GE

რა სიახლეები ელით ახალ, 2018-2019 სასწავლო წელს სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება. სკოლები სწავლის დაწყებას სიახლეებით ხვდებიან. შემოდის ახალი საგანი „მე და საზოგადოება“. პირველ-მეექვსე კლასებში შეიცვალა სახელმძღვანელოები. ამასთან, შეიცვალა გაკვეთილების ხანგრძლივობაც სხვადასხვა კლასისთვის: პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35 წუთით, გაკვეთილების ხანგრძლივობა მე-2 კლასში 5 წუთით შემცირდა და 45 წუთის ნაცვლად, 40 – წუთიანი გახდა;  45 წუთიანი იქნება გაკვეთილები მე-3 და მე-12 კლასებში. კიდევ რა სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა ესაუბრება.

–ქალბატონო მარიამ, რომ შევაჯამოთ, 2018-2019 სასწავლო წლისთვის რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა?

–წელს ახალი სახელმძღვანელოები შემოდის პირველ-მეექვსე კლასებში, რადგან შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა, განახლდა სასწავლო პროგრამები და ამაზე დაფუძვნებით მომზადდა სასკოლო სახელმძღვანელოები.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სახელმძღვანელო არის მაინც ერთ-ერთი რესურსი და პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს სხვა მრავალფეროვანი რესურსები თავისი შეხედულებებისამებრ, მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი ამ ერთ სახელმძღვანელოზე არ იყოს მიჯაჭვული. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სტანდარტები ისეა აგებული, ყველა სკოლას, ცალკეულ პედაგოგს შეუძლია ამ სტანდარტის მიღწევის გზა თავად განსაზღვროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას წლიური პროგრამის სახით, სახელმძღვანელოც ერთ-ერთი გზაა, როგორ გავიდეს ამ სტანდარტის შედეგებზე, მაგრამ პედაგოგებს ენიჭება თავისუფლება, ან გაყვეს ამ შემოთავაზებულ გზას, ან საერთოდ ახალი ორიგინალური გზა დასახოს, თვითონ შექმნას თავისი სასწავლო კურიკულუმი, სახელმძღვანელო კი გამოიყენოს ერთ-ერთ რესურსად.

–წელს სიახლეა ისიც, რომ წიგნების წონა დაწყებით კლასებში შემცირდება. კონკრეტულად რომელ კლასებს შეეხებათ ეს შემცირება და აისახება თუ არა წიგნების შინაარსობრივ მხარეზე?

–ზოგადად, პირველი-მეექვსე კლასებისთვის განახლდა სახელმძღვანელოები. ეს ცვლილებებიც ამ კლასებს ეხება. რამდენადაც შესაძლებელი იყო, განახევრებულია წონა. პირველი-მეოთხე კლასის სახელმძღვანელოების წონა არ აღემატება 200 გრამს, მეხუთე-მეექვსესი 250 გრამს (თითო სახელმძღვანელოს წონა). სახელმძღვანელოები დაიყო ნაწილებად. ზოგი 2 ნაწილად დაიყო, ზოგი 3 ნაწილად შინაარსიდან გამომდინარე.

–პირველ კლასელებს რა სიახლეები ელოდებათ წინა წლებისგან განსხვავებით?

–სიახლეები მთლიანად დაწყებით საფეხურს შეეხება. პირველი კლასში პირველივე სემესტრიდან იწყებდნენ უცხოურ ენას, როცა ჯერ მშობლიური ანბანი არ ჰქონდათ ნასწავლი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რადგან პირველი კლასი მაინც საანბანე პერიოდია, პირველი კლასის მეორე სემესტრიდან შევიდეს უცხო ენა და ის ძირითადად ზეპირმეტყველებაზე იქნება ორიენტირებული. უკვე მეორე კლასიდან როდესაც დამთავრებულია საანბანე პერიოდი, შემოვა ნელ-ნელა წერის კომპონენტი უცხოურ ენაში.

ასევე მინდა ვთქვა, რომ აქცენტი გაკეთდა და საათები დაემატა ფიზიკურ აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებს. თუ იყო 2-საათიანი დატვირთვა კვირაში, პირველ-მეოთხე კლასში, ახლა გახდა კვირაში სამი საათი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკში ფიზიკურ აქტივობას დიდი დრო დაეთმოს. იმ საათებსაც ანახევრებდნენ, რაც ჰქონდა სპორტს.

–ზოგიერთ სკოლაში საერთოდ არ ტარდებოდა სპორტის გაკვეთილები, მათთან რა მდგომარეობა იქნება ახალი სასწავლო წლიდან?

–ამ კუთხით მეტი შეთავაზებები გვაქვს სკოლებისთვის. შარშან გადამზადდა და წელსაც გრძელდება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადება ახალი სტანდარტის მიხედვით. გარდა ამისა, მაგალითად, თბილისის 40-მდე სკოლა საპილოტე რეჟიმშია ჩართული და მათ არა მხოლოდ ახალ სტანდარტში მივეცით რეკომენდაციები, არამედ ერთად დავგეგმეთ სასწავლო წლის კალენდარი, რა დროს რა ღონისძიებებს ჩაატარებენ, რა სპორტულ აქტივობებს დაგეგმავენ. ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მოსწავლეთა მონაწილეობა სასკოლო არაფორმალური აქტივობების ფარგლებში.

ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არ არის სახარბიელო მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე სპორტული დარბაზები რემონტდება, ახალი კეთდება, მაინც რჩება სპორტული დარბაზების პრობლემა.

რეგიონებში მუნიციპალიტეტის რესურსების გამოყენებაც არის შესაძლებელი. არსებობს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გარე მოედნები, სპორტდარბაზები, კორტები და ა.შ. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს ითანამშრომლონ სკოლებთან და მომართვის შემთხვევაში გაუწიონ დახმარება –  ალტერნატიული ფართები შესთავაზონ და დაუთმონ სკოლებს.

–წელს სიახლეა ისიც, რომ მეხუთე კლასიდან ორი უცხო ენა იქნება შეთავაზებული მოსწავლეებისთვის და მათ შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. რომელია ეს ენები?

–სამწუხაროდ, ევროპული ენების სწავლება გადავიდა მილევად რეჟიმში. მოხდა ისე, რომ წლების წინ მასობრივად დაითხოვეს ფრანგულის და გერმანულის მასწავლებლები სკოლიდან და რუსულ ენას მიენიჭა უპირატესობა. ძალიან გვინდა, რომ ევროპული ენების სწავლება გაძლიერდეს. რუსულ ენას არაფერს ვერჩით, ერთ-ერთ არჩევით უცხო ენად რჩება, მაგრამ გვინდა, რომ ევროპული ენების არჩევის მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ სკოლაში. კარგად ვითანამშრომლეთ იტალიის საელჩოსთან. გავაკეთეთ სტანდარტი, წლიური პროგრამა იტალიის საელჩოს მხარდაჭერით და უკვე წელს რამდენიმე სკოლაში შემოვა იტალიური ენა. ზოგჯერ მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ორ უცხოურ ენას, ან სამ უცხოურ ენას შორის შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი.

–ტრადიციულად  წელსაც მიიღებენ პირველკლასელები  ბუკებს?

–ყველა პირველკლასელი და პირველი კლასის პედაგოგები მიიღებენ ბუკებს. ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს, უფრო ინტენსიურად და მიზნობრივად რომ მოხდეს ბუკების გამოყენება სასწავლო პროცესში და არა თამაშისთვის, როგორც ზოგიერთ შემთხვევაში ხდება. პედაგოგებს უნდა მივცეთ უფრო მეტი დამაკვალიანებელი საშუალებები, რომ ბუკის გამოყენება მხოლოდ საჩვენებელი გაკვეთილების კი არ იყოს, არამედ საგაკვეთილო პროცესის ნაწილად იქცეს და გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი.

EDU.ARIS.GE-ს ხშირად ეკითხებიან არის თუ არა ცვლილება კლას-კომპლექტის შექმნის წესთან დაკავშირებით, დაინტერესებულთათვის გთავაზობთ განმარტების ამონარიდს კლასკომპლექტის შექმნის შესახებ:

რა შემთხვევაში იქმნება კლასკომპლექტი

მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების შექმნა. კლას-კომპლექტში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია ის შეიქმნას ერთი საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV პრინციპით, ან I-III და II-IV პრინციპით). სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ. I, II და III; IV,V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.).“

ვინ ასწავლის საგანს „მე და საზოგადოება“? – სკოლებმა სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინეს

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური