GE

რა ინიციატივები აქვს ახალი სასწავლო წლიდან განათლების კომიტეტს – პარლამენტში განხორციელებულ და მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრეს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ საშემოდგომო სესიის გახსნაზე იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომლებიც ახალი სასწავლო წლისთვის მომზადდა. მარიამ ჯაშის განცხადებით, კახეთში და ქვემო ქართლში მოსწავლეებს 30 ახალი სკოლა დახვდებათ, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით აშენდა. ეს სკოლები სრულად აშენდა და აღიჭურვა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

მარიამ ჯაში ასევე ამბობს, რომ პირველად 25 წლის მანძილზე განათლების სამინისტრომ საკუთარი რესურსებით 20 ახალი სკოლა ააშენა.

“ამ სკოლების უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება თითოეული სკოლის ოფიციალური გახსნა”,- ამბობს ჯაში.

ამასთან, სიახლეებია სახელმძღვანელოების კუთხითაც. I-VI კლასებში მოსწავლეებს შინაარსობრივად და ხარისხობრივად განახლებული სახელმძღვანელოები დახვდებათ.

“მეხუთე კლასელებს, ინგლისური ენის გარდა, ხვდებათ ევროპული ენების უფრო ფართო არჩევანი. ასევე ფართოვდება აზიის და აღმოსავლური ენების არჩევანი, რომელიც მეორე სავალდებულო ენად იქნება შეთავაზებული ჩვენი მოსწავლეებისთვის”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ახალი ეტაპი იწყება ინკლუზიური განათლების კუთხითაც.

“ძალიან სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ჩვენ მოვახერხეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებთან ერთად სპეცპედაგოგების რეგულირების შეცვლა. ისინი დღეიდან ხდებიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ნაწილი”,- აღნიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მიღებული ცვლილებებით გამარტივდა მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზები, რაც შედარებით ამარტივებს დეფიციტური კადრების შევსების შესაძლებლობას – განსაკუთრებით სოფლის სკოლებში და ისეთ საგნებში, როგორიცაა ზუსტი მეცნიერებები და უცხო ენები. მარიამ ჯაში ასევე ამბობს, რომ ხორციელდება მანდატურის სამსახურის რეფორმაც, რომელიც სკოლის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უნდა გახდეს. დეპუტატმა პროფესიული განათლების კუთხით გატარებულ სიახლეებზეც ისაუბრა.

“გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. სექტემბერში ჩვენ დავასრულებთ მუშაობას პროფესიული განათლების კანონზე, რომელიც გახდება არამხოლოდ საქართველო-გერმანიის ორმხრივი, არამედ ევროკავშირთან და სხვა მრავალმხრივი თანამშრომლობების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ბაზისი”,- აღნიშნა ჯაშმა და თბილისში გახსნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“ეს არის ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში განხორციელებული უნიკალური პრეცედენტი. საამაყოა, რომ სწორედ საქართველო გახდა პირველი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, სადაც მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა”,- ამბობს ჯაში.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე დასახა ის ოთხი ძირითადი მიმართულება, რომლებზეც მიმდინარე საპარლამენტო ციკლის განმავლობაში მისი კომიტეტი გაამახვილებს ყურადღებას.

“პირველი გახლავთ მაქსიმალურად მეტი ფინანსური ინვესტიციები განათლების სფეროში; მეორე: სახელოვნებო და სპორტული განათლების ხარისხის გაუმჯობესება; მესამე მიმართულება, რომელზეც ვიმუშავებთ განათლების სამინისტროსთან ერთად, გახლავთ პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების რეფორმა და ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი; მეოთხე – საგამოცდო და ტესტირების სისტემების რევიზია განათლების ყველა საფეხურზე. ეს იქნება ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენთვის გახდება პრიორიტეტული 2018-2019 წლებში”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური