GE

რა მიმართულებით საჭიროებს განათლების სისტემა ფუნდამენტურ ცვლილებებს და როგორია სპეციელისტების მოლოდინები

დარჩება თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი ჯერ უცნობია. როგორც განათლების სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, „აღნიშნული საკითხი გახლავთ პრემიერის პრეროგატივა“.

მომავალმა პრემიერ-მინისტრმა კი განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმები დააანონსა და განაცხადა, რომ მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების სფერო იქნება. აღნიშნულმა განცხადებამ კი საზოგადოების ნაწილსა და მედიაში გააჩინა მოსაზრება, რომ შესაძლოა, პირველ რიგში, სწორედ განათლების მინისტრი შეიცვალოს.

რამდენად რეალურია განათლების მინისტრის შეცვლა; ან რამდენად სწორი მინისტრობის შვიდ თვეში მისი თანამდებობიდან გადაყენება და ახალი მინისტრის დანიშვნა; მართლაც იქნება ფუნდამენტური ცვლილებები განათლების სისტემაში თუ ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება? – აღნიშნული კითხვებით EDU.ARIS.GE–მ განათლების სპეციალისტებს მიმართა.

სპეციალისტებს განსაკუთრებული მოლოდინები არ გააჩნიათ. იმასაც ამბობენ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტი არ არის განათლება. შესაბამისად, როდესაც საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე, აქ მყარი პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს და მინისტრების ცვლილება საკმარისი ვერ იქნება.

როგორც „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავჯდომარე შალვა ტაბატაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, განათლებაში ცვლილებების აუცილებლობაზე ყველა პრემიერ მინისტრი საუბრობს, თუმცა ეს ცვლილებების გარანტი მისთვის ნაკლებად არის.

„ვერ გეტყვით, გამიჭირდება, ღმერთმა ქნას, რომ პრიორიტეტული იყოს, თუმცა მე არ მახსოვს პრემიერ-მინისტრი, რომლისთვისაც პრიორიტეტული არ არის განათლება, ყველა დაახლოებით ამ განცხადებას აკეთებდა მეტ–ნაკლებლად, თუმცა მაინცდამაინც ეს განცხადება ჩემთვის არ არის გარანტი, რომ რაღაცას გააკეთებენ. ეს სფერო გაცილებით პრობლემატურია, ვიდრე უბრალოდ განცხადებებია“, – ამბობს ბახტაძე და აღნიშნავს, რომ ჩხენკელს, თავის დროზე, ჰქონდა ბახტაძის, როგორც ფინანსთა მინისტრის მხარდაჭერა და ამიტომ, ნაკლებსავარაუდოა რომ ახლა ის შეიცვალოს, მით უმეტეს რომ სხვა კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა.

„მინისტრი ახალი დანიშნულია და შეძლო თუ არა მან რეფორმების გატარება ეს პრინციპში უფრო მთავრობაზეა დამოკიდებული ვიდრე უშუალოდ მინისტრზე და ამიტომ, თუ სამთავრობო სურვილი იქნება, სავარაუდოდ გაკეთდება კიდეც. ჩხენკელი ახალი დანიშნულია, მართალია, არც დიდი რამე გაუკეთებია, მაგრამ არც გაუფუჭებია. არ მგონია ის შეიცვალოს”, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

სამოქალაქო განმანათლებელთა საქართველოს ასოციაციის დამფუძნებელი და განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე ფუნდამენტური ცვლილებების საწყისს უმაღლესი განათლების დაფინანსების ცვლილებასა და უმაღლესში მისაღები დღევანდელი სისტემის სრულად გაქრობაში ხედავს.

გიორგი გახელაძე: ფუნდამენტურ ცვლილებას განათლების სისტემა საჭიროებს, უკვე კარგა ხანია. ჩემთვის უცნობია, აპირებს თუ არა ახალი მთავრობა, მინიმუმ დაიწყოს მაინც განათლების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამის არანაირი მოლოდინი არ მაქვს. რაც შეეხება მოქმედ მინისტრს და მის რეფორმებს, ჩემი შეხედულებით, ის ცვლილებები, რაც ახლანდელი მინისტრის პერიოდში წამოიწყეს და ხორციელდება, არ გახლავთ ფუნდამენტური, თუმცა თავად მინისტრს აქვს განცდა, რომ ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები. მაგალითად უმაღლესი განათლების სფეროში. მაგრამ ჯერ–ჯერობით ეს ასე არ ჩანს. ხარისხის მართვაში ცვლილება ნამდვილად არის, თუ გავითვალისწინებთ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალ სტანდარტს, მაგრამ მაინცდამაინც ფუნდამენტურს ვერ მივაკუთვნებთ.

–რა შეიძლება ჩაითვალოს ფუნდამენტურ ცვლილებად იგივე უმაღლესი განათლების სისტემაში?

გ.გ: ეს არის საგანმანათლებლო სისტემის და საგანმანათლებლო დაწესებულებების განსახელმწიფოების პოლიტიკის ამოქმედება, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. უფრო იოლი და უფრო ადრე გასაკეთებელი ეს არის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში. განსახელმწიფოების პროცესი ნიშნავს რეალურ დეცენტრალიზაციას. ახლა ორივე შემთხვევაში გვაქვს სუპერ ცენტრალიზებული სისტემა. ეს არის დასაწყები, რაც უკავშირდება ადმინისტრაციულ ავტონომიას, მაგრამ ადმინისტრაციული ავტონომიას აზრი არ აქვს თუკი მას ფინანსური ავტონომიის ხარისხი არ მისდევს სინქრონულად. ყველაზე საჩქაროდ გასაკეთებელი, უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, რა თქმა უნდა, არის დაფინანსების მოდელის ცვლილება. სადაც უმაღლესის წახალისების ინდიკატორების სისტემაში უნდა გაჩნდეს აკადემიური პერსონალის კვლევითი პოტენციალის შედეგები. დღეს სახელმწიფო საგრანტო და სოციალური გრანტების სისტემით, უმაღლესი განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს სტუდენტების საბაკალავრო საფეხურის დაფინანსებისთვის ხარჯავს. ეს არის 70%, რომელშიც შედიან ე.წ. უფასო ფაკულტეტების სტუდენტებიც და გრანტმოპოვებულებიც.

ასევე თანხები მიდის ავტორიზებულ უნივერსიტეტებში. უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის ინდიკატორებში კი ამ დაწესებულებების კვლევითი სამეწარმეო, თუ სასწავლო შედეგები კი არ არის ინდიკატორად, ანუ ის, რისი მაქნისია ეს დაწესებულება, არამედ ინდიკატორია, თუ როგორ მიმდინარეობს იქ პროცესი. აი ეს მიდგომაა შესაცვლელი, რომელ ცვლილებასაც ბუნებრივად უნდა მისდევდეს დაფინანსების ცვლილება და სინამდვილეში სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს რეალურად კვლევით უნივერსიტეტებს.

–რამდენად ხედავთ ასეთი ცვლილებების სურვილებს ახლანდელი მინისტრის მხრიდან?

გ.გ: არა, მე რაზედაც ვსაუბრობ, ამისი იმპულსები არ ყოფილა არც წინა მინისტრისგან და არც მიმდინარე მინისტრისგან. და მე, მართალი გითხრათ, დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ თუ ახლა შეიცვლება მისგან იქნება. ეს უკავშირდება მთლიანად სამთავრობო და სახელმწიფო პოლიტიკას.

ერთადერთი იმპულსი არის გაჩენილი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მომავალი 4 წლის, ასე ვთქვათ, გარანტირებული დაფინანსების სისტემა მთლად სამართლიანი რომ არ არის ამას მიხვდნენ, მაგრამ როგორ გაეკეთებინათ ამას ვერ მიხვდნენ, ან ვერ გააკეთეს…

რაზედაც მე ვსაუბრობ, ასეთი ტიპის დაფინანსებამ, ანუ შედეგზე ორიენტირებული და კვლევაზე ორიენტირებული დაფინანსება და ბაკალავრიატში სახელმწიფო გრანტების სისტემის მოშლამ, საბოლოო ჯამში, უნდა გამოიწვიოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ინსტიტუტის გაქრობა.

-თქვენ გულისხმობთ ეროვნული გამოცდების დღევანდელი მოდელის სრულად გაქრობას და არა ცვლილებას?

გ.გ: დიახ გაქრობა, არანაირი ცვლილება–გაქრობა. როდესაც შემოიღეს ეს გამოცდები, მაშინ რადიკალური ცვლილება იმაში მდგომარეობდა, რომ კორუფციის პრაქტიკა და ფარული დანახარჯების დიდი მოცულობა აღარ იქნებოდა. მაშინ ასეთი დანახარჯების ოდენობა წლიური 60 მილიონი ლარი იყო, რომელიც მიდიოდა კომისიების ქრთამებში და ა.შ. ეს თანხა აბრაზებდა საზოგადოებას სწორედ და საჭირო იყო ანტიკორუფციული მექანიზმი სტუდენტთა უმაღლესში მიღებისთვის. ამიტომ იყო ეს სტანდარტიზებული გამოცდები მოგონილი, როგორც სწრაფი, ობიექტური, მართვადი და დროებითი მექანიზმი.

ეს იყო დროებითი და როდესაც 2006 წელს მოქმედება დაიწყო უკვე ინსტიტუციურმა აკრედიტაციამ და 2009 წლისათვის სახელმწიფოს უკვე ჰქონდა უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის მექანიზმები, იმ დროიდან მოყოლებული, ერთიანი ეროვნული გამოცდების ინსტიტუტს საზრისი ეკარგება. ანუ, ერთის მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ რომელიღაც უნივერსიტეტს აქვს სახელმწიფოსგან აღიარებული სასწავლო–საგანმანათლებლო კვლევითი სტანდარტები და მართვის სტანდარტები, ანუ ნდობას ვუცხადებთ მას, რომ ის ხარისხიანია და მეორეს მხრივ, მათ იგივე სახელმწიფო არ ანდობს სტუდენტების მიღებას. აბსოლუტურად გაუგებარი სისტემაა, თქვენ არ იცით ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ტესტებს აკეთებენ მისაღებისთვის, როგორ შეირჩევიან და ა.შ საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად ხარჯავს 100 მილიონ ლარამდე თანხას, პლუს–მინუს 5 მილიონი ლარით, მხოლოდ იმაში, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი გადალახონ მათმა შვილებმა.

იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს დანახარჯი, მთელს უმაღლეს განათლებაზე 4 წლის განმავლობაში ბოლო ყველაზე მაღალი ნიშნულით თუ ვიტყვით, არის 120 მილიონი ლარი. ამიტომ, რა თქმა უნდა ეს არის, პირველ რიგში, შესაცვლელი, რადგან ჩვენ ახლა ფაქტობრივად წყალში ვყრით ფულს, ქვეყანაც და გადასახადის გადამხდელები, უაზრო დანახარჯს ვახორციელებთ.

ასევე ფუნდამენტურია პროფესიული უმაღლესი განათლების საკითხი. ჩვენ უმაღლესი პროფესიული განათლების სვეტი საერთოდ არ გვაქვს და რეალურად სწორედ ეს სჭირდებათ ადამიანებს.

–პროფესიული განათლება გიორგი კვირიკაშვილის 4-პუნქტიან სამთავრობო გეგმაში იყო პრიორიტეტად დასახელებული… თუმცა ვერც თქვენი საუბრიდან ვხედავთ დღეს რეალური რეფორმების მოლოდინებს…

გ.გ: ზოგადად, სხვადასხვა ინტერესისა და სხვადასხვა მოლოდინის მქონე ადამიანებს განათლების სისტემაში უმეტესწილად ახლა ცვლილებების დიდი მოლოდინი არ აქვთ იმიტომ, რომ მოქმედ და არსებული ხელისუფლებას ბოლო 6 წლის განმავლობაში რასაც ვუყურებთ, ისინი საუბრობენ განათლების თემაზე, მაგრამ აშკარად ვხედავთ, რომ მთლიანობაში ამ ხელისუფლებას განათლების საკითხი დღის წესრიგში ნომერ პირველად არ აქვს. პირველად, სამთავრობო დონეზე განათლება, როგორც პრიორიტეტი, სწორედ ამ 4–პუნქტიან გეგმაში დაფიქსირდა, მაგრამ ვერ რეალიზდა. ამიტომ არ გვაქვს დიდი მოლოდინი, არ არის ეს სფერო დღის წესრიგში, ბატონ ბიძინას დღის წესრიგში განათლება პრიორიტეტი ნამდვილად არ არის.

ახალი პრემიერი განათლების სფეროში ფუნდამენტურ რეფორმებს აანონსებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური