GE

რა არის პრიორიტეტი კერძო სკოლებისთვის – განათლება თუ კმაყოფილი მშობლები?

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფსიქოლოგების შეფასებებით, ბავშვების მონაწილეობა კონკურსებში სულ უფრო ნაკლებად აღიქმება დადებით მოვლენად, სასწავლო ოლიმპიადები, თავისი არსით, მაინც შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოსწავლის განვითარებისთვის საჭირო გამოწვევა, სადაც ის ეჩვევა ტესტებთან მუშაობას, წაკითხულის გააზრებას, უკვე არსებული ცოდნის სხვადასხვა ფორმით გამოვლენასა და საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზაციას.

თუმცა, არის თუ არა რეალურად საქართველოში არსებული სასკოლო ოლიმპიადები ბავშვის განვითარებასა და მისი ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიებს ოლიმპიადების ჩასატარებლად არ სჭირდებათ ლიცენზია/ნებართვა. შესაბამისად, მათ მიერ ჩატარებული ოლიმპიადები არ კონტროლდება, არავინ აფასებს მათ ხარისხსა და სანდოობას. ამის მიუხედავად, მოსწავლეები აქტიურად იღებენ ნებისმიერ მათგანში მონაწილეობას და სკოლებიც სიამაყით აქვეყნებენ პოსტებს სოციალურ ქსელებში თავიანთი მოსწავლეების წარმატების შესახებ.

გამარჯვება კარგია. შენი მოსწავლე რომ უმაღლეს ქულას აიღებს, ესეც კარგია. თუმცა, ერთი რამ გაუგებარია: რატომ არ აისახება ქვეყნის ზოგადი განათლების დონეზე ამდენი წარმატებული მოსწავლე? ხომ არ მოქმედებს მთელი ეს სისტემა რწყილი და ჭიანჭველას პრინციპით? „მომე რკო, რკოს მივუტან ღორსა, ღორი მომცემს ჯაგარსა, დავგრეხ თოკსა-ბაწარსა..“ სკოლა, განსაკუთრებით კი კერძო სკოლა, სადაც სწავლის საფასური, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არც ისე ცოტაა, გრძნობს პასუხისმგებლობას მშობლის წინაშე. სკოლას სჭირდება არგუმენტები მშობლებთან, რომ ისინი თავიანთი შვილის განათლებაში ფულს (თუნდაც თვეში 200 ლარს) ტყუილად არ იხდიან და რა არის ამის საუკეთესო მტკიცებულება, თუ არა მედლებით დახუნძლული მოსწავლე? მშობელიც ბედნიერი კითხულობს შვილის წარმატების შესახებ დადებულ პოსტებს სოციალურ ქსელში და აქვს განცდა, რომ სიგელების რაოდენობა და სკოლაში განათლების ხარისხი ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

არაერთი საერთაშორისო კვლევის თანახმად (მაგ. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა – PISA), ქართველ მოსწავლეებს უჭირთ წაკითხულის გააზრება, საკმაოდ ცუდი შედეგები აქვთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და არც ძლიერი მათემატიკური უნარებით გამოირჩევიან. ასეთი შეფასებების პარალელურად კი ვხედავთ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მიერ გამოფენილ მედლებს, სიგელებს, სერტიფიკატებს, რომლებსაც მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადაში იღებენ. აქვე თვალშისაცემია ისიც, რომ უმეტესი მათგანი სწორედ ადგილობრივ ოლიმპიადებს ეხება და არა საერთაშორისო კონკურსებს. ბუნებრივია, არის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ქართველი მოსწავლეების წარმატების მაგალითებიც, თუმცა ეს უფრო გამონაკლის შემთხვევებად შეიძლება განვიხილოთ, რადგან საერთო სურათს თუ შევხედავთ, საერთაშორისო ასპარეზზე ნამდვილად არ ვბრწყინავთ.

სკოლების ფეისბუქ გვერდებზე მრავლად შეხვდებით ბავშვების სურათებს წარწერით: „ოლიმპიადაში გამარჯვებულები“, „ჩვენი სკოლა ამაყობს თქვენი მიღწევებით“, „ჩვენი სკოლა ასახელეს“ და ა.შ. რატომ არ არის განათლების დონე ამ წარმატებების პირდაპირპროპორციული? თუკი ათასობით მოსწავლეს ასე კარგად შეუძლია წაკითხულის გააზრება, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, რატომ ჩამოვრჩებით ყველა განვითარებულ ქვეყანას მოცემული კრიტერიუმებით? იქნებ, მთავარი პრობლემაც ის არის, რომ თავს ვიტყუებთ… თავს ვიტყუებთ სწორედ ამ „წარმატებებით“ და გვგონია, რომ საერთაშორისო სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. გვიხარია გაურკვეველ ოლიმპიადაში მაღალი ქულის მიღება მაშინ, როცა საერთოდ არ ვიცით ტესტის ხარისხი, მისი დონე…

სტატიაში ბევრი შეკითხვაა დასმული, რომლებზე პასუხიც არ გვაქვს. ეს იმიტომ, რომ როგორც ამ საკითხზე მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, აღნიშნული თემით არავინ დაინტერესებულა. არ გვხვდება არც ერთი კვლევა, არც ერთი შეფასების მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ოლიმპიადების ხარისხის დადგენა. გვხვდება მხოლოდ ქება-დიდება და მოსწავლეების გამარჯვებით ბედნიერი სკოლების/მშობლების კომენტარები.

განათლების სფერო რომ დიდი ხანია ბიზნესის გაკეთების კარგ საშუალებად იქცა, ეს ახალი ამბავი არავისთვისაა. ის, რომ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა ანუ მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი მოქმედებს, არც ამას სჭირდება კვლევების მოშველიება. ამიტომ, რა გასაკვირია, თუკი კერძო ოლიმპიადები სკოლებს მათთვის საჭირო დონეს შესთავაზებს, სადაც მოსწავლეები მარტივად შეძლებენ საუკეთესო შედეგების დადებას, თავად კი ამ ყველაფრით ფინანსურ სარგებელს მიიღებენ. კაცმა რომ თქვას, საწუწუნოც არაფერია, რადგან ყველა ბედნიერია – სკოლაც, გამარჯვებული ბავშვიც და რაც მთავარია მშობელიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ შვილის განათლებაში ფულს სწორად აბანდებს. მერე რა, თუ განათლების დონე დაბალია? როგორც ჩანს, ეს ამბავი დიდად არც არავის აწუხებს.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური