GE

რა არის გაწერილი სკოლაში რეპროდუქციული სისტემისა და ჯანმრთელობის სწავლების კუთხით და როგორია შეფასების ინდიკატორები

„ეროვნული სასწავლო გეგმების, საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტით გათვალისწინებულია ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემის სწავლება. მიგვაჩნია რომ, ორგანიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანოთა სისტემას, სხვა სისტემებთან ერთად (მაგ., ნერვული, გულ-სისხლძარღვოვანი, გამომყოფი სუნთქვის და სხვ.) წარმოადგენს ორგანიზმის გამრავლების ანუ რეპროდუქციული სისტემაც“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციული ორგანოთა სისტემასა და  რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის პერიოდში, რათა მათ მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულების,  ფუნქციონირების, ჰიგიენის და ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ.

„ამდენად, სქესობრივი აღზრდის ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებსაც მოიცავს: 1. ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულება და ფუნქციებს და 2. რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

ჩვენს პასუხში მოცემულია საკითხები, მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო კითხვები და შეფასების ინდიკატორები, რომლებიც ამ თემების სწავლებასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ წარმოდგენას შეგიქმნით“, – განგვიცხადეს სამინისტროში.

I. ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით ინფორმაციას რეპროდუქციული სისტემის შესახებ მოსწავლეები იღებენ მე-8 კლასში შემდეგი საკითხების სახით:

  1. ქალის რეპროდუქციული სისტემა;
  2. მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა;
  3. განაყოფიერება და ნაყოფის განვითარება;
  4. სასქესო ორგანოების ჰიგიენა.

ამ საკითხების დამუშავების შედეგად მოსწავლეები შეძლებენ უპასუხონ ისეთ საკვანძო კითხვებს, როგორიცაა, მაგალითად:

  • რა ნიშნებით/სიმპტომებით შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენა და მათგან თავდაცვა?
  • რა მნიშვნელობა აქვს რეპროდუქციული სისტემის ორგანოების ჰიგიენის დაცვას ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

ბიოლოგიის მე-8 კლასის სტანდარტში ასევე მოცემულია რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული შეფასების ინდიკატორები:

  • ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემისა და მისი ფუნქციების აღწერა;
  • კვლევის საფუძველზე დასაბუთება ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

ადამიანის რეპროდუქციული სისტემის შესახებ მიღებული ცოდნის დაკავშირება  სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან  (ჯანმრთელობის დაცვა, უშვილობის დაძლევა, დაავადებები, ხელოვნური განაყოფიერება, მედიცინა, იმუნოლოგია).

II.საბაზო საფეხურის ბოლო (მე-9 ან მე-10 კლასი) კლასის ბიოლოგიის სტანდარტში ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, სხვა თემებთან ერთად, ჩანიშნულია თემა: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რომელიც გულისხმობს შემდეგი საკითხების შესწავლას:

1.ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული რისკები;

2.ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები;

3.ნაყოფის განვითარების შეწყვეტის შედეგები;

4.არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებები;

5.რესპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა.

ამ ეტაპზე მოსწავლემ უნდა გასცეს პასუხი შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • რატომ უქმნის დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს ნაადრევი ორსულობა?
  • როგორ მოქმედებს დედის ჯანმრთელობასა და ნაყოფის განვითარებაზე სხვადასხვა ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორი?
  • როგორ შეიძლება იმოქმედოს დედის ჯანმრთელობაზე ნაყოფის განვითრების ხელოვნურად შეწყვეტამ (აბორტმა)?
  • ორსულობისგან თავდაცვის რა საშუალებები არსებობს და როგორია მათი მოქმედების მექანიზმები?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა?
  • რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას/ადრეულ ორსულობას?
  • რატომ ითვლება ნაადრევი ორსულობა რისკ-ფაქტორად როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობისათვის?
  • რა ნიშნებით/სიმპტომებით შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენა და მათგან თავდაცვა?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანისთვის და მის შთამომავლობისათვის?

ამ საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის და უნარების შეფასების ინდიკატორებია:

  • კვლევის საფუძველზე დასაბუთება, როგორ მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე მშობლის მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკ-ფაქტორებზე მსჯელობა;
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებზე მსჯელობა;
  • ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მიღებული ცოდნის დაკავშირება შესაბამისი პროფილის ექიმთან/სპეციალისტთან (სექსოლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ვენეროლოგი, მამოლოგი, ანდროლოგი და სხვ.);
  • არსებული კვლევების საფუძველზე ადრეულ სქესობრივ კავშირთან, ნაადრევ ქორწინებასა და ორსულობასთან დაკავშირებული რისკების გაანალიზება, მათ გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე მსჯელობა.

ამ საკითხების შესწავლის შედეგად მოსწავლეს უნდა შეექმნას ე.წ. მკვიდრი წარმოდგენები:

  • ნაყოფის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: კვება, ასაკი, ფიზიკური აქტივობა, ჰიგიენა, დღის რეჟიმი, მავნე ჩვევები, სქესობრივი გზით გადამდები და სხვა ინფექციური დაავადებები, ფიზიკური და ემოციური გარემო და სხვა.
  • ნაყოფის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ჯანსაღი კვება, შესაბამისი ფიზიკური აქტივობა, დღის რეჟიმისა და ჰიგიენის დაცვა, დადებითი ემოციური გარემო და სხვა.
  • ნაყოფის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორებია: მავნე ჩვევები, სქესობრივი გზით გადამდები და სხვა ინფექციური დაავადებები, არასრულფასოვანი კვება, ასაკი, სტრესი, სოციალური ფაქტორები;
  • ნაყოფის განვითარების ხელოვნურად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ქალის რეპროდუქციული და სხვა სისტემების ფუნქციონირების დარღვევები, მაგალითად უშვილობა, დეპრესია და სხვ.;
  • არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებების ცოდნა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვისათვის;
  • პროფილაქტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას და წარმატებულ მკურნალობას.

III. ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ საკითხებთან (მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობასთან) დაკავშირებით წარმატებით ჩატარდა საპილოტე გაკვეთილები (სულ 10 გაკვეთილი) თბილისის და კახეთის სკოლებში, რისთვისაც შეიქმნა გაკვეთილების სცენარები, გადამზადდა მასწავლებლები, შეიქმნა მასწავლებლის გზამკვლევი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური