GE

რა ეღირება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება – კანონი

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასური განისაზღვრა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგინდა, რომ  1. იურიდიული პირისთვის პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) შესაბამისად განხორციელების უფლების მოპოვების საფასური თითოეული პროგრამისთვის შეადგენს 815 ლარს.

2. ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილების შესაბამისად, პროგრამის განხორციელების მიზნით, პროგრამის დადასტურების/ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საფასური თითოეული პროგრამისთვის შეადგენს 175 ლარს.

ბრძანებაში განმარტებულია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ  ხარჯებს,  ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების ხარჯებს, საბჭოს წევრთა ჰონორარს, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს და დამატებული ღირებულების გადასახადს, ხოლო ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული საფასურის ოდენობა მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ასევე მონიტორინგის პროცესთან დაკავშრებულ ხარჯებსა და დამატებითი ღირებულების გადასახადს.

საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი:

1. ამ დანართით გათვალისწინებული საფასურები გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, თანხის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით.

2. ამ დანართით განსაზღვრული საფასურები სრულად ბრუნდება:

ა)  ცენტრის მიერ განაცხადის განუხილველად დატოვების შემთხვევაში;

ბ) არაუგვიანეს, მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ცენტრის მიერ განაცხადის ფორმალური შესაბამისობის დადგენის ეტაპზე, იურიდიული პირის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოების შეწყვეტის შესახებ ცენტრისათვის წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოების შეწყვეტის შესახებ ცენტრში წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენიდან/ცენტრის მიერ განაცხადის განუხილველად დატოვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური