GE

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე გაფიცულ მუშებს სახელფასო დავალიანება მიმდინარე დღეებში აუნაზღაურდებათ“ – ვასილ ხორავა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის მუშები გაიფიცნენ, რომლებიც 4 თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვენ.

ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, EDU.ARIS.GE-მ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, რომელმაც ფონდი ქართუს მიერ დაქირავებულ კომპანიაში გადაგვამისამართა, სადაც საკითხზე პასუხი მივიღეთ.

EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას შპს. „ზიმოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვასილ ხორავა კატეგორიულად უარყოფს, რომ მათი ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებს 4 თვის დავალიანება აქვთ და აცხადებს, რომ საუბარია თვენახევრის დავალიანებაზე, რომელსაც „დეტე ინჟინერინგის” მიერ დაქირავებული მუშები მიმდინარე დღეებში მიიღებენ.

„რაც შეეხება დღევანდელ აქციას, რომელიც დასაქმებულებმა გამართეს, ჩვენს კომპანიას, შპს „ზიმოს“, რომელიც არის ფონდ „ქართუს“ კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც მიიღო დაკვეთა რომ აეშენებინა სტუდენტური საცხოვრებელი კორპუსები, ჰყავს რამდენიმე მიმართულებით ქვეკონტრაქტორი კომპანია. დღეს გამართული აქციის თანამშრომლები არიან სწორედ ჩვენი ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები. ეს კომპანიაა „დეტე ინჟინერინგი“. ესენი არ არიან არც ფონდ „ქართუს“ და არც კონტრაქტორი კომპანიის (შპს.ზიმოს) თანამშრომლები. რაც შეეხება არსებულ დავალიანებას, რომელსაც დღეს გაფიცული ხალხი ასახელებს (4 თვე ავტ. ), ეს არის აბსოლუტურად სიცრუე, მათ აქვთ თვენახევრის დავალიანება. ანუ, ჯერ მარტი არ დასრულებულა და მარტის ხელფასს იღებენ 15 აპრილამდე, რაც კონტრაქტითაა გაწერილი. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვესაუბრეთ ამ კომპანიის ხელმძღვანელობას, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა. მათ გვითხრეს, რომ ჰქონდათ გარკვეული საგადასახადო ვალდებულები, რომელიც დაფარეს წინა კვირაში, აღნიშნულ დავალიანებას, რომელიც მათ თანამშრომლების წინაშე გააჩნიათ მიმდინარე დღეებში დახურავენ“, – განგვიცხადა ვასილ ხორავამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური