GE

რა ნაბიჯებს დგამს მსოფლიო განათლებისთვის 2020 წლის გამოცდილებით და სად ვართ ჩვენ

2020-მა წელმა განათლების სფერო 180 გრადუსით რომ ამოატრიალა, ამაზე ყველა თანხმდება. შეცვალა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემა და სამწუხაროდ, ეს შეცვლა უკეთესობისკენ არ მომხდარა. გამოწვევებისთვის, რომლებიც კორონავირუსმა შექმნა, მზად არც ერთი ქვეყანა არ აღმოჩნდა. ევროპის ყველაზე განვითარებული სახელმწიფოებისთვისაც კი, ეს ყველაფერი უცხო, რთული და პრობლემური იყო.

უდავოა, წლის მთავარი სიახლეცა და სირთულეც დისტანციურ სწავლებას უკავშირდებოდა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მან მხოლოდ საქართველოში არ გაამართლა და მხოლოდ საქართველოში აქვს პროგრამა მინიმუმის სახე, სულ ტყუილად. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები ღიად აცხადებენ, რომ დისტანციური სწავლება უკიდურესი და საკმაოდ სუსტი გამოსავალია და მისი საშუალებით ცოდნის მიღება და გაღრმავება, თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით სკოლების დაბალკლასელი მოსწავლეებისთვის.

საქართველოს მთავარი პრობლემა ისაა, რომ პრობლემას არ აღიარებენ – ეს იმ განათლების სპეციალისტთა ზოგადი და საერთო შეფასებაა, რომელთაც თემაზე მუშაობისას ვესაუბრეთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ წელს განცდილი დანაკლისის ასანაზღაურებლად საჭირო იმის აღიარებაა, რომ რაღაცები რიგზე ვერ არის და რომ ამ რაღაცებს გამოსწორება სჭირდება. თუკი ეს მოხდება, მათი თქმით, გამოსწორების გზები არსებობს. თუმცა, ამის ნაცვლად, განათლების სამინისტრო ჯიუტად ამტკიცებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ყველაფერი კარგადაა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელის, შალვა ტაბატაძის აზრით, მთავარი, რაც კორონავირუსმა ზედაპირზე ამოატივტივა, ის უთანასწორობაა, რომელიც განათლების სფეროში ისედაც არსებობდა და ახლა ბევრად გამოკვეთა. მთელს მსოფლიოში მან უთანასწორო სიტუაციაში ჩააყენა დაბალი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. გაიზარდა განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.

განსხვავება, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებობს, ექსპერტის თქმით, ისაა, რომ სხვა ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩავარდნა უთანასწორობის მხრივ ნაკლები ყოფილიყო. საქართველოში კი არც აღიარეს, რომ გარკვეულ ჯგუფებთან პრობლემები არსებობდა და ზაფხულში, მაშინ როცა კორონავირუსის გავრცელებამ ამის საშუალება მოგვცა, მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად არაფერი გაკეთდა. კიდევ ერთი სხვაობა, მისი თქმით, ტექნოლოგიური მზაობა იყო. შედეგად, განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები არსებულ სიტუაციას შედარებით მარტივად მოერგნენ. საქართველოში კი, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ სხვადასხვა პროგრამა შეისყიდა, სწავლების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად ვერ გაიზარდა და ვერც უთანასწორობა აღმოიფხვრა.

„კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ დღეს მსოფლიოში უკვე მიდის მსჯელობა მასწავლებლების მოსამზადებელი პროგრამების ფილოსოფიურ გადააზრებაზე. თუ როგორი მასწავლებელი უნდა მოვამზადოთ უმაღლესში და როგორ უნდა გადამზადდნენ მოქმედი მასწავლებლები, რათა ისინი მზად იყვნენ როგორც შერეული, ისე ონლაინ და პირისპირ სწავლებისთვის. ჩვენთან ამაზე საუბარიც კი არ არის. მთელ მსოფლიოში დაიწყო მართვის ახალი მოდელების შემუშავებაზე საუბარი. თანამშრომლობითი მმართველობა სასკოლო დონეზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კოვიდმა აჩვენა, რომ სწორედ ასეთი თანამშრომლობით და „ლიდერშიფის“ დანერგვით პრობლემები უფრო ადვილად იჭრება. ჩვენთან ასეთი ტიპის მმართველობაზე არც კი ფიქრობენ და 2020-ში მხოლოდ დირექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და მსგავსი ტიპის მანიპულაციები მოხდა.

„მთელ მსოფლიოში კორონავირუსმა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების გადააზრება გამოიწვია და ამ გადააზრების კონტექსტში დაიწყო საკითხების განხილვა. ჩვენ კი ყოველდღიური რუტინითა და იმით ვართ დაკავებული, თუ როგორ მოვიწონოთ თავი და მივჩქმალოთ რეალური პრობლემები. მთელ მსოფლიოში ფიქრობენ როგორ გახადონ ხარისხიანი განათლება უფრო ხელმისაწვდომი, ჩვენ კი ვფიქრობ როგორ გავასაღოთ უხარისხო განათლება ხარისხიან განათლებად“, – აღნიშნავს სპეციალისტი.

მისივე თქმით, რთულია იმ ჩავარდნის ანაზღაურება, რაც ამ წელმა გამოიწვია, თუმცა შესაძლებელი. აქვე იმასაც დასძენს, რომ ამის მოლოდინი არ აქვს, რადგან ამისათვის პირველ რიგში პრობლემების აღიარებაა საჭირო.

განათლების მეცნიერებათა აკადემიკოს ზურაბ ვახანიას აზრით, 2020 წელს სწავლება არასრულყოფილი იყო და ამან მოსწავლეებს დიდი დაღი დაასვა. განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. მისი აზრით, დისტანციური სწავლება მათ იმის 20 %-საც კი ვერ აძლევს, რაც ჩვეულებრივი მეთოდით სწავლებას უნდა მიეცა. ამის მიუხედავად, ისიც მიიჩნევს, რომ ან დანაკლისის ანაზღაურება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის არსებობის აღიარების შემთხვევაში. ამბობს, რომ მისთვის სამინისტროს სიჯიუტე უცნაურია და არ ესმის თუ რატომ არ უნდა უწყებას პრობლემებისთვის თვალის გასწორება მაშინ, როცა ეს მდგომარეობა მისი ბრალი არაა და კორონავირუსმა პრობლემები ყველა ქვეყანას შეუქმნა.

„სასწავლო პროგრამა სანახევროდაც კი ვერ გავიარეთ, მაგრამ ამას არ ამბობენ. პირველ რიგში უნდა აღიარონ და შემდეგ მასწავლებლებს დაავალონ, ნუ მისდევენ პროგრამას ისე, თითქოს ჩვეულებრივი გაკვეთილები ტარდებოდეს. ეს აქამდეც უნდა ექნათ და რაც უფრო გვიან იზამენ, ჩავარდნა მით მეტი იქნება. მათ ტემპი უნდა შეანელონ და გამეორებას დიდი დრო დაუთმონ, რადგან ხარისხიანად შესწავლილი არ არის. ტემპის შენელების შემთხვევაში პროგრამის გავლა ვერ მოესწრება და მთელ საქართველოში ერთ წლიანი ჩამორჩენა იქნება. იყოს, მერე რა? მეთორმეტე კლასი მაინც ტყუილად არსებობს, თითქმის არავინ დადის, არაფერს სწავლობენ და ანაზღაურება მოხერხდება“, – ამბობს ვახანია.

მისივე თქმით, ევროპის სკოლებში მასწავლებლებს პროგრამის გავლას ასე მკაცრად არ სთხოვენ და მათ შეუძლიათ პროგრამა იმ ტემპით გაიარონ, როგორც ამას ბავშვების საჭიროება აჩვენებს. ამიტომ, იქ კორონავირუსის გავლენა ნაკლებად მტკივნეულია.

„იმ სიტუაციას მოვერგეთ, რაც ქვეყანაში შეიქმნა. რომ გითხრათ ჩვენი მიღწევებით აღფრთოვანებული და გახარებული ვარ მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ მეტი გზა არ იყო, იმ რეალობას უნდა ავყოლოდით, რაც დღეს გვაქვს,“ – გასული წლის ამგვარი შეფასება EDU.ARIS.GE-სთან ილიას უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა, პედაგოგიური მეცნიერების დოქტორმა ნათელა მაღლაკელიძემ გააკეთა. იგი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა უნივერსიტეტში ლექტორებს ლექციების ვიდეოთეკის შექმნა მოსთხოვეს, ვერავინ იგებდა რისთვის იყო ეს საჭირო, თუმცა სწორედ 2020 წელს მიხვდნენ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ვიდეოთეკას, რომელსაც მთელი გასული წლის განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ.

მთავარ სირთულედ, ისიც დისტანციურ სწავლებას ასახელებს და ამბობს, რომ ეს იყო აუცილებლობით გამოწვეული სიახლე დ ერთადერთი გამოსავალი, რომელიც წლევანდელმა წელმა მოიტანა. აქვე იმედოვნებს, რომ მომდევნო წლიდან დისტანციური სწავლება წარსულს ჩაბარდება, თუმცა დასძენს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები, პედაგოგები, ლექტორები, სავარაუდოდ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ იმ უნარ-ჩვევებისა და ახალი გზების გამოყენებას, რომლებიც მათ დისტანციურმა სწავლებამ შესძინა და რომლებიც გაკვეთილებისა და ლექციების გასამრავალფეროვნებლად ძალიან კარგი საშუალებაა.

„მე, ძირითადად, პედაგოგიური მიმართულების კონტინგენტს ვასწავლი, რომელიც მატერიალურად მაინცადამაინც განებივრებული არ არის. აქ ბავშვები ძირითადად იმ მოტივაციით კი არ მოდიან, რომ პედაგოგობა უნდათ, არამედ იმის გამო, რომ ეს სპეციალობა სახელმწიფოსგან ფინანსდება და უფასოა. ბევრს გამოცდებზე მხოლოდ მინიმალური ზღვარი აქვს გადალახული. ასეთ კონტინგენტთან დისტანციურად მუშაობა ცოტა რთულია. ამას ემატება ის, რომ სტუდენტების დიდ ნაწილს კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. სტუდენტთან, რომელიც ლექციაზე მთელი სემესტრის განმავლობაში ვერ შემოდის, რა შემიძლია გავაკეთო? ამიტომ, შეფასებისას ცოტა უფრო რბილები გავხდით. ძველი სტანდარტების გამოყენება არ გამოგვადგება. გარკვეულ დათმობებზე მივდივართ“, – ამბობს ნათელა მაღლაკელიძე.

იგი გვეუბნება, რომ არ უნდა გვეგონოს, თითქოს პანდემიამ მხოლოდ ქართული საგანმანათლებლო სისტემა დააზარალა და პრობლემები, რომლებზეც ვსაუბრობთ, მხოლოდ საქართველოში, ან მისი მსგავსი განვითარების ქვეყნებში შეიქმნა. პროფესორის თქმით, სფეროში ურთულესი გამოწვევები აქვთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი, რომელთაც შესაძლოა აქვთ უკეთესი ტექნიკური მხარდაჭერა, უკეთესი უნარ-ჩვევები, მაგრამ დისტანციური სწავლების დაბალეფექტურობასა და თანმდევ სირთულეებს ისინიც ისევე შეეჩეხნენ, როგორც ჩვენ.

პროფესორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმ დაღისა, რაც 2020-მა წელმა განათლების სფეროს დაასვა, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია, თუკი აუდიტორიებს და კლასებში დაბრუნების საშუალება სამომავლოდ მაინც გახდება შესაძლებელი.

მოსაზრებას ეთანხმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ჭკუასელიც და აღნიშნავს, რომ ყველაფერი კლასზეა დამოკიდებული – დაბალი კლასების შემთხვევაში ამის მოხერხება შესაძლებელია, მაღალ კლასებში კი – ნაკლებად. აქვე იმასაც დასძენს, რომ მასწავლებლებს „სერიოზული მუშაობა“ მოუწევთ და სასწავლო პროგრამებიც გადასახედი იქნება.

„ძალიან ბევრი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ეს ბუნებრივიც იყო და მოსალოდნელიც. თურმე, ამხელა ტექნოლოგიების მიუხედავად, მსოფლიო დისტანციური სწავლებისთვის მზად სულაც არ არის. სხვა ქვეყნებშიც იგივე პრობლემებია, ცხადია. საქართველო ძალიან შეეცადა, ჩვენს ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გავმართეთ და გავასწორეთ, ყველა ოჯახშიც რომ იყოს ინტერნეტი და ყველა ბავშვიც რომ იყოს პროცესში ჩართული, ძალიან ბევრი პრობლემა მაინც რჩება. პროცესი მიდის, თუმცა კმაყოფილებისგან ძალიან შორს ვართ.

„უნივერსიტეტებში საქმე ბევრად უკეთესია, ცხადია, რადგან აქ საქმე სტუდენტებს ეხებათ, რომლებიც მეტად ადაპტირებული და მობილიზებულები არიან. მათ მეტი მზაობა ჰქონდათ. საშუალო სკოლაში კი ყოველი ჩავარდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი შევსება ძალიან რთულია. წელს სასწავლო პროცესმა, რა თქმა უნდა, ხარვეზები განიცადა. თუნდაც ის ფაქტი, რომ გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდა, პროგრამას აზარალებს. თუმცა, მთელს მსოფლიოში ეს მოცემულობაა. რას უზამ მას? შარშან, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, დავინახე, რომ თურმე დედამიწაც კი არ ყოფილა ამისთვის ტექნოლოგიურად მზად. აქ სხვა, განვითარებულ ქვეყნებსაც ვგულისხმობ. სხვა ქვეყნის მასწავლებლებიც ამ დღეში არიან, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები თითქოს კარგად გვაქვს ათვისებული. თუმცა, იქ მასწავლებლებს ძალიან ბევრი ტრენინგი უტარდებათ და შეიძლება ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა“, – აღნიშნავს ქეთევან ჭკუასელი.

2020 წელს ურთულესს უწოდებს ქალაქ მარნეულის მეხუთე საჯარო სკოლის მენტორი პედაგოგი თემო სუყაშვილი და ისიც მიიჩნევს, რომ დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს შორის უთანასწორობა გაღრმავდა. შედეგად, მსოფლიო ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად ჩამოვრჩით. ყველაზე სამწუხარო კი, მისი აზრით, ის არის, რომ განათლების სამინისტროს მიერ არსებული მდგომარეობის რეალური შეფასება დღემდე არ მომხდარა.

„პანდემიამ საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ სასკოლო განათლებას მიაყენა. ჩვენ, ფაქტობრივად, მივიღეთ ერთ წლიანი ჩამორჩენა და დანაკარგი. ჩემი კოლეგებისგან მსმენია, რომ მათ ჰყავთ მოსწავლეები, რომლებიც 2020 წლის მარტის შემდეგ აღარ უნახავთ. როგორ მოხდება მათი სკოლაში სრულფასოვანი დაბრუნება? რა ნაბიჯები უნდა გადადგას სასკოლო თემმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ამ დანაკარგის აღმოსაფხვრელად? ეს არის შეკითხვები რომლებზეც დროული პასუხის გაცემაა საჭირო.

„ვეცნობი 2020 წლის შემაჯამებელ პუბლიკაციებს და განათლების ექსპერტები, ყველაზე ხშირად, ხაზს მიმდინარე წლის საგანმანათლებლო როგორ მოხდება ამ დანაკარგის ანაზღაურება? ჩემი მოლოდინები 2021 წელთან დაკავშირებით სწორედ ამ კითხვაზე პასუხს უკავშირდება. გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, ვითომც არაფერი მომხდარა? მითუმეტეს, ვხედავთ რომ 2021 წელთან დაკავშირებითაც ოპტიმისტური განცხადებები არ კეთდება,“ – ამბობს თემო სუყაშვილი და დასძენს, რომ თუ საგანმანათლებლო სისტემა არ იზრუნებს დანაკარგების რაიმე ფორმით აღმოფხვრაზე, ის მომავალში თავს აუცილებლად იჩენს და საქართველოში განათლების მიმართულებით არსებული არც თუ სახარბიელო მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესდება.

მანამ, სანამ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები – პედაგოგები, პროფესორები, ექსპერტები პანდემიით გამოწვეული ზარალის, ჩავარდნისა და დანაკარგების შესახებ საუბრობდნენ და მათი აღმოფხვრის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს, განათლების მინისტრმა საზოგადოებას წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ უწყებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპებ-ის წარმატებულ მუშაობაზე ისაუბრა. იმ პრობლემებზე კი, რაზეც ჩვენი რესპონდენტები მიუთითებენ, მინისტრს სიტყვაც კი არ დასცდენია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური