GE

რა შედეგით დასრულდა ილიაუნის გათავისუფლებული ლექტორებისა და ადმინისტრაციის შეხვედრა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის გათავისუფლებულ ლექტორებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც ცნობილია, მოწვეულ ლექტორებს უნივერსიტეტმა ხელშეკრულება იმ მოტივით გაუუქმა, რომ მათი უნივერსიტეტის ლექტორები პარალელურად ორ უმაღლესში ლექციებს არ უნდა კითხულობდნენ, რაშიც ადმინისტრაციამ არგუმენტად ავტორიზაციის ახალი სტანდარტი მოიყვანა, თუმცა სტანდარტში ასეთი ჩანაწერი არ არის.

ბიზნესის სკოლის 7 მოწვეულ ლექტორს რექტორის მოადგილე და მოვალეობის შემსრულებელი ნინო დობორჯგინიძე და სკოლის დეკანი ნინო პატარაია შეხვდნენ. როგორც ლექტორები შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებენ, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან, მათ დღეს იგივე ინფორმაცია მიიღეს, რაც ისედაც ჰქონდათ.

“იქედან გამომდინარე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გარკვეული ღვაწლი გვაქვს გაწეული ამ უნივერსიტეტისათვის, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ მივმართოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რათა მან მოიკვლიოს ის მიზეზები, რამდენად რეალურია უნივერსიტეტის განცხადება იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს და რეალიურია ჩვენი გათავისუფლების მიზეზები, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ წარმოგვიდგინა. სულ ბიზნესსკოლიდან გათავისუფლებულია არა 7, არამედ დაახლოებით 25 ლექტორი”, – განაცხადა ერთ–ერთმა ლექტორმა თამთა გველესიანმა.

როგორც კიდევ ერთი ლექტორი, პაატა შურღაია ამბობს, პრორექტორი ამ საკითხის საქმის კურსში საერთოს არ არის და დეკანმა ნინო პატარაიამ გადაწყვეტილების მიღების დროს პირადი სიმპათიების მიხედვით იხელმძღვანელა.

როგორც ჩვენთან საუბარში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო დობორჯგინიძე ამბობს, ლექტორებს აქვთ უფლება მიმართონ განათლების სამინისტროს.

“მართალია, ავტორიზაცია არ კრძალავს რომ ლექტორმა ორ უნივერსიტეტში პარალელურად ასწავლოს, თუმცა ავტორიზაციის ახალი სტანდარტის თანახმად, ლექტორს არ აქვს უფლება ჰქონდეს უნივერსიტეტის უნიფიკაცია. ისინი სხვა უნივერსიტეტის პროფესორები არიან. ჩვენ ვეძებთ ჩვენი აკადემიური პროფილის, აკადემიური იდენტობის შესაბამის პროფესორებს”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ნინო დობორჯგინიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლექტორებმა სტუდენტებთან გადაინაცვლეს და ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც სტუდენტები ამბობენ, თავიანთი სამომავლო მოქმედებების შესახებ განცხადებას მომდევნო დღეებში გააკეთებენ.

რა ხდება ილიაუნის ბიზნესის სკოლაში და რას პასუხობს უნივერსიტეტი ლექტორების პრეტენზიას

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური