GE

რა დავალებების შესრულება გაუჭირდათ მასწავლებელთა უცხო ენების გამოცდაზე გასულ აპლიკანტებს

დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები უცხოური ენების გამოცდაში წერით ნაწილს აბარებენ, ხვალ კი ისინი გამოცდის პრაქტიკულ ნაწილს ჩააბარებენ. აპლიკანტების ნაწილს დღეს კიდევ ერთი გამოცდა ქართული, როგორც მეორე ენაში აქვთ.

როგორც აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აცხადებენ, ტესტებში ყველაზე რთული შეცდომების გასწორება იყო. აღსანიშნავია, რომ აპლიკანტების თქმით, სხვადასხვა ენაში მოსული ტესტები ერთსა და იმავე შინაარსის იყო, ანუ ერთი და იგივე ტექსტი იყო სხვადასხვა ენაზე.

“რუსულ ენაში ვწერე გამოცდა და მიუხედავად იმისა რომ რუსულენოვანი ვარ, ვერ გეტყვით რომ მარტივი იყო. საკმაოდ დიდი დაკვირვება გჭირდებოდა. ორი მოსასმენი ტექსტი იყო, და კითხვებზე პასუხი უნდა გაგეცა, ასევე ოფიციალური წერილი იყო დასაწერი ესენი არ გამჭირვებია, ყველაზე რთული შეცდომების გასწორება იყო. მართალია, ვხვდებოდი სად იყო შეცდომა, მაგრამ რთული იყო ზუსტად იმის დაწერა რა ტიპის შეცდომა იყო. ზუსტად უნდა დაგეწერა და ეს გამიჭირდა. ასევე თემა იყო დასაწერი უნდა ერეოდნენ თუ არა მშობლები ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში და დავწერე, რომ თავიდან პატარა კლასებში უნდა ერეოდნენ აქტიურად, თუმცა უფროსკლასებში აღარ”,- გვითხრა 173-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტმა.

რაც შეეხება ინგლისურის გამოცდას, როგორც EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებლობის მსურველი ამბობს, ყველაზე დიდი პრობლემა ჩანაწერის მოსმენა იყო.

“ლისენინგი” იყო საშინელება. ძალიან ცუდად ისმოდა ხმა. ერთ-ერთი მოსასმენი იყო უცხოელზე, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და ღვინის ქარხანა გახსნა, რომ ძალიან მოსწონდა საქართველო. მეორე ტექსტი აღარ მახსოვს ზუსტად. მაგრამ 10 კითხვაზე იყო პასუხი გასაცემი. მარტივი იყო ოფიციალური წერილიც, ანუ სიტუაცია იყო რომ სამსახურს იწყებდი კომპანიაში თარჯიმნად და უნდა დაგეწერა რატომ იყავი შესაფერისი და მაინცდამაინც შენზე რატომ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი. შედარებით რთული იყო შეცდომების გასწორება, თითქმის ყველა ტიპის შეცდომა იყო მოსული. უნდა დაგეწერა დროები სწორი ფორმები და ა.შ. ეს ნაწილი ცოტა გამიჭირდა. სიმართლე გითხრათ, წელს მეორედ გამოვდივარ გამოცდაზე თუმცა დიდად მომზადებული არ ვარ ამიტომ არ ვიცი რამდენად წარმატებით მომიწევს ჩაბარება. შარშან ვიყავი და 3 ქულა დამაკლდა, მაშინაც საშინელება იყო მოსასმენი ტექსტი ხრიალებდა ხმა ისე ისმოდა. დღეს კიდე შედარებით გამოსწორებული იყო, თუმცა როგორც უკვე გითხარით პრობლემა მაინც იყო”,- გვითხრა ქეთევანმა.

ზუსტად მსგავსი ტიპის ტესტები ჰქონდათ ქართული, როგორც მეორე ენის გამოცდაზე გასულ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც. თუმცა მათთვის გამოცდა გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. “ვერ ვიტყვი რომ გამიჭირდა. საკმაოდ მარტივად დავწერე. ორი მოსასმენი ტექსტი იყო და 10 კითხვა. რთული არ ყოფილა მაგრამ საშინელი ხმა იყო ძალიან ცუდად ისმოდა. ოფიციალური წერილი იყო დასაწერი, უნდა წარმოგედგინა რომ ერთ-ერთ კომპანიაში იწყებდი მუშაობაა თარჯიმნად და წერილში საკუთარი თავი უნდა წარმოგეჩინა. რატომ ხარ შესაფერისი ამ ვაკანსიაზე, რატომ უნდა აგიყვანონ და ა.შ.”,- გვითხრა პედაგოგმა.

გამოცდიდან გამოსულმა კიდევ ერთმა აპლიკანტმა რომელიც ქართული, როგორც მეორე ენის გამოცდას წერდა დეტალურად გაიხსენა ის თემები, რომლებიც გამოცდაზე შეხვდა. „მოსასმენი ტექსტი იყო სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებაზე. გააზრებაში რ.ინანიშვილის „ფშავლები”, სადაც აღწერილია მოხუცი კაცის ახალგაზრდობაში თავს გადამხდარი ისტორია ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ნახვის შემდეგ. წინადადებების ჩასმა იყო ქართულ რელიგიურ და საგანმანათლებლო კერაზე საზღვარგარეთ. ტექსტიდან, რომელი აბზაცია სწორი და რომელი არა, ეს დავალება ქართველი ქალების უფლებებს ეხებოდა მეცხრამეტე საუკუნეში, თუ როგორ და რატომ უნდა მიიღონ ქალებმა საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა. ესე იყო, მშობლების ჩართულობაზე სასწავლო პროცესში, პროფესიული ცოდნა საკმაოდ ადვილი იყო. ბოლო დავალებაში გვეკითხებოდნენ, ილია ჭავჭავაძის რომელ ნაწარმოებს ურჩევდით კლასგარეშე საკითხავად მოსწავლეებს და რატომო”,- გვითხრა ცისანამ.​

შეგახსნებთ, რომ დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებდნენ: ქართული როგორც მეორე ენა, უცხოური ენა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან კი გამოცდაზე გამოცხადდა 67%-ზე მეტი.

გამოცდები 2018

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური