GE

რა მოლოდინი აქვს განათლების მინისტრს თსუ–ის რექტორის არჩევნებთან მიმართებაში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 სექტემბერს ახალი რექტორის არჩევნები იგეგმება. კანდიდატთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

როგორც ცნობილია, რექტორობის სავრაუდო კანდიდატებად დარეჯან თვალთვაძე (რექტორის მოვალეობის შემსრულებელი) და გიორგი შარვაშიძე (განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე) მოიაზრებიან. ამ უკანასკნელმა მინისტრის მოადგილის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.

იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა სტუდენტთა ერთი ნაწილისთვის მიუღებელია, თსუ–ში დაგეგმილი არჩევნების თემა ქუთაისში ჩატარებულ რექტორთა საბჭოზეც განიხილეს, რომელსაც განათლების მინისტრი უძღვებოდა.

მიუხედავად სტუდენტების ასეთი შეხედულებისა, ალექსანდრე ჯეჯელავა გიორგი შარვაშიძეს თსუ–ის რექტორის პოსტზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გამოცდილ  კანდიდატად ასახელებს და აცხადებს, რომ მას პირადად  გაეხარდებოდა,  რექტორობის კანდიდატთა სიაში შარვაშიძის ხილვა.

,,ნებისმიერ არჩევნებზე რომ ვინემს დაუშალო კანდიდატურის დაყენება, ძალიან უცნაური იქნება. თვითონ ფორმა არჩევნების მშვიდობიანია. ვინც არ მოგწონს, არ აირჩევ და კანდიდატურის დაყენების გაპროტესტება, მგონია, რომ ცოტა ემოციური ამბავია.

მე პირადად ვთვლი, რომ გიორგი შარვაშიძე  არის ერთ-ერთი ძალიან გამოცდილი, უაღრესად გამოცდილი და გულანთებული პატრიოტი – მათ შორის  ქართული მეცნიერების და უმაღლესი განათლების. მე რომ ვმონაწილეობდე ამ პროცესებში, ასეთი კანდიდატის დანახვა სიაში უდაოდ ძალიან გამეხარდებოდა,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარეჯან თვალთვაძეც საკმაოდ გამოცდილი კადრია. ჯეჯელავას თქმით, მან შეძლო და უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაატარა.

,,ქალბატონი დარეჯანი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია ამ მიმართულებით.  ყველაფერი, რაც ხდება თსუ-ში, ხდება  მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით. მათ შორის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ დაენიშნათ რექტორის არჩევნები ესეც ქალბატონი დარეჯანის ხელმძღვანელობითაა გაკეთებული.

კანცლერის არჩევნები ჩატარდა ძალიან მშვიდობიანად და წყნარად. მე მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა ქალბატონ დარეჯანზე. თუმცა, ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადწყვიტოს რა ეტაპზე რა არის მისთვის მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ალექსანდრე ჯეჯელავა არ გამორიცხავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები საქართველოში ყოველთვის ემოციურ ფონზე მიმდინარეობს, და არაა გამორიცხული, თსუ-შიც იგივე სცენარი განვითარდეს.

,,მოლოდინი  მაქვს რომ ისევე როგორ ყველა არჩევნები საქართველოში, ემოციები გარდაუვალია.  თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ფლაგმანი  ქართული განათლების სისტემის,  იყო, არის და იქნება ნიმუში. მათ შორის არჩევნების ჩატარებით, მათ შორის საუკეთესო კანდიდატების წარდგენით და მათ შორის აკადემიური საბჭოს ძალიან მაღალი სტანდარტებით,“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

თეონა გიორგაძე – ქუთაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თეონა არის© გიორგაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი