GE

რა ფუნქციები დააკისრეს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტს

საქართველოს მთავრობამ განათლების და მეცნიერების სამინისტროს დებულებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც უწყების პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციები შეიცვალა. მთავრობის დადგენილება 23 ივლისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის ახალი ვერსის თანახმად პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

ა) პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

ე) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ზ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა;

თ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;

ი) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.

პროფესიული განათლების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური