GE

რა მოთხოვნებს უყენებს პროფესიულ სასწავლებლებსა და მასწავლებლებს სამოქალაქო განათლების ზოგადი მოდული – დოკუმენტი დამტკიცდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 8 ივნისს სამოქალაქო განათლების ზოგადი მოდული დამტკიცდა.

ბრძანებით, რომელსაც ხელს ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი აწერს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს დაევალათ, რომ მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები 2022 წლის 1 ივნისამდე უკვე დამტკიცებულ მოდულთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

რაც შეეხება სამოქალაქო განათლების ზოგად მოდულს, დოკუმნეტში ვკითხულობთ, რომ 3 კრედიტიან მოდულზე დაშვების წინაპირობას საბაზო განათლება წარმოადგენს, ხოლო მოდულის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია: დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკური აქტორების როლისა და მოქალაქის ურთიერთმიმართების გაცნობიერება; ადამიანის ძირითადი უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების გაცნობიერება; თემში არსებული პრობლემის გადაჭრა.

„მოდულის შემუშავება დაეფუძნა „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების“ შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2018 წლის 22 მაისის რეკომენდაციას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დამტკიცებული მოდულითვე განისაზღვრა რეკომენდაციები სწავლებისა და შეფასების ორგანიზებისთვის. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოდულის განხორციელებისას პერმანენტულად, ყოველი ლექციის დასრულების შემდეგ, სასურველია განხორციელდეს პროფესიულ სტუდენტთა განმავითარებელი შეფასება. პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების (ჯგუფური ან ინდივიდუალური პრეზენტაცია, ესე, თხზულება, მოხსენება, ქვიზი და სხვ.) შეფასება კი სასურველია განხორციელდეს წინასწარ შემუშავებული შეფასების სისტემის (რუბრიკის) გამოყენებით.

განისაზღვრა რეკომენდაციები პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის:

ტესტური დავალების მომზადებისას სასურველია გამოიყენოთ, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან მათი კომბინაცია: ღია და დახურული კითხვები: პასუხების საკონტროლო სია; მრავალი არჩევითი პასუხის ტიპის დავალება; სიტუაციური ღია შეკითხვა; ჭეშმარიტი – მცდარი ტიპის დავალება; შესაბამისობაზე დამყარებული ტესტური დავალება; ტესტური დავალება ღია დაბოლოებით; ტექსტური დავალება გამოტოვებული სიტყვებისა და ფრაზების ჩასმა და ა.შ.

მოდულში ასევე მოცემულია საათების განაწილების სარეკომენდაციო მიდგომა და სასწავლო რესურსები.

იხილეთ დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური