GE

რა იცვლება 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე? – აბიტურიენტები და უნივერსიტეტები განათლების სამინისტროსგან პასუხს ჯერ ისევ ელიან

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტრიენტებისთვის დღეს დასრულდა, 2020 წლის აბიტურიენტები კი მოლოდინის რეჟიმში არიან. უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ 2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილება დააანონსა, თუმცა 5 თვის შემდეგაც არ აქვს პასუხი აბიტურიენტებისა და უმაღლეს სასწავლებლებისთვის, კონკრეტულად როგორ იცვლება მისაღები გამოცდების ფორმატი – სავალდებულო გამოცდა 3 იქნება თუ 4 და ასევე, მეოთხე საგანს ვინ აარჩევს, უნივერსიტეტი თუ ისევ აბიტურიენტი.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2020 წლის გამოცდებამდე ჯერ ძალიან ადრეა და სექტემბრისთვის გეგმავენ საჯარო პრეზენტაციას. სამინისტრო იმასაც ამბობდა, რომ უმაღლესებთან და სპეციალისტებთან აქტიური შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, უმაღლესებთან შეხვედრა ბოლოს ზამთარში გაიმართა.

უნივერსიტეტების ნაწილს დაანონსებული ცვლილება არ მოსწონს. თვლიან, რომ სავალდებულო გამოცდა ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის ოთხი უნდა იყოს. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ უმჯობესია მეოთხე საგამოცდო საგნის არჩევის უფლება ისევ აბიტურიენტს დარჩეს, რამდენიმე შეთავაზებული საგნიდან, ისე, როგორც მაგალითად წელს იყო.

აბიტურიენტების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას კი გაურკვევლობა და სამინისტროს მიერ ცვლილების გამოცხადების დაგვიანება იწვევს. ამბობენ, რომ სწავლა სექტემბერში იწყება და ამ დროისთვის მათ მშობლებს რეპეტიტორები უკვე მოძიებულიც უნდა ჰყავდეთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის 2020 წლისთვის შეცვლა ჯერ კიდევ 28 იანვარს დაანონსდა და ცნობილია ის, რომ სავალდებულო გამოცდა იქნება მხოლოდ სამ საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში და  მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

გარდა ამისა, უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ მეოთხე გამოცდაც, რა საგანშიც ჩათვლიან საჭიროდ, (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).

მე-12 კლასელი ანი ქავთარაძე ამბობს, რომ მას ექიმობა სურს და წელს რომ ჩაებარებინა, იცოდა, მეოთხე საგნად ბიოლოგიას აირჩევდა, ახლა კი არ იცის მეოთხე გამოცდა ემატება თუ არა და რა იქნება ის – ბიოლოგია, თუ ქიმია.

ანი, (აბიტურიენტი): „გარკვეულად ვიცი, რომ ქართულსა და ინგლისურში უნდა მოვემზადო, მაგრამ დანარჩენი გაურკვეველია. ჩემთვის გაურკვეველია მესამე გამოცდის საკითხიც, მედიცინა არც ჰუმანიტარული და არც ტექნიკური მიმართულება არ არის და განათლების სამინისტრომ, რატომღაც, მხოლოდ ასე ხისტად დაახარისხა. რაში მჭირდება ან მათემატიკა, ან ისტორია სამედიცინოზე, როცა  ბიოლოგიას და ქიმიას არ მეკითხები? ან, რა მოხდება მაშინ, თუკი ერთი უნივერსიტეტი მეოთხე საგნად ბიოლოგიას დაამატებს, მეორე – ქიმიას, მესამე საერთოდ არაფერს? ასე ნორმალური არ არის. მალე სწავლა იწყება და როდის უნდა გვითხრას სამინისტრომ, რამდენ საგანში მომიწევს მომზადება?!“

მე-12 კლასელი ლაშა კვაშილავა ამბობს, რომ დიდ გაურკვევლობაშია.

ლაშა, (აბიტურიენტი): „გვეუბნებიან, რომ მხატვარს, დიზაინერს, მსახიობს, ასევე ქართულის, ბიოლოგიის ან ქიმიის მასწავლებელს მოუწვს ჩააბაროს ისტორია ან მათემატიკა. ამ სპეციალობებს მათემატიკა და ისტორია რაში სჭირდება?“

მომავალი წლის გამოცდებზე ნერვიულობენ მშობლებიც.

რუსიკო ჩიხლაძე, (მშობელი): „რაიონში ვარ, აქ კარგი მასწავლებლების დეფიციტია, ამიტომ გაკითხვებით, დიდი „ჩაწყობებით“ ვეძებთ მასწავლებლებს, რომ ბავშვი მივაბაროთ და ამის მოძიებას ვიწყებთ მაისის ბოლოდან თუ არა, ზაფხულში მაინც. ახლა კი, სამინისტრო არ გვეუბნება, მეოთხე არჩევითი საგნის დამატება როგორ მოხდება და რაში უნდა მოვამზადო ბავშვი, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობები უნდა. სამინისტრო ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს ბავშვების განათლების საკითხს და გვითხრას, რას უნდა ველოდოთ. 5 თვე გავიდა და როგორ ვერ დაწერეს, რას აპირებენ“.

რას გეგმავს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ეს ჯერ არც უმაღლესმა სასწავლებლებმა იციან. მათგან რამდენიმემ უარი განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან კომენტარზე იმ მიზეზით, რომ ცნობილი არაფერია.

სამინისტროსგან გადაწყვეტილებას ელოდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელიც ამბობს, რომ მისი პოზიციაა სავალდებულო იყოს 4 გამოცდა და მეოთხე გამოცდა ისევ აბიტურიენტებმა აარჩიონ.

„გამოვხატეთ პოზიცია, რომ მედიცინა არც ტექნიკურია და არც ჰუმანიტარული და დავაყენეთ საკითხი, რომ მედიცინა ისეთი დარგია, სავალდებულო გამოცდა ყველა უნივერსიტეტისთვის უნდა იყოს ოთხი. მაგალითად იყოს ბიოლოგია და პლუს, სხვა საბუნებისმეტყველო საგანი. ოთხ გამოცდას ჩვენ კი დავაყენებთ, მაგრამ შემდეგ მობილობა დაირღვევა, ვინც გადმოვა ჩვენთან, სამი საგანი ექნება ჩაბარებული, ამიტომ უნდა წავიდეს და მეოთხე ჩააბაროს, ამიტომ ყველასთვის 4 გამოცდა უნდა იყოს. ამას გარდა, ადრე ბარდებოდა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა და დავაყენეთ წინადადება, რომ ამ ოთხიდან ყოფილიყო ორი გამოცდა და ორივე აერჩია აბიტურიენტს,“ – ამბობს ვადაჭკორია.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს ზამთარში, კაჭრეთში შეხვედრა ჰქონდა იმ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობასთან, რომელსაც მედიცინის ფაკულტეტები აქვთ და ყველა დაეთანხმა 4 სავალდებულო გამოცდის არსებობას. მაშინ პირობა მიიღეს, რომ 4 გამოცდის და დამატებით 2 საგნის აბიტურიენტების მიერ არჩევის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა ამის შემდეგ შეხვედრა არ ყოფილა და სამინისტროსგან საბოლოო პასუხი არ იცის.

ის ელოდება, რომ სამინისტრო მის ინიციატივას დაეთანხმება.

„ბუნებრივია, სექტემბერში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება და სამინისტროც იტყვის, რომ საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფი უნდა იყოს ჩვენთან წარმმართველი და არა, ვთქვათ, სხვა. რითი ვამტკიცებთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში მათემატიკა იყოს წარმმართველი და ბიოლოგია არა?! არ გამოვა,“- აცხადებს თსსუ-ის რექტორი.

 ამავე თემაზე:

ბარიერს, უნივერსიტეტში აბიტურიენტის მოსახვედრად, თავად უმაღლესი სასწავლებელი დაადგენს

უმაღლესში მოსახვედრად აბიტურიენტებს მხოლოდ 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ – ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება

შეძლებენ თუ არა ისტორიისა და მათემატიკის ნაცვლად სხვა საგნების არჩევას 2020–წლიდან აბიტურიენტები

„ასეთ ვითარებაში რომელი უნივერსიტეტი არ იბრძოლებს ადგილების შევსებაზე და უარს იტყვის თანხაზე? – ეს 90-იან წლებში დაბრუნებას ჰგავს“

მოამზადა ეკატერინე ბასილაიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური