GE

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორად ლია ელიავა დაინიშნა

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე,  პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 26 იანვარს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა დაინიშნა.

იგი წლებია თანამშრომლობს ქუთაისის უნივერსიტეტთან: უმაღლესი დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშვნამდე მას შპს ქუთასის უნივერსიტეტში   პროფესორის აკადემიური თანამდებობა ეკავა. ასევე აქვს ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტში განუცხადეს, ახალ რექტორს ქუთაისის უნივერსიტეტთან მიმართებაში ინდივიდუალური, განსხვავებული მიდგომა და ხედვები გააჩნია უნივერსიტეტის სამომავლო პერსპექტივებთან მიმართებით.

ქალბატონ ლია ელიავას თქმით, მისი სამომავლო გეგმები უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს სწავლის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას, სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობასა და ქუთაისის უნივერსიტეტის პრესტიჟის ზრდას.

„ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორობა ჩემთვის არის დიდი პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა. მე აქ მოვედი იმიტომ, რომ ვაფასებ იმას, რასაც ეს უნივერსიტეტი სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის აკეთებს, ჩემი მიზანია გავუფრთხილდე ყოველივე მიღწეულს და სამომავლოდ კიდევ უფრო გავაუმჯობესო უნივერსიტეტის წინსვლისა და განვითარების  პერსპექტივები“,– ამბობს ლია ელიავა.

„უნივერსიტეტის თანამშრომლები ერთსულოვნად ვულოცავთ ქალბატონ ლიას ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორობას. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულება არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც; ის მიღწევები და ტრადიციები, რაც უნივერსიტეტს უკვე 25 წელია გააჩნია, კიდევ უფრო გაიზრდება დ გამრავალფეროვნდება!“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

ქუთაისის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური