GE

რა დარღვევები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა მასწავლებლის სახლსა და ხარისხის განვითარების ცენტრში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა რამდენად ხდება ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენება სექტორულ სამინისტროებში და მათ დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, მაგალითისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებულ ორ სსიპ-ს შორს ურთიერთობა გააანალიზა და გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა.

სსიპ-ებსა და განათლების სამინისტროს შორის არსებული ანგარიშვალდებულების პროცესის შეფასების მიზნით, აუდიტის ჯგუფმა შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, განათლების სამინისტროს 2 სსიპ-ი შეარჩია: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ხარისხის ცენტრი) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მასწავლებელთა ცენტრი). აუდიტის პერიოდად განისაზღვრა 2016 და 2017 წლები.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შერჩეული სსიპ-ების ზედამხედველი პირების როლები და პასუხისმგებლობები ნათლად განსაზღვრული არ არის.

„განათლების სამინისტროს არც ერთ შიდა ბრძანებაში არ არის გაწერილი რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ ხარისხის ცენტრის და მასწავლებელთა ცენტრის ზედამხედველ პირებს მათი საქმიანობის მონიტორინგის პროცესში. კერძოდ, არ არის განსაზღვრული ზედამხედველი პირის მიერ მონიტორინგის მიზნით ინფორმაციის მოგროვების, მისი განხილვისა და აღნიშნულზე სათანადო რეაგირების ვალდებულება. შედეგად, შერჩეული სსიპ-ები შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს გზავნიან განათლების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში და არა შესაბამის ზედამხედველ პირთან. ამასთანავე, გაგზავნილ ანგარიშებზე დაყრდნობით, განათლების სამინისტროსგან შესაბამისი რეაგირების ამსახველი დოკუმენტაცია შერჩეულ სსიპ-ებს არ მიუღიათ. აღნიშნული შეაფერხებს შერჩეული სსიპ-ების საქმიანობის შედეგების შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, გაუმჯობესებაზე მიმართულ რეაგირებას განათლების სამინისტროს მხრიდან“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

დოკუმენტის თანახმად, ირკვევა, რომ ხარისხის ცენტრის საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში, ცენტრის 3 შედეგიდან ერთ-ერთ ძირითად შედეგზე წარმოდგენილია 10 შეფასების ინდიკატორი, საიდანაც 7 არ აკმაყოფილებს პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

რაც შეეხება მასწავლებელთა ცენტრს, 2017 წელს, მას ჰქონდა 13 ქვეპროგრამა, თუმცა საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში შედეგები და ინდიკატორები წარდგენილია მხოლოდ ხუთი  ქვეპროგრამისთვის.

„მაგალითად, შედეგები და ინდიკატორები არ არის მოცემული ქვეპროგრამაზე „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის ერთ-ერთ შედეგს, სსიპ-ის დეტალური დაგეგმვის დოკუმენტის მიხედვით, წარმოადგენს მაღალმთიან სოფლებში ვაკანტური ადგილების  შევსება. შედეგად, სამინისტროსთვის წლის ბოლოს უცნობი იქნება, რამდენად მიაღწია აღნიშნულმა ქვეპროგრამამ დასახულ შედეგს და ზედამხედველი პირი სრულად ვერ შეაფასებს სსიპ-ის საქმიანობას“, – ნათქვამია აუდიტის დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევები და რეკომენდაციები პარლამენტში  განიხილეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე, აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარებული აუდიტის მასალები წარადგინა და იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რაც მოკვლევის შედეგად გამოვლინდა. რეკომენდაციებზე მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო იზიარებს გამოვლენილ ხარვეზებს, შესაბამისად უწყების შიგნით უკვე დაწყებულია გარკვეული სამუშაოები და ივნისისთვის რეკომენდაციების შესრულება იგეგმება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური