GE

რა შემთხვევაში დაიკეტება საბავშვო ბაღი? – როგორია ახალი რეგულაციები და რა პრობლემებს ხედავენ ბაღის თანამშრომლები

როგორც 13 დეკემბერს გახდა ცნობილი, საჯარო და კერძო ბაგა-ბაღები, კორონავირუსის გამოვლენისთანავე სრულად აღარ დაიხურება და მათ შემთხვევაშიც წერტილოვანი შეზღუდვების მიდგომა იმუშავებს, თუმცა EDU.ARIS.GE-მ არაერთი წერილი მიიღო იმის თაობაზე, რომ ბაღების შემთხვევაში ეს არცთუ სწორი გადაწყვეტილება იყო.

კორონავირუსთან დაკავშირებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის განახლებული რეგულაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. ახალი რეგულაციები 13 დეკემბრიდან ამოქმედდა და მთელს საქართველოზე ვრცელდება.

აქამდე არსებული კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების მიხედვით, თუ ვირუსი საბავშვო ბაღის რომელიმე თანამშრომელს ან აღსაზრდელს დაუდასტურდებოდა, სააღმზრდელო დაწესებულება 12 დღით მთლიანად იკეტებოდა.

არსებობს თუ არა მოცემულობა, რომელიც ბაღის მთლიანად დახურვას განაპირობებს, ამ კითხვით EDU.ARIS.GE-მ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა და როგორც 14 დეკემბერს სააგენტოში განგვიმარტეს, საკითხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე დაარეგულირებს.

„საბავშვო ბაღების ერთი ჯგუფი დაიხუროს, ერთი სართული თუ მთელი საბავშვო ბაღი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გადაწყვეტს. ამ ცენტრს საბავშვო ბაღების სააგენტომ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დაინფიცირებულების კონტაქტებისა კლასიფიკაციის მიხედვით. სააგენტოს კი, თავის მხრივ, ამ დეტალებს საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა აწვდის.

განახლებული რეგულაციების თანახმად, შეიცვალა კონტაქტების კლასიფიკაცია, თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვის და პერსონალის ტესტირების მექანიზმი. განისაზღვრა დაბალი და მაღალი რისკის მქონე კონტაქტები.

მაღალი რისკის მქონე კონტაქტები დაექვემდებარა თვითიზოლაციის ან კარანტინის რეჟიმს, თუმცა მაღალი რისკის სრულად ვაქცინირებული კონტაქტები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციასა და კარანტინს იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან მე-3 და მე-5 დღეს COVID-19-ის სწრაფი ტესტის ჩაუტარდებათ.

დაბალი რისკის კონტაქტებს კი ეძლევათ საშუალება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გააგრძელონ ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდებათ.

ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი და დაბალი რისკის მქონე კონტაქტების ცხრილი გამოაქვეყნა, რომელიც ასე იშიფრება:

მაღალი რისკის მქონე კონტაქტია, პირი, რომელსაც ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით; ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან; ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ის შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: შეხველება); რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო /შეხვედრების ოთახი და ა. შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.

დაბალი რისკის მქონე კონტაქტია პირი, რომელსაც ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 2 მეტრზე ნაკლები, მაგრამ 1 მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით; იმყოფებოდა COVID-19 – ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კორონაპანდემია მძვინვარებს, ახალი რეგულაციებით, თბილისში ვირუსის გამო დაკეტილ საბავშვო ბაღთა რაოდენობა კი შემცირდება, თუმცა საკითხავია, რამდენად იმოქმედებს ეს ამბავი ვირუსული პანდემიის გავრცელებაზე.

თბილისის ერთერთი ბაღის თანამშრომელი, რომელიც EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა, ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში წერტილოვანი შეზღუდვები მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან აღმზრდელები თუ ბაღის სხვა თანამშრომლები ერთი საპირფარეშოთი სარგებლობენ, ბავშვები კი ერთ სივრცეში ჭამენ. სრულად ყველა რეგულაციის დაცვა კი ფაქტობრივად შეუძლებელია.

„რეგულაციებში რაც წერია, იმ ყველაფერს თუ დავიცავთ, კი დავექვემდებარებით, რომ ბაღი მთლიანად არ დაიხუროს, მაგრამ საერთო საპირფარეშო გვაქვს. ჯგუფი თუ დაიხურა, მისი პედაგოგი ხომ შედიოდა საპირფარეშოში, სადღესასწაულო დარბაზში თუ ეზოში? ერთ სივრცეში ჭამენ ბავშვები. კი, ერთი ჯგუფი გამოდის და მეორე შედის, მაგრამ… ბაღში წერტილოვანი შეზღუდვები როგორ გამოვა, არ ვიცი. დამლაგებელი დადის და ასუფთავებს, მაგრამ ყველა ატრაქციონს, სათამაშოსა თუ კუთხე-კუნჭულს დეზინფექციას როგორ გაუკეთებს?“, – გვითხრა თბილისის ერთერთი საჯარო ბაღის თანამშრომელმა.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის გამოქვეყნებულ რეგულაციებს თან ახლავს დეტალური ჩამონათვალი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საბავშვო ბაღის თანამშრომლები კორონაპანდემიის პირობებში. ერთ-ერთი რეკომენდაცია ასეთია:

„რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით გადაყვანილ უნდა იქნეს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით“.

თბილისის ერთერთი საბავშვო ბაღის საგანგებო პროგრამათა კოორდინატორმა კი, EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ აღნიშნული რეკომენდაცია დასაკორექტირებელია, რადგან პატარებს დიდ პრობლემას უქმნის.

„ვიდრე მშობელი მოვა, ბავშვი უნდა გადავიდეს საიზოლაციო სივრცეში. პატარები არიან და როცა ბავშვს არავინ შეჰყვება, შიში იპყრობს. ვინც შეჰყვება, ისიც ხომ დაუცველი ხდება იმ შემთხვევაში? ეს რეგულაცია იურიდიულად გაუმართავია. ჩვენს ბაღში იყო შემთხვევა, ბავშვს სიცხე ჰქონდა და საიზოლაციო ოთახში რომ გადავიყვანეთ, შიშისგან ხელების კანკალი დაემართა და მასწავლებელმა თქვა, რა ვქნა, თუნდაც შემეყაროს ეს ვირუსი, ბავშვს მარტო ვერ დავტოვებო. შეიძლება ექთანი უნდა შევიდეს, მაგრამ თუ მას ბავშვი მიჩვეული არ არის, მაინც აქვს შიშის შეგრძნება. შესაბამისად, გადადების მომენტები არ დაფიქსირებულა. ბავშვი ოთახში მარტო არ ჩერდება, უკან მოგდევს და რა უნდა ვქნათ ასეთ დროს?!“, – კითხულობს ბაღის თანამშრომელი.

როგორ იმუშავებს პრაქტიკაში საბავშვო ბაღებისთვის შემუშავებული ახალი რეგულაციები, ამას დრო გვაჩვენებს.

ასევე იხილეთ:

13 დეკემბრიდან საჯარო ბაღებს COVID-19-ის შემთხვევებზე ახალი რეაგირება ექნებათ – რეგულაციების დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური