GE

რა გახდა ლიტერატურის გამოცდაზე აპლიკანტის 10 წუთით დაყოვნების მიზეზი და რა საკითხები წერეს აპლიკანტებმა

2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა შემდეგი არჩევითი საგნის, ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს. წელს აღნიშნულ გამოცდაზე 3 300 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული.

177-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებით, გამოცდა ლიტერატურის დეტალურ ცოდნას მოითხოვდა და ის რადიკალურად განსხვავდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისგან. ზოგიერთი აბიტურიენტის აზრით კი, უმჯობესი იქნებოდა გამოცდაზე მეტი დრო ჰქონოდათ.

ნინო ქიმაძემ EDU.ARIS.GE-სთან იმ თემების შესახებ ისაუბრა, რომლებზე მსჯელობაც მოუწია და აღნიშნა, რომ არც ესეები და არც კითხვები რთული არ იყო.

”ერთი თემა შეეხებოდა ბარათაშვილის ”მერანს”, რომლის შესახებაც პაოლო წერდა, რომ ეს ლექსი მეოცე საუკუნის ბოლომდეც ვერ მიაღწევდა. სხვა ნაწარმოებებიდან უნდა მოგვეყვანა მაგალითები და გვემსჯელა პაოლოს მოსაზრებაზე. მეორე თემა კი ორი ნაწარმოების შედარების მიხედვით უნდა დაგვეწერა. ერთი ამონარიდი იყო ვაჟას ,,სტუმარ-მასპინძელიდან” კერძოდ, ზვიადაურის მკვლელობის ამბავი. მეორე ნაწარმოები კი იდეურად განსხვავდებოდა ვაჟას მოთხრობიდან. აქ საზოგადოება შემწყნარებლობას იჩენს და პერსონაჟს მკვლელობას პატიობს. უნდა დაგვეწერა ამ ნაწარმოებების შედარება და გვემსჯელა ზვიადაურის ვაჟკაცობაზე. ამ საკითხებზე წერა არ გამჭირვებია. არც კითხვები იყო რთული, ნახევარზე მეტს ტექსტიც ჰქონდა მოცემული. საბოლოო ჯამში გამოცდა რთული არ იყო, ნახევარი საათით ადრე გამოვედი. თუმცა, თუ კარგად არ იცნობ იმ ნაწარმოებებს, რომლების ანალიზიც უნდა გააკეთო, ვერაფერს ვერ დაწერ. ლიტერატურას ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ვერც შევადარებ. თემები შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ ლიტერატურის გამოცდაზე 30 ღია კითხვაზე გვიწევს პასუხის გაცემა. ეს გაცილებით ღრმა ცოდნას მოითხოვს”, – ამბობს ნინო.

მისგან განსხვავებით, აბიტურიენტი თათია გოგოტიშვილი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ გამოცდაზე მეტი დრო ექნებოდათ.

,,შესადარებლად მოცემული იყო ორი ტექსტი. ერთი ,, სტუმარ-მასპინძელი” და მეორე არაპროგრამული რუსი მწერლის ნაწარმოები, რომლის სახელიც არ მახსოვს. ეს სამსჯელად მარტივი იყო. არგუმენტირებული ესე უნდა დაგვეწერა პაოლოს ლიტერატურული ესეს მიხედვით, სადაც წერდა, მეოცე საუკუნის პოეტები და ლექსები 50-იანებამდეც ვერ მიაღწევენო და მაგალითად მოყვანილი ჰყავდა ”მერანი”, რომელიც მისი თქმით, უკვე დაჩაჩანაკებულია და დასვენება სჭირდება. ასევე, 6 ღია კითხვა იყო ”ვეფხისტყაოსნის” შესავლიდან და და შესწავლილი ნაწარმოებებიდან, მათ შორის ჰაგიოგრაფიიდან გვქონდა თითო კითხვა. არაფერი არ ყოფილა ისეთი, რასაც არ მოველოდით, მხოლოდ ერთი არაპროგრამული ნაწარმოები მოვიდა, თუმცა იმ დავალებაში დასაშვებია, რომ ორივე ტექსტი უცნობი იყოს. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, მეტი დრო გვქონოდა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას მხოლოდ იმით თუ შევადარებთ, რომ ორივე გამოცდაზე თემებია საწერი, თუმცა იქ ტესტი მოცემულია“,- ამბობს თათია.

მარიამ ქანთარია გამოცდას დროის ამოწურვამდე 45 წუთით ადრე მორჩა, თუმცა გაუგებრობის გამო დამკვირვებლებმა 10 წუთი შეაყოვნეს. მისი შეფასებით, ლიტერატურის გამოცდა საშუალო სირთულის იყო.

“გამოცდა პროგრამის დეტალურ ცოდნას მოითხოვდა, ისეთი არაფერი იყო, რაზეც ნამუშევარი არ გვქონდა. საბოლოოდ, საშუალო სირთულის გამოცდა იყო. 45 წუთით ადრე მოვრჩი ყველაფერს, თუმცა 10 წუთი დამაყოვნეს, რადგან სამუშაო ფურცლების რაოდენობა არასწორად ჰქონდათ ჩაწერილი. 2 ფურცელი ავიღე და მათ 3 ეწერათ. აღმოჩნდა, რომ სხვას ჰქონდა მეტი და მასზე ცოტა ეწერათ”, – ამბობს მარიამი.

დრო საკმარისი არ აღმოჩნდა ნინი მამალაძისთვისაც, თუმცა მაინც აღნიშნავს, რომ გამოცდა რთული არ იყო; ,,15 წუთით მეტი დრო რომ მქონოდა, პაოლოს წერილის მიხედვით უკეთეს თემას დავწერდი, თუმცა მაინც ვერ ვიტყვი, რომ გამოცდა რთული იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისგან ეს გამოცდა პრინციპით არ განსხვავდება, თუმცა საკითხების უფრო დეტალურ ცოდნას და მსჯელობის უნარს მოითხოვს”, – აღნიშნავს ნინო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ლიტერატურის გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 96% გამოცხადდა. ხვალ აბიტურიენტები კიდევ ერთ არცევით საგანს – ბიოლოგიას ცააბარებენ.

გამოცდები 2018

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური