GE

რა დახმარებებს მიიღებენ მოსწავლეები და სტუდენტები ახმეტაში, ამბროლაურსა და ლაგოდეხში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან – დეტალები

ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებმა 2022 წლის სოციალური დაცვის პროგრამა შეიმუშავეს და შესაბამისი ბიუჯეტის დაამტკიცეს. ზოგ რეგიონში პრიორიტეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის კატეგორიას მიენიჭა. მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის სულ ერთია, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იქნება თუ არა 2022 წელს უმაღლესში ახლად ჩარიცხული თუ წარჩინებული სტუდენტი – ყველას დაეხმარება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 2022 წელს ყველა პირველ კურსზე ჩარიცხულ სტუდენტს ,,ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობით “ დაასაჩუქრებს – ამის შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დოკუმენტშია ნათქვამი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ერთჯერადად წაახალისებს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს და მათ 1000 ლარს გადასცემს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებში მოიაზრებიან ისინი, ვისაც ყველა საგანში 91 დან -100 ქულამდე ან/და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91 -დან ზემოთ ექნებათ ქულები.

ლაგოდეხის ბიუჯეტიდან სწავლების 500 ლარიან თანადაფინასებას მიიღებენ ასევე დედით და მამით ობოლი 18-დან 25 წლამდე სტუდენტები. 18 წლამდე ასაკის დედით და მამით ობოლი ბავშვები კი მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 100-100 ლარს მიიღებენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ დოკუმენტში წერია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე პირები ერთჯერადად, 300 ლარს მიიღებენ. მათთვის საახალწლო და სააღდგომო კალათის ღირებულება კი 150-150 ლარით განისაზღვრება.

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წლამდე უდედმამო პირებიც ასევე, 300 ლარს მიიღებენ და მათი საახალწლო და სააღდგომო კალათიც 150 ლარით იქნება განსაზღვრული. დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად კი მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად 50 ლარიან დახმარებას გამოყოფს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დოკუმენტში კი წერია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს ერთჯერადად 300 ლარი გადაეცემათ. 300 ლარი გადაეცემა ასევე იმ 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვს, რომლსაც ერთ-ერთი მშობელი ჰყავს გარდაცვლილი. ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში კი ბიუჯეტიდან მისთვის 600 ლარის ოდენობის თანხა გამოიყოფა.

ერთჯერადად, 500 ლარიანი დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური საფრთხის წინაშე (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე) მყოფ ბავშვს რომელსაც ესაჭიროება ფინანსური დახმარება. ამ მუხლით განსაზღვრული ფინანსური დახმარება გაიცემა ერთ ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე.

სად და რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს თითოეულმა ბენეფიციარმა და კიდევ ვისი დახმარებაა გაწერილი ზემოაღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტში, ამოიკითხეთ ბმულებზე:

ლაგოდეხი

ამბროლაური

ახმეტა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური