GE

რა ცვლილებებია მასწავლებელთა 2018 წლის საგნის გამოცდის უცხო ენის დავალებებში – რეკომენდაციები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხოური ენების მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი განმარტებით, 2018 წლის გამოცდის ფორმატი უცხოურ ენებში წინა წლების ფორმატის ანალოგიურია, თუმცა არის მცირედი ცვლილებები მე-3 და მე-6 დავალებების ინსტრუქციებსა და პასუხების მონიშვნის ტექნიკაში.

რა უნდა გაითვალისწინოს უცხო ენის გამოცდაზე გასულმა აპლიკანტმა:

  • მე-3 დავალების შესრულებისას (აბზაცები) კანდიდატმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ტექსტი და დებულებები, რომელიც ტექსტს მოსდევს (1-10). კანდიდატმა უნდა განსაზღვროს, ეს დებულებები სწორია თუ არასწორი. თუ დებულება სწორია, პასუხების ფურცლის ‘სწორია’ ნაწილში კანდიდატმა უნდა მონიშნოს შესაბამისი უჯრა, რომელიც აღნიშნავს იმ კონკრეტულ აბზაცს (A-F). სადაც მან ეს ინფორმაცია ნახა;
  • თუ დებულება არ არის სწორი, პასუხების ფურცლის ‘არასწორია’ ნაწილში, კანდიდატმა უნდა მონიშნოს შესაბამისი აბზაცის აღმნიშვნელი უჯრა (A-F). ყოველი დებულებისთვის (1-10) კანდიდატმა უნდა მონიშნოს მხოლოდ ერთი პასუხი.
  • მე-6 დავალების შესრულებისას კანდიდატმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს ტექსტის ყოველი სტრიქონი (1-10). შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში კანდიდატმა პასუხების ფურცელზე უნდა მონიშნოს შეცდომის შესაბამისი ტიპი A-I. თუ სტრიქონში შეცდომა არ არის, კანდიდატმა პასუხების ფურცელზე უნდა მონიშნოს ასო J.

„გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ გამოქვეყნებულ ტესტების ნიმუშებს და ინსტრუქციების მიხედვით შევსებულ პასუხების ფურცელს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში. გთხოვთ, ასევე ყურადღებით გაეცნოთ შეცდომების ტიპების ჩამონათვალს ოთხივე ენისთვის. შეცდომების ტიპების ჩამონათვალი კანდიდატს ეძლევა გამოცდაზეც“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება 2018 – ტესტების ნიმუშები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური