GE

რა შეცდომებს უშვებენ 2019 წლის აბიტურიენტები რეგისტრაციისას და რას სთავაზობს მათ „ნაეკი“

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციამდე სულ ხუთი დღეა დარჩენილი, თუმცა მიუხედავად ამისა, აბიტურიენტთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ ჩქარობს გამოცდებისთვის რეგისტრაციას ან არ არის სათანადოდ ინფორმირებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ დღეის მონაცემებით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 25 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ბოლო წლების სტატისტიკაზე დაკვირვებით, აბიტურიენტები ბოლო დღემდე არ რეგისტრირდებიან. ამიტომ მოუწოდებს, ბოლო წუთამდე ნუ გადადებენ და დროულად დარეგისტრირდნენ.

მან რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა. როგორც გორგოძე ამბობს, რეგისტრაციისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა თანხის გადახდას ეხება, რადგან აბიტურიენტები გამოცდის თანხის გარეშე ცდილობენ რეგისტრაციას.

“ხშირად, ჰგონიათ, რომ ჯერ უნდა დარეგისტრირდნენ და თანხა მერე გადაიხადონ, სინამდვილეში კი ჯერ თანხა უნდა გადაიხადონ. მათ ერთი საგნის ჩაბარების თანხა 10 ლარიც რომ გადაიხადონ უკვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. ასევე, ვთქვათ, თუ თანხის პრობლემა აქვთ, ერთი საგანი მაინც დაარეგისტრირონ და დანარჩენი საგნები 7 მაისამდე დაამატონ. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა, რომ არ ნიშნავენ ველს ,,ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს” და ვეღარ აგრძელებენ რეგისტრაციას. ხანდახან, არასწორად რიცხავენ თანხას და სამაგისტროზე შეიძლება ჩარიცხონ”, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

კიდევ ერთი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად, აბიტურიენტებს ჰგონიათ დარეგისტრირდნენ, თუმცა სინამდვილეში რეგისტრაციის პროცესი დასრულებული არ აქვთ. ამიტომ, გორგოძის თქმით, თუ იმეილზე დასტური არ მოუვათ, აუცილებლად უნდა მიმართონ გამოცდების ცენტრს.

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების სია:

  • აპლიკანტებს რეგისტრაცია ვერ მიჰყავთ ბოლომდე, რადგან არ კითხულობენ წესებს და შესაბამისად, ავიწყდებათ ბმულის მონიშვნა – გავეცანი და ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს;
  • რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია აპლიკანტმა გამოიყენოს შენახვის ღილაკი. ამ ღილაკზე დაჭერის გარეშე რეგისტრაცია დასრულებულად არ ითვლება;
  • მომხმარებლის სახელში, ელფოსტის ნაცვლად, უთითებენ სახელს და გვარს;
  • იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სახელოვნებო ან სასპორტო პროგრამებზე აბარებენ, ავიწყდებათ შემოქმედებითი ტურის არჩევა;
  • პროგრამების კოდებს უთითებენ არასწორად;
  • გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ხშირად თანხის გადახდის გარეშე იწყებენ რეგისტრაციას;
  • საერთო სამაგისტრო პროგრამაზე შეცდომით ირჩევენ ტესტის ტიპს;
  • თანხის გადახდის დროს შეცდომით უთითებენ პირად ნომერს;
  • არასწორად რიცხავენ თანხას (მაგ.: ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სხვ.).

ცენტრის ხელმძღვანელმა აბიტურიენტებს მოუწოდა, აქტიურად ადევნონ თვალი ცნობარს, რადგან ზოგიერთი პროგრამა ამ პერიოდში გადის აკრეტიდაციას, ზოგს კი პირიქით, შეიძლება აკრედიტაცია გაუუქმდეს. სწორედ ამიტომ ეძლევათ აბიტურიენტებს პროგრამებში ცვლილების შეტანა შედეგების გაგების შემდგომ დღემდე.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცესი ბევრ დეტალს გულისხმობს, რაც ცნობარში არის გაწერილი, ამიტომ საჭიროა, აბიტურიენტმა ცნობარი დეტალურად წაიკითხოს და თუ რეგისტრაციის დროს პრობლემები მაინც შეექმნებათ, ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

ამავე თემაზე:

რატომ არის 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა მცირე? – აბიტურიენტების პასუხი

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა სალომე ზარიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური