GE

რა საკითხების ასახვას ითხოვს მარიამ ჯაში 2019 წლის განათლების ბიუჯეტის პროექტში

2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა პარლამენტის პლენარულ სხდომებზე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. არსებული პროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წელს გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აღნიშნავს, მომავალი წლისთვის იზრდება საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტი, ასევე განათლების ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ინფრასტრუქტურულ და ინკლუზიური განათლების კომპონენტებს.

“განათლების ბიუჯეტის მატების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ინფრასტრუქტურულ კომპონენტს. 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ განსაკუთრებით პრიორიტეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. მეორე უმნიშვნელოვანესი სიახლე არის ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე. ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

კანონში წელს მიღებული ცვლილებებით სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში. მნიშვნელოვანია ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროგრამული კომპონენტები. 2019 წელს იგეგმება საჯარო სკოლების უფრო მასშტაბური აღჭურვა კომპიუტერებით, პროექტორებით, ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებით და ინტერნეტ ქსელით.

ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება. ეს ცვლილებაც წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის საპასუხოდ მოხდა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გარემო დავნერგოთ საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს შორის”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მიუხედავად ბიუჯეტში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებებისა, მარიამ ჯაში რამდენიმე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათი გადაჭრა განსაკუთრებით პრიორიტეტულია.

“სასწრაფოდ გადასაწყვეტია ჩვენი ინტელექტუალური მემკვიდრეობის ფონდის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობის საკითხი. ასევე დაუყოვნებლივ გადასაწყვეტია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობის საკითხი და კონკრეტული წინადადებები არსებობს, თუ როგორ შეიძლება მინიმალური სახელმწიფო რესურსებით ამ პრობლემის გადაჭრა.

ცალკე მინდა გამოვყო ქუთაისის საგანმანათლებლო და კულტურული ინფრასტრუქტურის საკითხიც. სასწრაფოდ გადასაჭრელია ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ბიბლიოთეკის შენობების პრობლემა.

ასევე გასათვალისწინებელია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დაფინანსების ზრდის შესაძლებლობა. უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა დეპარტამენტი და მნიშვნელოვანია მათი შემდგომი ხელშეწყობა”, – ნათქვამია მარიამ ჯაშის განცხადებაში.

სესიაზე განხილვის შემდეგ, დოკუმენტი კორექტირებისთვის კვლავ მთავრობას გადაეგზავნება. 2019 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღებს.

ამავე თემაზე:

2019 წელს სახელმწიფო პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის 11 მილიონ 755 ათას ლარს დახარჯავს – როგორ ნაწილდება თანხები ბიუჯეტის პროექტის თანახმად

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური