GE

რა გამოწვევები შექმნა დისტანციურმა სწავლებამ შშმ პირთათვის და რა შეგვიძლია ვისწავლოთ პანდემიისგან

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის ვებგვერდზე სტუმრის ბლოგში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შშმ პირთა უფლებების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ეკატერინე სხილაძემ პანდემიის გავლენასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უკვე ორი წელია პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გაართულა შშმ პირთა ძირითადი უფლებების რეალიზება. მათ შორის არის განათლების უფლებაც.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, სახელმწიფოთა უმეტესობა ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და უზრუნველყოს მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნას წარმოადგენს.

პანდემიის დასაწყისში, მთავარი ყურადღება ეთმობოდა შშმ პირებისათვის ჯანდაცვისა და სხვა აუცილებელ სერვისებზე მისაწვდომობის უზრუნველყოფას. თუმცა, მალე გაირკვა, რომ პანდემია მათ ფუნდამენტურ უფლებებზე ბევრად უფრო დიდ გავლენას ახდენს.

პანდემიის გამოწვევები

პანდემიამ გააღრმავა არსებული უთანასწორობა და კიდევ უფრო გაართულა შშმ პირებისთვის ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების მიღება, რაც იწვევს მათ სოციალურ გარიყულობასა და სიღარიბეს, აფერხებს მათი დასაქმების უფლების რეალიზებას და ამცირებს მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

გარდა ამისა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ მრავალი გამოწვევა შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხარისხიანი განათლების მისაწვდომობის თვალსაზრისითაც. ძირითად დაბრკოლებებს შორისაა:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის მიზნობრივი პოლიტიკის არარსებობა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას.
  • ინტერნეტსა და საჭირო ტექნიკაზე არასაკმარისი წვდომა, განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკურ პირობებში და სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის.
  • დისტანციური სწავლების შესაბამისი ინსტრუმენტების ნაკლებობა, განსაკუთრებით სენსორული და ფსიქო-სოციალური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ბავშვებისთვის.
  • საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებული ონლაინ პლატფორმების მოქნილობისა და ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების, მათ მშობლებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობის და მათთან კონსულტაციების ნაკლებობა ან არარსებობა განათლებასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებისას.
  • ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საქმიანობა პანდემიის პირობებში ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მიერ ამ მიმართულებით რთული სიტუაცია ფიქსირდება მთელს ევროპაში. ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები ფართოდ იყვნენ ჩართულნი ამ კუთხით პანდემიის დაწყების დღიდან, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შშმ პირთა უფლებების სამუშაო ჯგუფის მეშვეობით. წევრები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას მათი ქვეყნების პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ, რამაც ცხადყო, რომ პანდემიის ადრეულ ეტაპებზევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები საგანმანათლებლო სისტემის მიღმა აღმოჩდნენ მრავალ ქვეყანაში.

საკითხის მუდმივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2021 წლის ნოემბერში გამართეს ვებინარი, რომელსაც ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შშმ პირთა უფლებების სამუშაო ჯგუფის წევრები და სხვა ევროპელი და საერთაშორისო დაინტერესებული პირები.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ სიტუაციებზე, რომლებშიც ისინი აღმოჩდნენ, ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე ინკლუზიური განათლების ადვოკატირების კუთხით და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 24-ე მუხლით განსაზღვრული სტანდარტების მნიშვნელობაზე.

მაშასადამე, როგორ შევქმნათ ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემები ციფრულ ეპოქაში?

შშმ პირთათვის ხარისხიანი, ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ საგანმანათლებლო სისტემის ინკლუზიურობის ადვოკატირებისთვის. ეს არის ოცდამეერთე საუკუნის ადამიანის უფლებათა პირველი ხელშეკრულება, რომელიც ეხება ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მისაწვდომობას.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მეორე ზოგადი კომენტარის მიხედვით, საინფორმაციო ტექნოლოგიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველსაყოფად, და ასევე მათი სოციალიზაციისა და ინკლუზიის ხელშეწყობისთვის.

ევროპის ქვეყნების 2021-2027 წლების განახლებული ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის განათლების მისაწვდომობას. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის განხორციელება მხედველობაში იღებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებს.

ამგვარმა ხელშეკრულებებმა და გეგმებმა შეიძლება უზრუნველყონ, რომ დისტანციური სწავლების დანერგვას თან ახლდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ზომები. პანდემიის დროს ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები და სახელმძღვანელო წესები შშმ პირთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად. სხვა ქვეყნებმაც უნდა განახორციელონ ამგვარი ან მსგავსი კარგი პრაქტიკა.

განათლების მუდმივი გაციფრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მიმდინარეობდეს: ამ პროცესმა კი არ უნდა გაზარდოს, არამედ უნდა აღმოფხვრას ბარიერები.

ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს ამ მიმართულებით უნიკალური როლი აქვთ. ისინი გააგრძელებენ შშმ პირთა განათლების უფლების დაცვის მონიტორინგს. ამავე დროს, ისინი ურჩევენ ეროვნულ დონეზე პასუხისმგებელ ორგანოებს განახორციელონ აუცილებელი ცვლილებები კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში.

2022 წელს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შშმ პირთა უფლებების სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს რეგულარულ შეხვედრებს და ასევე გეგმავს რეგიონალური კვლევის ჩატარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ კვლევა ხელს შეუწყობს განათლების უფლების რეალიზებას მთელ ევროპაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი