GE

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა 1-ლი მარტიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში – მინისტრის განმარტება

საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არსებობს კონკრეტული მაჩვენებელი, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სხვა დიდი ქალაქების შემდეგ, უკვე 1-ლი მარტიდან სასწავლო პროცესი განახლდეს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.

საკითხის შესახებ მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ისაუბრა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც სწავლა თებერვლის პირველი რიცხვიდან განახლდება.

როგორც განიმარტა, საუბარია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის 4%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნებაზე (როდესაც ქვეყანაში კოვიდდადასტურებულთა რაოდენობა კონკრეტულ ვადებში 4%-ს არ აღემატება), რაც დიდწილად განსაზღვრავს შეზღუდვების მოხსნას.

“შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სკოლები მუშაობას გააგრძელებენ უკვე საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რიუსთავისა და ქუთაისისა. როგორც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის განახლება საკლასო ოთახებში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი – კერძოდ, 7 დღის განმავლობაში 4%-იანი მაჩვენებელი ინფიცირებისა. ანუ, თუ პირველ მარტამდეც ეს 7-დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ კიდევ უფრო შემსუბუქებას რეგულაციისას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. ეს კრიტერიუმი მკაფიოდ არის განსაზღვრული და მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ზედმიწევნით დაცული იქნება სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი და მასწავლებლები რეგულარულ ტესტირებას გაივლიან.

“პირველ რიგში ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 7- დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი თუ ჩამოვა 4%-ზე, საშუალება გვექნება, რომ სასწავლო პროცესი თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ საკლასო ოთახებში”, – აღნიშნა მინისტრმა.

იქამდე, საკითხზე განმარტება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა პრემიეირ-მიინისტრმა გიორგი გახარამ, რომელიც ამბობს, რომ:

“როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში, ჩამოცდება 4 პროცენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს, დავაჩქაროთ. 1-ლი თებერვლიდან მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო სექტორს სრულად ვხსნით, შედგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას ეს არის, რა თქმა უნდა, განათლების გახსნა და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4-პროცენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო ცხოვრების, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის”, – თქვა გიორგი გახარიამ.

როგორც საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმაც განმარტა, ინფიცირების 4%-იანი დადებითობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი შეზღუდვების შემსუბუქებისა და არა ერთადერთი.

„პირველ სემესტრში მშობლების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გაიხსნა სკოლები და იცით რა მოხდა?“ – მასწავლებლის პასუხი მშობლებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური