GE

რა გეგმები გვაქვს 2018 წელს – EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა–ახალ წელს!

ძვირფასო არის.ჯი -განათლების მეგობრებო,

გვინდა მოგილოცოთ დამდეგი 2018 წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული! გისურვებთ ჯანმრთელობას,  მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას,  წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში!

დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2017 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად ყოფნისათვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თქვენი აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრებების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.

დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს  ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იქნება.

2017 წლის განმავლობაში, კიდევ 20%-ით გაიზარდა EDU.ARIS.GE-ს რეიტინგი, რაც მომხმარებლების რაოდენობაში გამოიხატა. 2017 წელს, განათლების დაინტერესებულმა  თითქმის 2,800,000-მა  მომხმარებელმა ჩვენს საიტზე 16 მილიონი გვერდი დაათვალიერა.

2017 წელს ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლებისათვის ესეების კონკურსი წარმატებით ჩავატარეთ, გამოკითხვის შედეგად,  ჩვენი ცნობადობა სკოლებში 86%-ს გასცდა.

2018 წელს ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მისი სტრუქტურების მიერ გეგმების შესრულების პროცესსა და შედეგებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მუშაობას დავუთმობთ.

2018 წელს ჩვენ შვილობილი, სკოლებთან დაკავშირებული პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, შედეგად ბევრად მეტ ყურადღებას სკოლებში მიმდინარე პროცესებს მივაქცევთ.

რასაკვირველია, კიდევ უფრო ყურადღებიანნი ვიქნებით მასწავლებლების პროფესიული ცხოვრების საკითხების მიმართ. გპირდებით, რომ გამოვაქვეყნებთ მეტ საინტერესო ინფორმაციას, ვიქნებით ოპერატიულები და ობიექტურები!

გმადლობთ, რომ ხართ ჩვენთან ერთად,

სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი 2018 წელი,

არის.ჯი- განათლების გუნდი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური