GE

რა ელის მეცნიერს, რომელიც ატესტაციას ვერ გაივლის და რატომ ეწინააღმდეგებიან უმაღლესები მათი საბჭოს წევრობას

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, სამეცნიერო კვლევითი ერთეულებს, უნივერსიტეტების სასწავლო, სამეცნიერო საქმიანობასა და მართვაში მონაწილეობის მიღება სრულფასოვნად შეეძლებათ. საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებული კანონის საბოლოო რედაქციით, კანონპროექტში მეცნიერის სტატუსი, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები მკვეთრად განისაზღვრა. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ აკადემიური პერსონალი, პროფესორები, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-მუშაკები 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას  სავალდებულო ატესტაციის გავლის შემდეგ შეძლებენ, ხოლო ატესტაციის ვერ გადალახვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეუწყდებათ ან დაბალ საფეხურზე გადაინაცვლებენ. ატესტაცია 5 წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

კონკრეტულად, ტესტირებისა და ატესტაციის პირობების შესახებ,  Aris.ge-განათლებას პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ესაუბრა. ქეთევან ებრალიძის განცხადებით, კანონის ახალი რედაქციის თანახმად,  თავდაპირველად, კონკურსი ინსტიტუტებში მთავარი მეცნიერ თანამშრომლების პოსტის დასაკავებლად ჩატარდება, რომლებიც სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საჭოს შექმნიან და ეს სამეცნიერო საბჭო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მმართველი ორგანო იქნება.

როგორც ებრალიძე განმარტავს, საბჭო შეიმუშავებს პროგრამებს, ატესტაციის პირობებს და აშ.

„პირველ ეტაპზე, ინსტიტუტებში  კონკურსი ჩატარდება, სადაც  მთავარი მეცნიერ თანამშრომლები აირჩევიან. არჩეული მთავარი  მეცნიერ თანამშრომლები  შექმნიან სამეცნიერო საბჭოს და წლის ბოლოს, გამოცხდადდება ატესტაცია. ატესტაციას უკვე  უფროსი მეცნიერ თანამშრომლები და მეცნიერ თანამშრომლები გაივლიან. ისინი ვალდებული იქნებიან ატესტაცია ხუთ წელიწადში ერთხელ გაიარონ. იმ შემთხვევაში, თუ ატესტაციას  ვერ ჩააბარებენ,  მეცნიერ თანამშრომლები  დაკავებული თანამდებობიდან  გათავისუფლდებიან ან დაბალ საფეხურზე გადაინაცვლებენ“, – განუცხადა Аris.ge-განათლებას ქეთევან ებრალიძემ.

ქეთევან ებრალიძე პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, საკმაოდ დიდ  კონკურსს პროგნოზორებს, რადგან მისი განცხადებით, ინსტიტუტში ბევრია ისეთი კადრი, რომლებიც მთავარი მეცნიერ თანამშრომლის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. „სამწუხაროდ, ალბათ, ამდენი ადგილი არ იქნება ინსტიტუტებში“,-განაცხადა ებრალიძემ.

ატესტაციის პირობების შესახებ Aris.ge განათლებას   ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი გელა გელაშვილიც ესაუბრა.

„ინსტიტუტებში კონკურსს  მხოლოდ მთავარი მეცნიერ თანამშრომლები ექვემდებარებიან და შემდეგ უკვე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გაივლიან  ატესტაციას. ატესტაციას გაივლიან უფროსი მეცნიერ თანამშრომლებიც. თუ აპლიკანტები ვერ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, შესაძლებელია დაბალ საფეხურზე გადაინაცვლონ ან უკიდურეს შემთვევაში,  გათავისუფლდნენ სამსახურიდან“,-განაცხადა გელა გელაშვილმა.

DSC_58060ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, შერჩეულ მეცნიერ მუშაკს უფლება ენიჭება, უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ საბჭოში წევრის სტატუსი მიიღოს. რაც იმას ნიშნავს რომ მეცნიერები უმაღლესების მართვაში მიიღებენ მონაწილეობას. კვლევითი ინსტიტუტიდან არჩეული თანამშრომლის აკადემიურ საბჭოში შეყვანის ვალდებულებას კი უნივერსიტეტს კანონი განუსაზღვრავს. ამ უკანასკნელს უნივერსიტეტების ადმინისტრაციების ნაწილი არ ეთანხმება, თუმცა მეცნიერ თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს უნივერსიტეტთან კონტაქტისათვის მათთვის მნიშვნელოვანი პირობაა.

„ახალი კანონმდებლობით გვაქვს საშუალება მონაწილეობა მივიღოთ მაგისტრანტების, ბალაკავრებისა და  დოქტორანტების მომზადებაში. ეს გარკვეულწილად, უნივერსიტეტის მართვაში რაღაც სახის მონაწილეობას ითხოვს.   სწორედ, აკადემიურ საბჭოში  წყდება დოქტორანტების და მაგისტრანტების საკითხები და აუცილებელია, ამ პროცესში   სამეცნიერო კვლევითი ინსიტუტების წარმომადგენლებიც მონაწილეოbდნენ. უნივერსიტეტს აქვს ბიუჯეტი. ჩვენ ინსტიტუტებს ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი. ინფრასტრუქტურა, პერსონალი, ატესტაციის, კონკურსების ჩატარების საკითხი და ალბათ, ეს ერთობლივად უმაღლეს სასწავლებლებთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. ეს არის კონტაქტი უნივერსიტეტებთან. ვფიქრობ, ერთად უნდა ვიზრუნოთ  მომავალი- ახალი კადრების მომზადებისთვის“, -განაცხადა Aris.ge-განათლებასთან პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ებრალიძემ.

უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ საბჭოში წევრის სტატუსის მიღებას, დადებითად აფასებს ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი  გელა გელაშვილიც.

„აუცილებლად გვეყოლება ერთი წარმომადგენელი უნივერსიტეტის სამეცნიერო  საბჭოში. უნივერსიტეტის საბჭო 14 წევრისაგან შედგება. იქ წყდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,  როგორიცაა სამეცნიერო მიმართულებები – როგორ უნდა წარიმართოს კვლევა, ფასდება მეცნიერების ნაშრომები – ანუ საბჭოს ბევრი ფუნქცია გააჩნია და იქ როდესაც ჩვენი წარმომადგენელი გვეყოლება – პირველი,  რომ უნივერსიტეტის ცხოვრების შესახებ ვიქნებით უფრო ინფორმირებულნი და მეორეც, ჩვენი წარმომადგენელი ჩვენი ინსტიტუტის ინტერესებს დაიცავს. სამცნიერო საბჭოს გარდა,  გვეყოლება აგრეთვე წარმომადგენლობით საბჭოში  რამოდენიმე  წევრი.   წარმომადგენლობით საბჭოში მტკიცდება ბიუჯეტი.  აქამდე ბიუჯეტი ისე მტკიცდებოდა  და ისე განიხილებოდა საკითხები,  რომ განხილვას  ვერ ვესწრებოდით,   რადგან  იქ  ჩვენი წევრი არ იყო.  ახლა 2-3 თანამშრომელი მაინც იქნება იმ წარმომადგენლბით საბჭოში  და მონაწილეობას მივიღებთ ასეთ განხილვებში,  ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვან ბიუჯეტის განხილვაში“,-განაცხადა გელა გელაშვილმა.

უმაღესი სასწავლებლის აკადემიურ საბჭოში, ინსტიტუტების წარმომადგენლების  წევრის სტატუსის მინიჭებას, უნივერსიტეტების ადმინისტრაციების ნაწილი არ ეთანხმება.

ამ პროცესში სირთულეებზე საუბრობს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი  არჩილ ფრანგიშვილი.

„სამეცნიერო დაწესებულებები არის სხვადასხვა დონის. ზოგი ძალიან ძლიერი, დიდი კვლევითი ინსტიტუტია და მათ რა თქმა უნდა, თავიანთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ. ეს აბსოლუტურად სწორია, მაგრამ არის კვლევითი ინსიტუტები, რომლებიც შედარებით მცირეა და რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები ამ შემთხვევაში, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს აკადემიური საბჭო.  პრობლემა პრაქტიკულად, დაბალანსებისა არ არსებობს, უბრალოდ, გაიზრდება აკადემიური საბჭო, მაგრამ აკადემიური საბჭო მართვის კუთხით ძნელად ოპერატიული ხდება. ჩვენ შემთხვევაში, ყველა სერიოზული გადაწყვეტილებები აკადემიურ საბჭოზე მიიღება, საკმაოდ ხშირად  გვიწევს, კვირაში ერთხელ მაინც შეკრება და საკითხების გადაჭრა, ამიტომ ეს იქნება საკმაოდ დიდი საბჭო და ოპერატიული მართვის საკითხები უფრო ძნელად გადაწყდება ვიდრე აქამდე იყო“,-განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა და დასძინა, რომ  „ამაში კატასტროფას ვერ ხედავს“, თუმცა აღნიშნავს, რომ ინსტიტუტების რეორგანიზაცია უნდა მოხდეს.

კითხვას – გააჭიანურებს თუ არა ეს გადაწყვეტილებების მიღებას,  არჩილ ფრანგიშვილი აცხადებს: „ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 19 პიროვნებისგან შედგება. ჩვენთან 14 კვლევითი ინსტიტუტია ინტეგრირებული და საბჭოს სავარაუდოდ, 14 აკადემიური წევრი დაემატება.  19+14 ეს უკვე რთულია ოპერატიული მმართველობის თვალსაზრისით. უბრალოდ, რთულდება, თორემ ხარისხი მიღებული გადაწყვეტილებების არავითარ შემთხვევაში არ გაუარესდება“,- ამბობს ფრანგიშვილი.

“ჩვენ არ ვიცით, რამდენ ინსტიტუტს ექნება ის სტატუსი, რომ თავისი წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში შეიყვანოს”, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტოგი გიგა ზედანია

ინსტიტუტების რეორგანიზაციაზე საუბრობს თსუ-რექტორი ვლადიმერ პაპავაც.

როგორც Аris.ge – განათლებასთან პაპავა აცხადებს, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ზოგიერთი ინსტიტუტის წარმომადგენელი ვერ მოხვდება. მისი  განმარტებით, კანონის მიხედვით, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში წევრის ყოლის უფლებას ის ინსტიტუტი მოიპოვებს, რომელსაც დამოუკიდებელი სამეცნიერო საუნივერსიტეტო ინსტიტუტის სტატუსი ექნება.

„ამჟამად, თსუ-ში 14 ინსტიტუტია ინტეგრირებული,  მაგრამ რამდენიმე ისტიტუტი ალბათ გავა უნივერსიტეტიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს მიიღებს,  ასეთი ინსტიტუტის წარმომადგენელი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ვერ მოხვდება.   ანუ ზოგიერთი ინსტიტუტი საფაკულტეტო სტატუსს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საფაკულტეტო სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტი იქნება და მისი წარმომადგენელი აკადემიურ ფაკულტეტის საბჭოში იქნება. შესაბამისად, რაიმე კონკრეტულის თქმა,  სანამ არ გაირკვევა რომელი უნივერსიტეტი რა სტატუსს მიიღებს რთულია.

ეს კანონის მოთხოვნაა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტები სხვადასხვა სტატუსს მიიღებენ. მთავრობას, კრიტერიუმების ჩამოსაყალიბებლად, თუ რომელი ინსტიტუტი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის,  ამა წლის პირველ ივნისამდე აქვს. რაც შეეხება  უნივერსტეტის შიგნით, რომელი ინსტიტუტი იქნება საფაკულტეტო და რომელი საუნივერსიტეტო,  ამაზე  ინტენსიურად ვმუშაობთ და პროექტი მარტში გვექნება მზად“,-განაცხადა ვლადიმერ  პაპავამ.

თსუ-რექტორის თქმით, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში მხოლოდ იმ  ინსტიტუტებს ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენლები, რომლებიც საუნივერსიტეტო დამოუკიდებელი ერთეულები იქნებიან.

„არ  ვფიქრობ,  რომ ასეთი ინსტიტუტი  ბევრი იქნება.  ასეთი ინსტიტუტები განსაკუთრებულად გამორჩეულნი და  წარმატებულნი უნდა იყვნენ. ის ინსტიტუტები კი, რომლებიც არ არიან გამორჩეულად წარმატებულები, იქნებიან  საფაკულტეტო დამოუკიდებელი ინსტიტუტები  და მათ წარმომადგენელი ეყოლებათ საფაკულტეტო საბჭოში“,-განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

მეცნიერ თანამშრომლები წუხილს გამოთქვამენ, რომ კანონის მიღების შემდეგ, უმაღლესი სასწავლებლის რექტორებთან  შეხვედრა არ ყოფილა და  ცვლილების ზოგიერთ ასპექტზე მოსაზრებები არ შეჯერებულა.

როგორც გაგრძელდება უმაღლეს სასწავლებლებთან ინსტიტუტების ინტეგრაციის და რეორგანიზაციის  პროცესი  კანონის პრაქტიკაში განხორციელებისას ვიხილავთ.

„ალბათ, ვიღაც ჭკვიანმა იფიქრა, –  პროფესორების  ტესტირებასაც ,,ნაეკი” ჩაატარებსო“

„ეს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში ჩარევაა”,- რა ხარვეზებს ხედავენ მეცნიერების სტატუსის განსაზღვრაში

მოამზადა თამთა ასანიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური