GE

ქუთაისში მე-5 კლასელმა გოგონებმა ბიჭის გამო იჩხუბეს – ახალი დეტალები

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში გოგონებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, ახალი ინფორმაციით, ბიჭი იყო და მოძალადეს მსხვერპლი სხვა ბავშვში აერია.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რამდენიმე გოგონა სკოლის ერთ-ერთ მოსწავლე გოგონას დერეფანში დახვდა და ჰკითხა, ნამდვილად იყო თუ არა კინოში ერთ-ერთ ბიჭთან ერთად? მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ეს გოგონა კინოში საერთოდ არ ყოფილა, ასე უპასუხა – “მერე თქვენ რა გინდათ?”. დაპირისპირებაც ამის შემდეგ დაიწყო. EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, მოსწავლე გოგონას მუცელში სცემეს ფეხებით და კიბიდან დააგორეს. დაზარალებულმა ბავშვმა განაცხდა, რომ წინააღმდეგობა მანაც გაუწია, მაგრამ დაპირისპირებულ მხარეს რაოდენობრივად მეტნი იყვნენ და “ვერ მოერია”.

ფიზიკურ დაპირისპირებას და ინციდენტში ორზე მეტი ბავშვის ჩართვას ამ დრომდე არ ადასტურებენ არც სკოლის დირექციაში და არც მანდატურის სამსახურში. თუმცა მანდატურმა დაადასტურა კიბიდან გადავარდნის ფაქტი.

სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა  EDU.ARIS.GE-ს თან საუბარში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით მოსწავლეები უბრალოდ ერთმანეთს შეეჯახნენ.

„შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი მე-5 კლასელი გოგო ერთმანეთს კიბეზე შეეჯახა. ერთ-ერთი წაიქცა და ის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს. დავიბარეთ მშობლები. მანდატურის სამსახური მოიკვლევს, იყო რაიმე მიზეზი თუ უფრო შემთხვევითობაა“,  – განაცხადა ჯიშკარიანმა.

მანდატურის სამსახურის ცნობით, ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში გუშინ ორ გოგონას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და ერთ ერთი მათგანი კიბიდან გადავარდა.

„ბავშვი გადავიყვანეთ კლინიკაში და მას რაიმე სახის სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა, ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო ღონისძება, მოვახდინეთ გასაუბრება მშობლებთან და საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფსიქოლოგის ჩართვაც“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს მანდატურის სამსახურში.

ქუთაისის სკოლაში მე-5 კლასელ გოგონებს შორის მომხდარ ინციდენტს მანდატურის სამსახური იკვლევს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური