GE

რა ცვლილებები იგეგმება გრიფირების პროცესში – 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად განახლებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ ეტაპს იწყებს. მიმდინარე წელს VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყება, მომდევნო წლებში კი კონკურსი სხვა კალსებსაც შეეხება.

უწყებაში არ უარყოფენ, რომ წინა გრიფირების პროცესი ხარვეზიანი და ბუნდოვანი იყო. პროცესი წარიმართა გაუმჭვირვალედ და სახელმძღვანელოების არჩევისთვის სკოლებს არასაკმარისი ვადა ჰქონდათ.

„უნდა განვაცხადოთ, რომ განხორციელდა წინა გრიფირების პროცესის სრული ანალიზი, გამოვლენილი ხარვეზები, ექსპერტების შერჩევის და შეფასების გაუმჭვირვალე პროცესი, ბუნდოვანება სახელმძღვანელოების არჩევისას სკოლებისთვის მიცემულ მინიმალურ ვადაში, პროცედურების მუდმივი ცვლილება განხორციელების პროცესში და სხვა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი გრიფირების კონკურსის პირობები პროცესის დასაწყისშივე ცხადი და მკაფიო იქნება ყველასთვის და ადგილი არ ექნება გზადაგზა განხორციელებულ არსებითი ხასიათის ცვლილებებს. გამომცემლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შემდგომ დამტკიცდება რეცენზირების წესი, ასევე, შეფასების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები,“ – განაცხადა სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ჩიქობავამ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წელს   VII კლასის სახელმძღვანელოების კონკურსი გამოცხადდება, 2019 წელს კონკურსი საბაზო საფეხურის სხვა კლასების სახელმძღვანელოებისთვის იქნება, 2020 წელს გამოცხადდება საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოების კონკურსი. ხოლო ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის  რევიზიის დასრულების შემდეგ, 2021 წლიდან სკოლებში საბაზო და საშუალო საფეხურებზე სრულად დაინერგება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და მოსწავლეები განახლებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.

როგორც სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე. კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე და არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტორებისთვის მკაფიო გახდეს ეს მოთხოვნები სახელმძღვანელოების მომზადებისთვის. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფაზე; პირველ რიგში, უფრო მეტი დრო მიეცემათ გამომცემლებს სახელმძღვანელოების წერისთვის – მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი; გარდა ამისა, მეტი დრო დაიხარჯება თავად ავტორების მომზადებაზე: სახელმძღვანელოების ავტორებისთვის ჩატარდება ინტენსიური საგნობრივი კონსულტაციები, რომლებიც უკავშირდება თავად საგნის სტანდარტის გააზრებას, ასევე, შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებას. შეხვედრებს ექნება ყოველკვირეული სახე; სამინისტროს გარდა, თემატურ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების წერის პროცესში ავტორებისთვის არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – ამბობს მარიამ ჩიქობავა.

მისივე თქმით, გრიფირების პროცესში არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. კონკრეტულად ეს გახლავთ შინაარსობრივი კრიტერიუმები, რომელიც რაოდენობრივად შემცირდა, გახდა უფრო მოქნილი, მკაფიო და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებული.

რაც შეეხება ხარისხისა და ფასის კორელაციას – სახელმძღვანელოების ხარისხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბოლოო ქულის გაანგარიშებაში დაგეგმილია შემცირდეს ფასის წონა, ხოლო შინაარსის ხარისხის წონა კი გაიზარდოს. წინა გრიფირების დროს შეფარდება იყო ასეთი – 70% (შინაარსი) და 30%(ფასი), ამჟამად პროპორცია  ხარისხზე ორიენტირებული იქნება, კერძოდ –  90% – შინაარსის წონა, ხოლო 10% – ფასი.

სამინისტრო ცვლილებებს გეგმავს რეცენზენტებთან დაკავშირებითაც. უწყებაში ირწმუნებიან, რომ  წინა გრიფირებისგან განსხვავებით, შემფასებლების შერჩევის პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე. სახელმძღვანელოებს შეაფასებს გამსწორებელთა მხოლოდ ერთი ჯგუფი და აღარ იქნება დამატებითი კომისია.

სახელმძღვანელოები შეფასება კი რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, კონკრეტულად: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური