GE

რა გადაცდომები გამოავლინა აუდიტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ნაწილში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2019 წელს პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტს აქვეყნებს.

როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, შემოწმების შედეგად გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, მათ შორის პროგრამით გაწეული არამართლზომიერი ხარჯები, პროგრამების ან ქვეპროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას არსებული ხარვეზები.

„ქვეპროგრამა „სამუსიკო დიალოგის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების ჩასატარებლად განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა გამოცხადებული ტენდერით გამოვლენილ გამარჯვებულთან. თუმცა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეცვლის მიუხედავად, ხელშეკრულებაში არ განხორციელებულა შესაბამისი ცვლილება, რითაც დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვა.

ქვეპროგრამა „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის“ ფარგლებში საბიუჯეტო სახსრები სრულად ვერ იქნა ათვისებული, რითაც საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იქნა გამოყენებული. ქვეპროგრამა „ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის პედაგოგთა ტრენინგი“ არ განხორციელდა. ასევე არ განხორციელებულა ქვეპროგრამა „მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი შეხვედრების ორგანიზების“ ფარგლებში ღონისძიება „ქალის როლი საზოგადოებაში“, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილ ხარვეზებს, აუდიტის ინფორმაციით გადაცდომები გამოვლინდა როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების ეტაპებზე.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ ქვეპროგრამის − „საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისთვის“ ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ შეისყიდა სსიპ − „თეთრი ტალღის“ მომსახურება, რაც გულისხმობდა საახალწლო ზეიმის ჩატარებას დევნილი ბავშვებისათვის თბილისსა და ზუგდიდში. ღირებულება აღემატებოდა შესყიდვების კანონმდებლობით დაწესებულ მონეტარულ ზღვარს და ქვეპროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული აქტივობა წარმოადგენდა ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებაზე გაწეულ ხარჯს. შესაბამისად მომსახურების შესაძენად უნდა გამოცხადებულიყო ელექტრონული ტენდერი, რაც არ განხორციელდა.

„რაც შეეხება დაგეგმვის ნაწილს, სამინისტროს მიერ წარდგენილი შესყიდვების წლიური გეგმა არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად განხორციელებული წლიური ხარჯებით წარმოდგენილ მონაცემებს, კერძოდ, წლიურ გეგმაში არ იქნა შეტანილი 34,029 ლარის ცვლილება, რაც მიუთითებს შესყიდვების დაგეგმის/განხორციელების პროცესში არსებულ კონტროლის მექანიზმების მნიშვნელოვან ხარვეზებზე“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში ასევე მოყვანილია ის ფაქტობრივი გარემოებები, სადაც სამინისტროს საქმიანობის ხარვეზები გამოვლინდა. მაგალითად ანგარიშში წერია, რომ „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“ ქვეპროგრამის ფარგლებში ვერ იქნა ათვისებული დაგეგმილი 47,699 ლარის საბიუჯეტო სახსრები. კერძოდ, დაგეგმილი ღონისძიებით − უცხოეთში სწავლის დაფინანსება, არ გამოხატეს დაინტერესება პოტენციურმა ბენეფიციარებმა, რადგან ობიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ქვეპროგრამით გაწერილი მოთხოვნა სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნების შესახებ არ იყო მისაღები. თუმცა ზოგადი ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნულის შესახებ ქვეპროგრამის დაგეგმა-დამტკიცების ეტაპზეც ცნობილი უნდა ყოფილიყო პროგრამის განმახორციელებელთათვის.

„ქვეპროგრამა „ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულის ენის პედაგოგთა ტრენინგი“ არ განხორციელდა, რადგან პირველ ეტაპზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ხოლო შემდგომ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერი განათლების სამინისტროს მიერ შეწყდა და დასაბუთებაში მიეთითა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან პედაგოგების გადმოყვანა ვერ მოხდებოდა ოკუპირებული რეჟიმის მიერ საზღვრის გადმოკვეთის გამკაცრების გამო“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

ხარვეზების აღმოფხვროისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სამი სახის რეკომენდაციას აძლევს:

1. სამინისტრომ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი ეფექტური მექანიზმები, რომლებიც გამარტივებული შესყიდვის შეზღუდულ ვადებში განხორციელებისას, უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების მართლზომიერ და ეკონომიურ ხარჯვასა და შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის რისკების თავიდან აცილებას.

2. სამინისტრომ და პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა სამსახურებმა, პროგრამების ან ქვეპროგრამების შემუშავებისას უზრუნველყონ მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების მეთოდოლოგიასთნ შესაბამისობაში მოყვანა, ასევე პროგრამის სამიზნე ჯგუფებისა და მათი მოთხოვნების სათანადოდ შესწავლა, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი პროგრამული ბიუჯეტის შესრულებასა და პროგრამებით ან ქვეპროგრამებით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.

3. სამინისტროს მიერ გამკაცრდეს კონტროლი, საქონლის/მომსახურების შესყიდვის საშუალების განსაზღვრისას, 5000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის დროს, ტენდერის პროცედურების ჩატარების აუცილებლობაზე, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნასა და ეკონომიურობის პრინციპის დაცვას. ასევე ფაქტობრივი შესყიდვების, გეგმასთან შეუსაბამობის რისკების შესამცირებლად შემუშავდეს დამატებითი კონტროლის ქმედითი მექანიზმი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური