GE

რა შემთხვევაში მიენიჭება უპირატესობა მატერიალურ ჟურნალს და როგორ უნდა მოიქცნენ პედაგოგები – განცხადება

დღეს ელექტრონულ ჟურნალებში ცვლილებების შეტანის ბოლო დღეა, თუმცა ამ დროისთვის უცნობი რჩება რამდენმა მასწავლებელმა ვერ შეძლო ჟურნალის მოწესრიგება. საჯარო სკოლებში ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პროცესში გამოვლენილი გარკვეული ხარვეზების გათვალისწინებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჟურნალის წარმოების წესის თანახმად, ელექტრონულ ჟურნალსა და ჟურნალში არსებულ მონაცემებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა საკლასო (მატერიალურ) ჟურნალს მიენიჭება. კონკრეტულად რა შემთხვევაში ჩაითვლება მატერიალურ ჟურნალში ასახული მონაცემები უპირატესად, იხილეთ EMIS-ის განცხადებაში:

როგორც თქვენთვის ცნობილია, ჟურნალის წარმოების წესის მიხედვით, ყველა საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წლიდან ჰქონდა ვალდებულება, დაეწყო ელექტრონული ჟურნალის წარმოება როგორც დისტანციური სწავლების პერიოდში, ისე – დასწრებით სწავლებისას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს არ ჰქონდა შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა, დასწრებით სწავლების პერიოდში ყოველდღიურად აგრძელებდა ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანდნენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოეყენებინათ საჯარო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი). შესაბამისად, 2020-2021 სასწავლო წელს დაშვებულია ჟურნალის (მატერიალური სახით) წარმოების შესაძლებლობაც.

ჟურნალის წარმოების წესის თანახმად, ელექტრონულ ჟურნალსა და ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ჟურნალში (მატერიალური სახით) არსებულ ჩანაწერს. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დარეგულირების მიზნით დადგენილი შეზღუდვების, ელექტრონული ჟურნალის პლატფორმის დანერგვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზებისა და იმ მასწავლებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ვისაც შესაძლოა, არ ჰქონოდა წვდომა კომპიუტერულ მოწყობილობებსა ან ინტერნეტთან, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში ელექტრონული ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული გამოცდილების საფუძველზე, აუცილებელია დაზუსტდეს შემდეგი:

თუ მასწავლებელი 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან ყოველდღიურად აწარმოებდა ელექტრონულ ჟურნალს, ყველა მოსწავლის დასწრების აღრიცხვა, განმსაზღვრელი შეფასება და სემესტრული ნიშანი არის სწორად ასახული, მასწავლებელი არ არის ვალდებული აწარმოოს ჟურნალი (მატერიალური სახით). თუმცა, თუ იგი მაინც აწარმოებდა მას, გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონულ ჟურნალსა და ჟურნალში არსებულ მონაცემებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება საკლასო (მატერიალურ) ჟურნალს;

თუ მასწავლებელი ყოველდღიურად აწარმოებდა ელექტრონულ ჟურნალს, თუმცა ყველა მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასება ან სემესტრული ნიშანი არ არის სწორად ასახული (მის მიერ შევსების პროცესში დაშვებული შეცდომის ან პროგრამული ხარვეზის გამო) და აღნიშნული მონაცემები, მიუხედავად კორექტირებისა, არ შეიცვლება 16 იანვარს 10:00 საათამდე, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, მასწავლებლებს ვთხოვთ, მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებები და/ან სემესტრული შეფასება გადაიტანონ ჟურნალში (მატერიალური სახის). ამ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, უპირატესობა მიენიჭება მატერიალურ ჟურნალს.

ამასთან, ცდომილების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ხარვეზის შესახებ აუცილებლად აცნობოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა ერთობლივად განხორციელდეს არსებული პრობლემის/ხარვეზის იდენტიფიცირება და გათვალისწინებული იქნეს მომავალი სასწავლო წლის სემესტრიდან;

თუ მასწავლებელს მთელი სემესტრის განმავლობაში არ უწარმოებია ელექტრონული ჟურნალი და ვერ ასწრებს 15 იანვრის ჩათვლით მის წარმოებას, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, ჟურნალში (მატერიალური სახის) სრულყოფილად უნდა აისახოს ინფორმაცია პირველ სემსეტრში მოსწავლეთა დასწრების და განმსაზღვრელი შეფასებების შესახებ. ამ შემთხვევაშიც, უპირატესობა მიენიჭება საკლასო ჟურნალში ასახულ ინფორმაციას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული არ ათავისუფლებს მასწავლებლებს 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ელექტონული ჟურნალის წარმოებისაგან.

ამავე თემაზე:

სკოლის დირექტორი: ნიშნის „არასწორად“ დაანგარიშების პრობლემა ძირითადად შემაჯამებელი დავალების ზედმეტად ჩანიშვნით ​იყო გამოწვეული

როგორ (ვერ) მუშაობს უკვე სავალდებულო ელექტრონული ჟურნალი სკოლებში

ელექტრონული ჟურნალის წარმოებას სკოლები წელს დაიწყებენ, 2021-2022 სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ჟურნალი სულ გაუქმდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური