GE

რა მოსწონთ და რა არა სკოლის დირექტორებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებში

კვირაზე მეტია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები, პარლამენტარები, ყოფილი დირექტორები და მინისტრების მოქმედი მოადგილეები  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს სამუშაო ფორმატში განიხილავენ. ცვლილებები, რომელიც გასული წლის დეკემბრის თვეში სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძახილია, გარდა იმისა, რომ მანდატურის სამსახურს უფლებამოსილებას უზრდის, სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო-კამერების არსებობასაც სავალდებულოს ხდის. კამერების ადმინისტრირებაც სწორედ მანდატურის სამსახურის გაზრდილ უფლებამოსილებაში შევა. ისევე, როგორც სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალება – პრევენციის მიზნით, მოზარდის შეყოვნების და მშობლისა და პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება.

კიდევ ერთი, რასაც კანონში შესატანი ცვლილებები აზუსტებს მანდატურის დანიშვნისა და სამსახურში მიღების წესია. ახალი რეგულაციით, მას თანამდებობაზე არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსი დანიშნავს. ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე აიწევს და მანდატურის სამსახურში დასაქმებული ვალდებული იქნება არა ზოგადი, არამედ უმაღლესი განათლება ჰქონდეს. მანდატურის პოზიციაზე დასაქმების ასაკისა და მისი დანიშვნის წესის შესახებ კრიტიკული შენიშვნები ცვლილებების ავტორებმა დეპუტატებისგან უკვე მოისმინეს, თუმცა თავად სკოლის ხელმძღვანელების პოზიცია არ არის ცნობილი.

მანანა თურქაძე, 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი, EDU.ARIS.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები აქამდეც მკაცრად არის დაცული. სკოლას დღესაც ემსახურება დაცვის სამსახური, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე კი ამ დროისთვისაც არის დამონტაჟებული კამერები. დირექტორის ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეთა და უცხო პირთა გასვლა და შემოსვლა მკაცრად რეგულირდება და კონტროლდება. შესაბამისად, პირადად მათი სკოლის შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრება არაფერს შეცვლის.

როგორც თურქაძე ამბობს, ის, რაც დღეს, როგორც 51-ე სკოლას, ასევე ზოგადად სკოლებს აკლიათ, არის მშობლისა და სკოლის უფრო მეტი კომუნიკაცია, მშობლის მეტი ჩართულობა და ინტერესი შვილის ადგილსამყოფელისა და მოსწრების შესახებ. ასევე, მშობლის ზრუნვა მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

„ვფიქრობ, რომ კარგი პროექტია, რომელიც აუცილებლად იმუშავებს სკოლებში. ეს კეთდება პრევენციისთვის, იმისთვის, რომ არაფერი მოხდეს. ჩვენი სკოლა ხომ არაა მარტო, ეს კეთდება ყველა სკოლისთვის. ჩვენ ეს პრობლემა არასდროს გვქონდა თუ პირად დამოკიდებულებაზეა საუბარი, ასეთი რამ ამ სკოლას არასდროს ჰქონია. არც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების ინციდენტის განზოგადება შეიძლება. ამ ამბავმა შეიძლება დააფიქრა ყველა, ზოგადად უსაფრთხოებაზე, თუმცა  ვერ გეტყვით, რომ ეს რომ ასე ყოფილიყო –ეს ამბავი არ მოხდებოდა. ამბავი მოხდა სკოლის გარეთ, სადაც მანდატური ვერ ჩაერეოდა,“ – ამბობს თურქაძე.

პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი თამარ კაპანაძე კი მიესალმება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად იმუშავებენ და ინფორმაციას მუდმივად გაცვლიან. როგორც ის EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, ახალ რეგულაციებს წუნი არ აქვს. მათ შორის, არც ის, მანდატურის დანიშვნის უფლება დირექტორს რომ უნდა ჩამოერთვას.

„ძალიან მისაღებია ჩემთვის, რომ მადანტურების პროფესიული ზრდის საკითხი დადგა და მათი  კომპეტენციის გადახედვა მოხდება. ასევე, ის რომ 21 წელს ზემოთ პირს შეუძლია, მანდატურად დასაქმდეს და არა ზოგადი განათლება, არამედ უმაღლესი განათლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია პატრულის როლის გაზრდა, ამ ბოლო მოვლენების შემდეგ. იცით, რომ პატრულ ინსპექტორები მუდმივად პატრულირებენ და ჩვენთან უფრო მეტი კომუნიკაცია აქვთ, ვიდრე ჰქონდათ,“ – გვითხრა თამარ კაპანაძემ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები თბილისის გარდა, რეგიონის სკოლებშიც ამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს. გიორგი რუხაძე ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორია. მისი თქმით, მანდატურები გაზრდილი უფლებამოსილებით, სასწავლო პროცესის სწორად წარმართვასა და ჰიპერაქტიული მოსწავლეების ჩარჩოში მოქცევას შეუწყობენ ხელს.

„ძალიან მომწონს, რომ მანდატურის სამსახურს უფლებამოსილება გაეზრდება. ჩვენ სკოლაში გვყავს სამი მანდატური. ესენი რომ არ იყვნენ აქ, დამერწმუნეთ, სკოლაში დიდი პრობლემები იქნებოდა. ბევრი  მშობელი, რომელიც გაჭირვებულია და საზღვარგარეთ მუშაობს, სრულიად მინდობილი არიან სკოლაზე. სკოლამ უნდა აღზარდოს მათი შვილები. თუმცა მხოლოდ სკოლა ვერ იზამს ამას. მასწავლებელს, დირექციასა და მანდატურის სამსახურს მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ. ასევე ფსიქოლოგს და ასე ხელჩაკიდებულებმა უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს“, – აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

ახალი რეგულაციები მოსწონს, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვს თელავის #1 საჯარო სკოლის დირექტორ მაია ოთარაშვილს. მიიჩნევს, რომ  კარგია მანდატურის უფლებამოსილების გაზრდა, თუმცა ასევე, „კარგი იქნება დიდ სკოლებში მათი რაოდენობაც რომ გაიზარდოს“.

„ჩემ სკოლაში 800 ბავშვი გვყავს და 2 მანდატური. კარგი იქნება კიდევ ერთს თუ დაამატებენ. სამცვლიანი სწავლება გვაქვს და დილიდან გვიან საღამომდე უწევთ ყოფნა. ასაკობრივი ცენზის გაზრდასაც ვეთანხმები. რაც შეეხება დანიშვნის წესს, ჩემი აზრით, ხელფასს ვინც უხდის ხელშეკრულება მასთან უნდა გააფორმოს. ხელფასს კი ჩვენ, სკოლები არ ვუხდით,“– აღნიშნა მაია ოთარაშვილმა.

განათლების საკითხების სპეციალისტი დავით ლაგვილავა, 51-ე სკოლას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო განხილვებში ისიც მონაწილეობს და როგორც EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, ცვლილებებში ახალი არაფერია და მხოლოდ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ხდება.

„ის, რაც დღეს იფუთება, როგორც მანდატურის ავტონომიის გაზრდა, ასე იყო 2013 წლამდეც. ანუ, რეალურად, ტერმინოლოგიის დონეზეა ეს კანონი შეცვლილი. ადრეც მანდატურის სამსახურის უფროსი ნიშნავდა მანდატურს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს შეიცვალა და ბევრი უფლებები ჩამოერთვა მას. კოსმეტიკურ შელამაზებაზეა საუბარი და რეალურად, ძირეული ცვლილებები ამ კანონში არ არის. ტერმინოლოგიის ცვლილება, შეყოვნება –გაჩერების ნაცვლად და ა.შ“, – განაცხადა დავით ლაგვილავამ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები კანონპროექტის სახეს თებერვლის ბოლოს მიიღებს და საჯარო განხილვის ფორმატიდან საკანონმდებლო განხილვის ფორმატში გადაინაცვლებს.

მანდატურის სამსახურის თემაზე ახალ კანონპროექტში ცვლილებები შევა

სკოლაში ვიდეოკამერა სავალდებულო იქნება – კანონპროექტის ცვლილებათა ჩამონათვალი

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური