GE

რა მხილების საფუძველზე ჩატარდა მოკვლევა თელავის უნივერსიტეტში და რა რეკომენდაციები მისცა ხარისხის ცენტრმა უმაღლესს

განათლების ხარისხის ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოკვლევა ჩაატარა. ავტორიზაციის პირობების შესრულების შესწავლის მიზეზი უნივერსიტეტის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის წერილი გახდა, რომლითაც მან ხარისხის ცენტრს მიმართა და აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობა გააკრიტიკა.

მოკვლევის შედეგად კონკრეტულ საქმეში გადაცდომები არ გამოიკვეთა, თუმცა განათლების ხარისხის მართვის ცენტრმა უნივერსიტეტს რეკომენდაციებით მიმართა, რაც მომავალში აკადემიური პერსონალის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოს.

2020 წლის 21 სექტემბერს სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა თ.ზ. წერილით  მიმართა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განმცხადებელი გამოთქვამდა უკმაყოფილებას 2020 წლის სექტემბერში დაწესებულების მიერ ჩატარებული აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის მიმართ, რომელშიც  იღებდა მონაწილეობას და სურდა ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის პოზიციის დაკავება. განმცხადებელი უნივერსიტეტში მუშაობს 2000 წლიდან, ხოლო ასოცირებული პროფესორი თანამდებობას 2014 -დან 2020 წლამდე იკავებდა.

განმცხადებელი გამოთქვამდა პრეტენზიას როგორც საბუთების მიმღები კომისიის (საბუთების მიღების ვადის დასრულების შემდეგ კვლავ გრძელდებოდა ცალკეული კონკურსანტების მხრიდან დამატებითი საბუთების მიღება), ასევე საარჩევნო კომისიის მიმართ (ქულების არასწორად დათვლა, გამრავლებულ გაყალბებული და არადარგობრივი სერტიფიკატებით შეფასება, უყურადღებობა კონკურსანტის გაწეული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისადმი -პუბლიკაციები, ციტირების ინდექსი).

ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა მოკვლევის შედეგად დასკვნა, რომ ტურიზმის მიმართულებით ჩატარებული კონკურსის ოთხივე კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დებულებაში განსაზღვრული წესების შესაბამისად, სრულად იყო ასახული და გათვალისწინებული კონკურსანტთა საკონკურსო ბარათში.

„აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს დროს თავად კონკურსანტის მიერ დადასტურდა, რომ მისი შეფასება მოხდა საკონკურსო წესის შესაბამისად. მისი უკმაყოფილება თავად წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს უკავშირდებოდა. დოკუმენტაციის დეტალური გაცნობისა და ჩატარებული ინტერვიუების შედეგად, ექსპერტთა ჯგუფმა გამოყო რამდენიმე საკითხი, რაც, მათი აზრით, დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს შემდგომში საკონკურსო პროცედურის მეტი გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნაში.

ცენტრის მიერ უნივერსიტეტისადმი გაცემული რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

1.კონკურსანტის პროფესიული კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენის მიზნით, უნდა გაიწეროს გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კონკურსანტის გასაუბრების ხარისხობრივ შეფასებასა და მეორე ეტაპის შეფასების გამჭვირვალობის გაზრდას;

2. დაწესებულებამ უნდა გადაიხედოს კონკურსის კრიტერიუმების ქულობრივი შეფასების სისტემას ისე, რომ პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსანტის შეფასებისას პრიორიტეტი მიანიჭოს მის სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის შეფასებას;

3. უნდა შეიზღუდოს რაოდენობრივად პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში, სამეცნიერო ფორუმებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ისე როგორც ეს არის სამეცნიერო ხასიათის სტატიების და სხვა შემთხვევებში და დადგინდეს შეფასების მაქსიმალური ზღვრები;

4. გაიზარდოს იმპაქტ ფაქტორიან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიების ქულობრივი შეფასება;

5. გაიზარდოს ციტირების ინდექსის ქულობრივი შეფასება; 6. დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს აფილირების წესი, რომელშიც დაბალანსებულად იქნება ასახული ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები;

7. აფილირების პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული დაწესებულების მიმზიდველობის გაზრდისა და მაღალკვალიფიციური სასწავლო და სამეცნიერო კადრების მოზიდვისაკენ.

რჩევები – სასურველია გასაუბრების ნაცვლად დაწესებულებამ დანერგოს საცდელი ლექციის პრაქტიკა, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და შეიმუშაოს შესაბამისი შეფასების სისტემა;

  • სასურველია პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულებაში გათვალისწინებული იყოს აპლიკანტის სწავლების მეთოდებთან და სწავლების ხარისხთან დაკავშირებული სტუდენტთა და კოლეგების მიერ განხორციელებული შეფასებები;
  • სასურველია დაწესებულებამ განსაზღვროს ანაზღაურებისა და წახალისების პრინციპები, რომლებიც დაემყარება თანამშრომელთა მუშაობის შეფასების შედეგებს;
  • სასურველია დაწესებულებამ აქტიურად გამოიყენოს პერსონალის საქმიანობის შეფასებისა და კმაყოფილების კვლევის შედეგები პერსონალის მართვისა და განვითარებისათვის.

მოკვლევის შედეგად, ცენტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 აპრილს, სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

„აქ უკვე ხარისხის ცენტრი იქნება შეუვალი“ – როგორი იქნება უნივერსიტეტებთან მუშაობის ახალი პრინციპი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური