GE

რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართულის გამოცდის II სესიაზე – გამოცდები 2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე სრულდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს აბიტურიენტებმა ორ სესიად წერეს და სხვადასხვა ვარიანტები შეხვდათ.

გამოცდიდან გამოსულები ყვებიან რა საკითხები შეხვდათ მეორე სესიაზე და რამდენად გაუმარტივდათ ზოგადად ტესტის დაწერა.

175-ე სკოლაში მდებარე საგამოცდო ცენტრი, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდნარეობს, პირველმა აბიტურიენტმა 35-წუთში დატოვა.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე რატომ დატოვა ასე ადრე გამოცდა აბიტურიენტმა უპასუხა, რომ რაც შეეძლო ყველაფერი დაწერა.

,,მოვიდა ტექსტის რედაქტირება, შინაარსი არ მახსოვს, არგუმენტირებული ესე ჰალსტუხზე და ნიკოლოზ ბარათაშვლის ,,ფიქრი მტკვრის პირას. რაც შევძელი დავწერე”, – თქვა აბიტურიენტმა.

“რედაქტირება ჰალსტუხის ისტორიაზე იყო, ტექსტის ანალიზში გოდერძი ჩოხელის მოთხრობა მოვიდა, ესე კი ასეთი იყო, მოწინააღმდეგე ძალადობა სისუსტის მაჩვენებელია თუ არაო”, – აბიტურიენტი მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან.

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია პირველმა ანანო გიორგაძემ დატოვა: ,,თემად გოდერძი ჩოხელის “ანაბარი” მოვიდა. კარგი სამუშაო იყო ესეზეც: არსეობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ადამიანის დამცირება საკუთარი უძლურების ნიშანია – დაახლოებით, ამ შინაარსის ესე ვწერეთ. ლექსის სათაური არც წამიკითხავს. გამოცდა მშვიდად მიმდინარეობდა და არც ისე რთული არ ყოფილა. რედაქტირებაში 16 შეცდომა ვიპოვე”.

დიანა კუტუბიძე, მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან: ,,მოვიდა არგუმენტირებული ესე – ,,ითვლება თუ არა მოწინააღმდეგეზე ძალადობა სისუსტედ, ამას უნდა დავთანხმებოდით ან, არა. ასევე მოვიდა ბარათაშვილის ,,ფიქრი მტკვრის პირას” და გოდერძი ჩოხელის ,,ანაბარი”. გამოცდის მიმდინარეობით ძალიან კმაყოფლი ვარ, გამიადვილდა ყველაფრის დაწერა, დამკვირვებლებიც ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ, რომ კომფორტულად გვეწერა”.

,,თუ სწორად მახსოვს ესე იყო ძალადობაზე და არ გამიჭირდა საერთოდ. ძალიან კარგად დავწერე და მაღალ შეფასებასაც ველოდები”, – ამბობს ნოდიკო ქოქოშვილი გორის საგამოცდო ცენტრიდან.

,,ფიქრი მტკვრის პირას მოვიდა და ძალიან გული დამწყდა. კარგად არ ვიცოდი ეს. ვფიქრობ, ქულა დამაკლდება. ცოტა გამიჭირდა, მეორე სესია გაცილებით რთული იყო პირველისგან, ესე იყო ბულინგზე. უნდა დაგვეწერა ვეთანხმებოდით თუ არა მოწინააღმდეგის ჩაგვრას”, – ამბობს კიდევ ერთი აბიტურიენტი გორიდან.

თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ ცენტრში მეორე სესიიდან პირველი აბიტურიენტი ნახევარ საათში გამოვიდა. მისი თქმით, ძალიან მარტივი საკითხები იყო, თუმცა კონკრეტული თემები ვერ გაიხსენა: “რაღაც ლექსი იყო და რაღაც წინადადება, რომელიც უნდა გაგვერჩია, კონკრეტული არაფერი მახსოვს”, – განაცხადა მან.

“ესე იყო დაჩაგვრაზე ზოგადად. პოლიტიზირებაც შეიძლებოდა ამ თემის, მე პოლიტიკას დავუკავშირე. ლექსი იყო ბარათაშვილის “ფიქრი მტკვრის პირას” და ტექსტი იყო გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებიდან. ძალიან ადვილი ტექსტია და ადვილად დაწერენ”, – ამბობს აბიტურიენტი ვლადიმერ გოგია 173-ე საჯარო სკოლიდან.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ორი სესია ხვალ ჩატარდება. 3 ივლისიდან კი აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს: მარიამ ელიაშვილმა, ანუკი წიწილაშვილმა, თამთა ვირსალაძემ და ნიკა გაბლიშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური