GE

რა შემთხვევაში ვერ მიიღებს აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტს

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ყოველ წელს, საგამოცდო ციებ-ცხელების დასრულების შემდეგ მთავარი ინტერესია ვინ მოიპოვა გრანტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მართლაც არის სახელმწიფო სასწავლო გრანტი და ამ გრანტის განაწილების წესები. როგორ ინიშნება გრანტი? ვის შეუძლია დაფინანსების მიღება? – ეს ის კითხვებია, რომლებიც გამოცდების პერიოდში აბიტურიენტებს აქვთ.

თუ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ აბიტურიენტის ცნობარს ჩავხედავთ, ვნახავთ რომ გრანტის გაცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ხდება და დამოკიდებულია იმაზე თუ, რა ქულებს მიიღებენ აბიტურიენტები. რაც უფრო მაღალი იქნება აბიტურიენტის შედეგი, მით უკეთესი იქნება შანსი, რომ მან სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვოს.

ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც, სამი ტიპის გრანტი გაიცემა. ეს იქნება 100%-იანი დაფინანსება, 70%-იანი დაფინანსება და 50%-იანი დაფინანსება. ის თუ რომელ მათგანს მიიღებს აბიტურიენტი, ასევე დამოკიდებული იქნება მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე.

გრანტის მიღების უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს. ამასთან ერთად, დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ლეგალურად მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვთ მინიჭებული პირადი ნომერი. გრანტის მოპოვებას ასევე შეძლებენ ის ადამიანები, რომლებიც სქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და პირადობის ნეიტრალური დოკუმენტი აქვთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული გრანტის მოცულობა, განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი ფინანსების 2%-ზე მეტი არ იქნება.

სახელმწიფო გრანტის ხელახლა მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ იმ აბიტურიენტებსაც, რომლებმაც წინა წლებში, აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამისა ან ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამის დახმარებით, მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება და სახელმწიფო გრანტი, თუმცა არ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში.

ეროვნული გამოცდების ცენტრს ასევე მკაცრად აქვს განსაზღვრული ის, თუ რა შემთხვევაში ვერ მოიპოვებს აბიტურიენტი გრანტს.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა პირზე თუ იგი:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეა
  • თუ აბიტურიენტს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა, როგორც უცხო მოქალაქე
  • თუ აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება არააკრედიტირებულ პროგრამაზე მოიპოვა
  • თუ აბიტურიენტმა, წინა წლებში, აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე მოიპოვა გრანტი და უკვე გამოიყენა.

ასევე, გრანტს ვერ მიიღებს პირი, რომელმაც ერთხელ უკვე ისწავლა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (ე.წ. უფასო ფაკულტეტზე). ეს უკანასკნელი ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს 5 აპრილს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც დაუდასტურეს. ცნობისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი 4 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური