GE

რა პოლიტიკური თუ სავაჭრო მოტივები უძღვის წინ გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნებას – წიგნიერების სპეციალისტის შეფასება და რეკომენდაციები

„დედაენა“ ბევრი ისეთი ნარატივით დაიტვირთა, რომელიც მის ძირითად დანიშნულებას – კითხვის ეფექტურად სწავლების პროცესში დამხმარე ფუნქციის შესრულებას – ხშირად ყურადღების მიღმა გვიტოვებს“,- ამბობს წიგნიერებისა და განათლების სპეციალისტი პაატა პაპავა და EDU.ARIS.GE-სთან იმ მოტივებზე საუბრობს, რამაც მისივე თქმით, სკოლებში „დედაენის“ დაბრუნების ინტერესი გააჩინა:

„იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ საქართველოს გადარჩენის ნაციონალური ნარატივის მნიშვნელოვან კომპონენტად ჩამოყალიბდა. ამიტომ მასთან ასოცირდება ეროვნულ იდენტობასა და თვითმყოფადობასთან დაკავშირებული მკაფიო სურათ-ხატები. როცა ამ კუთხით ზომიერებას ვერ ვიცავთ, ძვირფას ეროვნულ არტეფაქტს პოპულისტური პოლიტიკური მანიპულაციის საგნად ვაქცევთ ხოლმე. ბავშვებსაც ცუდად ვექცევით.

უდავო ფაქტია, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ მეთოდოლოგიურად საკმაოდ გამართული, მწყობრ კარკასზე აგებული სახელმძღვანელოა. მისი გამოყენებით უამრავი ადამიანი დაეუფლა კითხვის უნარს. მიუხედავად ამისა, არანაირად არ უნდა გამოვრიცხოთ ის ფაქტიც, რომ მისი გაუმჯობესება და გამდიდრება შესაძლებელია, რაც კვლევას, პრაქტიკული მიგნებების განზოგადებას, ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას მოითხოვს.

მოგვწონს ეს თუ არა, არის კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორი – „დედაენა“ კომერციული ბრენდია და ამ „სავაჭრო ნიშნით“ აღბეჭდილი ნივთი ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის საფუძველია.

როგორც ვხედავთ, „დედაენის“ შენარჩუნების, დაბრუნების, შეცვლის, განახლების თუ გადამუშავება-გამდიდრების საკითხები სცილდება ბავშვებისა და სპეციალისტების ინტერესებს. არადა, საუკეთესო შემთხვევაში, სწორედ ამ ორი ჯგუფის უფლებები და შეხედულებები უნდა დავაყენოთ პირველ ადგილას. სამწუხაროდ ახლა პირიქითაა. მოსწავლეთა განათლების უფლება და საქმის მცოდნე სპეციალისტების შეხედულებები ნაკლებად განიხილება. ასპარეზზე ძირითადად არამეცნიერული შეხედულებებით გაჯერებულ, ფსევდო-პატრიოტულ, მძაფრად პოლიტიზებულ, ნახევრად საკრალიზებულ, საავტორო საკითხებით გაჯერებულ საუბრებს ვისმენთ. დღეს შექმნილია საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე ნამდვილად არ არის ჩართული. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა, ამ კომისიის დაკომპლექტება უფრო გამჭვირვალედ და კომპეტენტურად წარმართულიყო.

თხუთმეტი წელია, ბავშვებისათვის კითხვის სწავლების საკითხებზე ვმუშაობ და უკვე მერამდენედ მესმის შეძახილები გოგებაშვილის სკოლებში დაბრუნების შესახებ. მეეჭვება, ამ საქმის ინიციატორებს შეეძლოთ სათანადოდ ახსნა იმისა, თუ რა იგულისხმება ამ ე. წ. „დაბრუნებაში“. შესაბამისად, დაველოდოთ უფრო კონკრეტულ განცხადებებს და ამ თემას შემდეგ მივუბრუნდეთ

-დაწყებითი კლასების მოქმედ სახელმძღვანელოებზე რას იტყვით, რა ნაკლოვანებები აქვს და როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები?

-სამივე პაკეტს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. სახელმძღვანელო კომპლექსური საგანია და მრავალი ელემენტისაგან შედგება. იდეალური სახელმძღვანელო ბუნებაში არ არსებობს. თანამედროვე ბეჭდვითი და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, ვფიქრობ, საუკეთესო პრაქტიკულ შედეგებს სწორედ ის სახელმძღვანელო მიაღწევს, რომელიც ქვემოთ აღწერილ რამდენიმე ძირითადი პრინციპის რეალიზებას მოახერხებს.

აუცილებელია, პირველი კლასის სახელმძღვანელოს გამდიდრება ამბის ტიპის კარგად ილუსტრირებული თხრობითი ტექსტებით. ასეთი, მასალით სწავლება ბუნებრივ, ავთენტურ მოვლენად აღიქმება პატარა მკითხველის მიერ. სახელმძღვანელოს დასაწყისში მოწოდებული ამბები ძირითადად ნახატებით უნდა იყოს გადმოცემული. თანდათანობით ნახატებს იოლად ამოსაცნობი სიტყვები და მარტივი ფრაზები დაემატება. ასე მივა ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ სიტყვების, მარცვლებისა და ასოების დეკოდირებამდე, რაც ტექსტებთან და წიგნებთან ურთიერთობის მოტივაციაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. შეგვიძლია ასეთ მეთოდიკურ მიდგომას დავარქვათ „მთელი-ნაწილები-მთელი“ ან „განვრცობილი ანალიზურ-სინთეზური მიდგომა“. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოების ამგვარად აწყობას ზოგიერთი პედაგოგი გოგებაშვილისეულ მიდგომაზე უარის თქმად აღიქვამს, რაც შეცდომაა.

დასაწუნია სახელმძღვანელო, რომელიც საშუალებას არ აძლევს ბავშვს, კითხვისა და წერის აქტივობებზე გადასვლამდე ხალისითა და ინტერესით ისაუბროს საყვარელი პერსონაჟების, ნივთების, მოვლენების შესახებ. ამ მხრივ ნამდვილად შესაძლებელია პირველი კლასის სახელმძღვანელოს გაუმჯობესება. ზეპირმეტყველება არის ის აუცილებელი ფუნდამენტი, რომელზეც უნდა დაშენდეს კითხვა და წერა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ესმოდეთ ის სიტყვები, რომლებსაც ზეპირ თუ წიგნიერ კომუნიკაციაში გამოიყენებენ. კარგმა სახელმძღვანელომ უნდა მისცეს მასწავლებელს საშუალება, ხშირად ელაპარაკოს ბავშვებს მრავალფეროვან თემებზე, მოუთხროს მათ ამბები, დაუსახელოს საგნებიდა თანდათანობით შემოიტანოს მათი ასოებით კოდირებული სახელები.

აშკარად გადასახედია სახელმძღვანელოების ლექსიკური მხარე. ხშირად ვხვდებით გაუგებარ, არაავთენტურ, უსარგებლო სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც აფერხებს გაგება-გააზრების პროცესს და კლავს ტექსტთან ურთიერთობის მოტივაციას. საბედნიეროდ, სკოლებში არიან გაბედული, კომპეტენტური მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ დამხმარე ლიტერატურას, მრავალფეროვან მასალას, კლასში დამზადებულ პოსტერებსა და დიდ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე საკლასო ოთახის აუცილებელი ატრიბუტებია.

მე მიმაჩნია, რომ ეს ის შეუქცევადი პროცესებია, რომლებიც დროთა განმავლობაში უეჭველად დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენი სკოლების საკლასო ოთახებში. პროცესი უკვე დაწყებულია და ხელოვნური ჩარევით მისი შეჩერება მხოლოდ დროში გაწელავს სასურველი სურათის ხორცშესხმას.

ვწუხვარ ბავშვებისა და იმ მშობლების გამო, რომლებსაც საშუალება არ ეძლევათ, კითხვა ხალისით, ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით, სიყვარულით აითვისონ. თან იმედი მაქვს, რომ კომისიის გადაწყვეტილებები არ შეაფერხებს თეორიულ კვლევა-ძიებას და იმ კვალიფიციური მასწავლებლების პრაქტიკულ საქმიანობას, რაც აუცილებლად უნდა სდევდეს თან წიგნიერების გავრცელებისა და განვითარების პროცესებს ოცდამეერთე საუკუნეში.

ამავე თემაზე:

დეპუტატი: კანონპროექტი ამბობს, რომ „დედაენა“ აუცილებლად უნდა იყოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში. მორჩა!

რა ტიპის ხარვეზებს ხედავენ მშობლები პირველი კლასის „დედაენაში“ და როგორია სპეციალისტების პასუხი

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური