GE

რა გამოცდილება მიიღეს კოვიდგადატანილმა აბიტურიენტებმა და როგორია მათი საგამოცდო განწყობა – დამატებითი სესიები დაიწყო

გასული წლისგან განსხვავებით, წელს განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, კონკურსისთვის არ ჩამოეშორებინა ის აბიტურიენტები, რომლებსაც COVID-19 გამოცდის დასაწყისში, ან გამოცდის მიმდინარეობისას დაუფიქსირდათ. ყველა რეგულაციის დაცვით, მათთვის გამოიყო დამატებითი საგამოცდო სესიები. ასეთ აპლიკანტთა რაოდენობა კი ასობით არის.

დღეს გამოცდა კოვიდგადატანილ აპლიკანტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში უტარდებათ. რიცხვობრივად, ყველაზე მეტი აბიტურიენტი 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრშია გადანაწილებული. EDU.ARIS.GE სწორედ ამ ცენტრს ესტუმრა. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებს ვთხოვეთ ესაუბრათ იმ გამოცდილებასა და ემოციებზე, რომლებიც ამ მძიმე პერიოდში მიიღეს.

ანა, მომავალი ჟურნალისტი: ,,ინფექცია გამოცდების დაწყებამდე 5 დღით ადრე დამიდასტურდა, ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი, დავდიოდი რეპეტიტორთან და არც ვფიქრობდი, თუ ასეთი რაღაც მოხდებოდა, თუმცა მოხდა. უსიმპტომო ვიყავი და არ გამრთულებია, თუმცა მთელი ეს პერიოდი სახლში გავატარე, მეცადინეობებს zoom-ში ვესწრებოდი. გამოვტოვე 2 გამოცდა ქართული ენა და ლიტერატურა და ინგლისური, მინდა მადლობა გადავუხადო ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და კონკურსს გარეთ არ დაგვტოვა, იმედია, დღეს ყველანი კარგად დავწერთ და პირობებიც შესაბამისი იქნება.”

ანასტასია, მომავალი ექიმი: ,,პირველი გამოცდიდან 2 დღით ადრე დამიფიქსირდა ინფექცია და დღეიდან დაიწყო ჩემთვის საგამოცდო დღეების ათვლა, არ ვნერვიულობ, უბრალოდ სისუსტეს ვგრძნობ და იმედია, რომ ყველა პირობა ისეთი დაგვხვდება, რომელიც ჩვენზე იქნება მორგებული.”

აბიტურიენტები იმედს იტოვებენ, რომ უკვე გამოყენებული ვარიანტებიდან რაღაც საკითხები მაინც გამეორდება და გამოცდა მათთვის უფრო მარტივი იქნება.

დამატებითი სესიები, რომელიც აბიტურიენტებისთვის უნდა ჩატარდეს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ასეთი განრიგით გაიმართება:

ქართული ენა და ლიტერატურა – 21 ივლისი (II სესია);

მათემატიკა – 23 ივლისი (II სესია);
უცხოური ენა – 25 ივლისი (II სესია);

ისტორია – 27 ივლისი (II სესია).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური