართველოში და ჩვენს საზოგადოებაში. მინდა ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვო იყვნენ წარმატებულები და ღირსეულები. ქუთაისის უნივერსიტეტი არ არის მარტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ ოჯახიც და ვინც ამთავრებს უნივერსიტეტს არ ივიწყებს მას, ისინი აგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.

რექტორის სიტყვებს ადასტურებს ჩვენთან საუბარში ერთ–ერთი კურსდამთავრებულიც. გიორგი ნუცუბიძეს ერთის მხრივ გული წყდება, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება დასრულდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ სასწავლებელთან კონტაქტს არ გაწყვეტს.

IMG_4698„მე აქ გავიზარდე, პიროვნებად ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიული, ისე ადამიანური კუთხით. უამრავი მეგობარი გავიჩინე და მივიღე პროფესიული განათლება. ტურიზმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ. ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი სფეროა ამ დროისთვის საქართველოში და დიდი პერსპექტივა აქვს. იმედი მაქვს, წვლილს შევიტან ამ საქმეში, როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. გული მწყდება, რომ ვამთავრებ, თუმცა იმედი მაქვს კავშირი ისევ მექნება უნივერსიტეტთან“, – ამბობს გიორგი.

ლიკა მიშვიძე კურსდამთავრებული: „ჩემი წარმატება სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტიდან დაიწყო.  როგორც კი  პირველი კურსის სტუდენტი გავხდი, დავსაქმდი და 2014 წლიდან დღემდე  ვმუშაობ ერთ–ერთ მოწინავე სასტუმროში  ადმინისტრატორად. მინდა ვუთხრა უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველებს – ჩააბარეთ აქ და დაე თქვენი თქვენი წარმატებაც სწორედ აქედან დაიწყოს“.

ქუთაისის უნივერსიტეტის დამსახურებად მიიჩნევს საკუთარ წარმატებას ავთანდილ ცნობილაძეც, რომელიც ამ დროისთვის ერთ–ერთი წარმატებული საფინანსო კომპანიის ადმინისტრაციაშია დასაქმებული.

IMG_4762„ქუთაისის უნივერსიტეტის მაგისტრი ვარ. უნივერსიტეტიდან ბევრი რამ მივიღე, როგორც განათლება, ასევე ბევრი მეგობარი, კარგი ლექტორები და  გამოცდილება. მონაწილეობა მივიღე  ერასმუსის გაცვლით პროგრამაში.  ერთი სასწავლო წელი ჩეხეთში  ვიყავი, სადაც ასევე დიდი გამოცდილება მივიღე და გავაუმჯობესე ბევრი უნარი, რომელიც ეკონომიკის კურსდამთავრებულისთვის აუცილებელია. კმაყოფილი ვარ ჩემი სტუდენტობით.  ჩემი წარმატება ქუთაისის უნივერსიტეტმა განაპირობა, რადგან მიზანი, რომელიც მქონდა – მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, უნივერსიტეტის დახმარებით განვახორციელე. ჩემს რეზიუმეში ეს დიდ გავლენას ახდენს. ამ ეტაპზე მე ერთ-ერთ წარმატებული ბანკის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ვმუშაობ“.

ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ლელა ქელბაქიანმა და ლაშა ლაღიძემ, ორ წარჩინებულ სტუდენტს – მედეა ქირიასა და თინათინ ბერაძეს,  საჩუქრად პარიზის საგზურები გადასცეს. სამაგისტრო გრანტი გადაეცა მარიამ დანელიას. საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა წყვილი, რომელთაც უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი და ოჯახი შექმნეს.  ქუთაისის უნივერსიტეტმა საჩუქარი მათ პატარას გაუკეთა.

IMG_4802„ეს ის საჩუქარია რაზეც მიოცნებია და  ძალიან გამაბედნიერა. დიდი მადლობა დამფუძნებლებს. კითხვარები შევავსეთ, სადაც ჩვენი სურვილები უნდა ჩამოგვეწერა, მე დავწერე რომ მოგზაურობა მსურდა და ჩემმა უნივერსიტეტმა ჩემი ოცნება ამისრულა“, გვითხრა პარიზის საგზურის მფლობელმა მედეა ქირიამ.

ქუთაისის უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამო ტრადიციულად ქუდების აგდებით, საზეიმო ტორტის გაჭრითა და ბენდ მუზეუმის  მუსიკალური კომპოზიციით დაგვირგვინდა. როგორც დამფუძნებელები და ორგანიზატორები აღნიშნავდნენ,  გამოსაშვები საღამოები უკვე ტრადიციაა და ყოველ წელს გაიმართება.

ქუთაისის უნივერსიტეტი

მოამზადა თეონა გიორგაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური