GE

რა ინდიკატორებით დაფინანსდებიან უმაღლესი სასწავლებლები რეფორმის შემდეგ

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტების დაფინანსების წესის ცვლილებას გეგმავს და ის სტუდენტების რაოდენობაზე დამოკიდებული აღარ იქნება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ისაუბრა.

„უმაღლესი განათლების სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილება არის დაფინანსების ნაწილში, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და პარლამენტს,  ცხადია, განხილვისთვის წარვუდგენთ, რადგან ეს კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. საუბარია იმაზე, რომ უმაღლესების დაფინანსება, რომელიც ახლა სრულიად მიბმულია სტუდენტების დაფინანსებაზე, გახდეს დივერსიფიცირებული. გარდა სტუდენტის რაოდენობისა, უნდა გაჩნდეს ინდიკატორები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მიიღებს დაფინანსებას, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი, შეიძლება იყოს სამეცნიერო ნაწილი, მაგალითად იგივე პატენტების კუთხით, ან გამოქვეყნებული სტატიების კუთხით, ან ციტირების ინდექსების მიმართულებით სხვა და სხვა.

“რეალურად, ჩვენ წლიდან წლამდე ვხედავთ სიტუაციას, რომ უნივერსიტეტები არიან ორიენტირებულები გაზარდონ სტუდენტების ადგილები იმიტომ, რომ დაფინანსების ბაზა და მექანიზმი ამ ეტაპზე არის მხოლოდ სტუდენტის რაოდენობა. დაგეგმილი ცვლილებები  დაფინანსების ნაწილში ასევე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ  უკეთესად აღვჭურვოთ უნივერსიტეტები სამეცნიერო ლაბორატორიებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაფინანსების ზრდაში იგულისხმება ასევე საერთო საცხოვრებლების მშენებლობა და რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია ასევე ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, მეცნიერების კუთხით საუბარი გვაქვს იმაზე, რომ გავზარდოთ საგრანტო დაფინანსება, თუმცა გავაჩინოთ სხვა წყაროებიც და ამის სტიმულირებაც მოვახდინოთ“, – აცხადებს ირინა აბულაძე.

როგორც ცნობილია, მთავრობის ინიციატივით, განათლების სექტორის დაფინანსება უნდა გაიზარდოს და საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური