GE

რა შემთხვევაში მიიღებს აბიტურიენტი ნულ ქულას მხატვრული ტექსტის ანალიზში

ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტი ნულ ქულას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მხატვრული ტექსტის ანალიზის დავალებაში დაწერს მხოლოდ პერიფრაზს და ტექსტის ანალიზს არ გააკეთებს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენის ჯგუფის წევრმა ნინო ჭუმბურიძემ ისაუბრა, რომელიც აბიტურიენტებს რჩევებს „ტელესკოლის“ საშუალებით აძლევს.

ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე მხატვრული ტექსტის ანალიზის ნაწილში აბიტურიენტებს ორი ტექსტი შეხვდებათ. ერთი პროგრამული, მეორე კი არაპროგრამული ლიტერატურიდან. ნაწარმოები შეიძლება იყოს თხრობითი, ან ლექსის სახით. აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი და ზუსტად უპასუხოს იმ კითხვებს, რაც დავალებების ნაწილში იქნება მოცემული.

„თქვენ აარჩევთ თქვენთვის სასურველ ტექსტს და მოცემული სამი მითითების თანახმად გააანალიზებთ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თქვენი თხზულება არ უნდა იყოს მოცემული ტექსტის შინაარსის გადმოცემა, პერიფრაზი. როგორ კარგადაც არ უნდა იყოს შესრულებული ეს პერიფრაზი, უშეცდომოც რომ იყოს, მაინც არ დაგეწერებათ ქულა. დავალება მიზნად ისახავს წაკითხული ტექსტის გააზრებას, რაც გულისხმობს მსჯელობას, დასაბუთებას, თქვენი არგუმენტების წარმოდგენას და არა მოცემული ტექსტის პერიფრაზს.

„ეს სამი მითითება, რომელიც არის მხატვრული ტექსტის ანალიზის დავალებაში, არის დაახლოებით ამ სახის: იმსჯელეთ პერსონაჟის მხატვრული სახის შესახებ, ავტორის მთავარი სათქმელის შესახებ, ავტორის სტილისა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი თავისებურებების შესახებ. აბიტურიენტები ზოგჯერ ტექსტიდან  იწერენ პირდაპირ შედარებებს, ეპითეტებს, ანუ წერენ, რომ ტექსტში მწერალმა გამოიყენა შედარებები, ეპითეტები, ეს, რა თქმა უნდა, არ არის პასუხი. თქვენ უნდა მოიყვანოთ სათანადო მაგალითები, ილუსტრაციები და იმსჯელოთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ნაშრომი არ უნდა იყოს 120 სიტყვაზე ნაკლები. თუ ასე მოხდება, მაშინ ის ენობრივად აღარ გასწორდება. ეცადეთ არ შეიზღუდოთ, მაგრამ თქვენი ტექსტი არ უნდა იყოს არც იმდენად ვრცელი, რომ არ დაეტიოს პასუხების ფურცელზე“, – ამბობს ნინო ჭუმბურიძე.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური