GE

რა ღირებულებები აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდ სკოლას, რომელსაც 32 000 მოსწავლე ჰყავს – მონსოურის სკოლის ისტორია

მსოფლიოში ყველაზე დიდი სკოლა ინდოეთის უტარ პრადეშის შტატის ქალაქ ლაქნაუშია. მონსოურის სკოლაში  მოსწავლეების რიცხვი ყოველწლიურად იცვლება. ამჟამინდელი ინფორმაციით, იქ  განათლებას 32 000 ბავშვი იღებს. მოსწავლეთა ყველაზე დიდ მაჩვენებელს სკოლამ 2015 წელს მიაღწია, როცა რაოდენობამ 52 000-ს გადააჭარბა, კლასში კი, დაახლოებით, 1050 ბავშვი იყო. სკოლა გინესის რეკორდების წიგნში ჯერ კიდევ 2000 წელს მოხვდა, როცა მოსწავლეთა რაოდენობა 22 600-ზე მეტი იყო. 2012 წელს მონსოურის სკოლაში მოზარდთა რაოდენობა 40 000-ს აღწევდა, მასწავლებელთა რაოდენობა კი  2 500 გახლდათ.

მონსოურის სკოლა 1959 წელს ჯადიშ განდიმ და მისმა მეუღლემ ბარტიმ დააარსეს, რომელსაც ფსიქოლოგიის მიმართულებით დოქტორის ხარისხი აქვს. სკოლის წარმატების მიზეზი მათი ენთუზიაზმი და ქარიზმა გახდა. მათ მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც სკოლისადმი ერთგულების სურვილი გაუღვიძეს. სკოლის პირველი აღსაზრდელები ერთი ოჯახის 5 შვილი იყო.

„აქ არის უამრავი სკოლა და ვერასდროს ვიფიქრებდით, თუ ჩვენი სკოლა მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი გახდებოდა“, – ამბობს ჯადიში.

ჯადიში განდის ნამდვილი სახელი და გვარია ჯადიშ აგრავალი. განდი კი მან სულიერი ლიდერის მაჰათმა განდის პატივსაცემად დაირქვა.

ტიტან სკოლებს შორის ერთ-ერთი ლიდერია ბრიტანეთის  დევონის სკოლა, სადაც გადაჭედილი საკლასო ოთახებისთვის საკმარისი რაოდენობის პერსონალი არაა, განსხავებით მონტესორისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მონტესორის სკოლა გიგანტია, ეს არაა მასებზე გათვლილი სასწავლებელი, თუმცა ამავე ქალაქის ელიტურ სკოლებთან შედარებით, მისი საფასური 25%-ით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ის ელიტურ საზოგადოებაზეა გათვლილი და მოსწავლეებსა თუ მშობლებს რიგ უპირატესობებს სთავაზობს. საინტერესოა, რომ აქ არ არის დახარისხებული კლასები წარჩინებულთათვის ან მსგავსი ნიშნით დაყოფილი ბავშვები. აქ უბრალოდ უამრავი რესურსია.

ჯერ კიდევ 2015 წელს ჟურნალ „გარდიანთან“ საუბრისას, მოსწავლეები ამბობდნენ,  რომ სკოლაში მიმდინარეობს მულტიმედიური სწავლება და გაკვეთილები ინოვაციურად ტარდება.  სკოლის ღირებულებებზე საუბრისას მშობლები ტოლერანტობის, მორალური და რელიგიური საკითხების სწავლებას გამოყოფენ.

„არსებობს სკოლები, რომლებიც კარგი განათლების მიღების საშუალებას იძლევა, თუმცა ეს სკოლა ზრუნავს მოსწავლეების პირად განვითარებაზე, ჰყავთ კარგი აკადემიური პერსონალი და აქვთ მაღალი მორალური ღირებულებები“, – ამბობს მანოო აგრავალი, რომლის ორივე შვილიც მონსოურის სკოლაში სწავლობს.

აღსანიშნავია, მასწავლებლების ხელფასებიც, რომელიც აქ საჯარო სკოლების პედაგოგების ანაზღაურებას აღმატება. ასევე, ისინი იღებენ პრემიებს კლასის მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. 35 ფაკულტეტს ჰყავს ზედამხედველი პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებს კოორდინირებაში ეხმარებიან.  დიდი ზომის საკლასო ოთახებში მასწავლებლებს ასისტენტებიც ჰყავთ, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაცია არა, მაგრამ ბაკალავრის ხარისხი აუცილებლად მოეთხოვებათ. მათი მოვალეობა მოსწავლეთა მონიტორინგი და ბავშვების შეკითხვებზე პასუხების გაცემაა.

პედაგოგები ვალდებულნი არიან 5 მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანონ და თვეში ერთხელ შინ ესტუმრონ, რათა მათი სასწავლო გარემო შეაფასონ. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვის სამეცადინო მაგიდა და ტელევიზორი ერთ ოთახში არ უნდა იყოს. ამ და მსგავს რჩევებს ისინი მოსწავლეების მშობლებს ხშირად აძლევენ.

სკოლა არ იშურებს ფულად ჯილდოებს იმ პედაგოგებისთვის, რომელთა მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებზე მაღალ ქულებს მიიღებენ. პრემია 10 მილიონ რუპიას შეადგენს.

2015 წლის შემდეგ აქ სწავლის ქირა თითქმის 40%-ით შემცირდა. მიზეზი მოსახლეობის სიღარიბეა, თუმცა კანონით გათვალისწინებული არაა ბრიტანეთის სკოლების მსგავსად ყველა მოსწავლის მიღება.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: გარდიანი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური