GE

რა სქემით მეცადინეობენ აბიტურიენტები რეპეტიტორის გარეშე მისაღები გამოცდებისთვის – „მეტი დრო, მონდომება და ნებისყოფა სჭირდება“

დღეს 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების წინ აბიტურიენტების რეპეტიტორებთან მომზადება საქართველოში აპრობირებული და შეიძლება ითქვას, ტრადიციული ხერხია. მიიჩნევა, რომ თუკი სტუდენტობა გინდა, რეპეტიტორთან სიარული აუცილებელია. სწორედ ამიტომ, აბიტურიენტების ოჯახები, ხშირ შემთხვევაში, უკანასკნელ თეთრებს იღებენ და შვილების რეპეტიტორებს საკმაოდ სოლიდურ თანხებს უხდიან.

შედარებით ცოტა, მაგრამ მაინც არსებობენ აბიტურიენტები, რომლებმაც უარი თქვეს, ან უარის თქმა მოუწიათ რეპეტიტორებთან მომზადებაზე და გამოცდებისთვის დამოუკიდებლად მეცადინეობენ. EDU.ARIS.GE-მ იპოვა ასეთი მოსწავლეები და მათ იმ მეთოდებზეც ესაუბრა, რომელთაც მეცადინეობის მეტი ეფექტიანობისთვის მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს რესპონდენტებს საკმაოდ მკაცრად გაწერილი ყოველდღიური გეგმა და განრიგი აქვთ, რომელთაც ერთგულად მიყვებიან და ამბობენ, რომ მისგან გადახვევაზე არც კი ფიქრობენ, რადგან თავიანთი თანატოლებისგან განსხვავებით, ამით ისინი არა მასწავლებელს, არამედ საკუთარ თავს მოატყუებენ. შესაბამისად, ამბობენ, რომ სწავლას გაათმაგებული პასუხისმგებლობით უდგებიან და საკუთარ თავს შიშსა და პანიკაში დროის დაკარგვის უფლებასაც კი ვერ აძლევენ.

ჩვენი რესპონდენტები იმასაც ამბობენ, რომ მათთვის ყველაფერი გაცილებით იოლი იქნებოდა პანდემიის გამო მიმდინარე წლის უდიდესი ნაწილი სახლებში რომ არ გაეტარებინათ და სკოლაში სიარული რომ შესძლებოდათ. ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავს იმას, რომ დისტანციური გაკვეთილები მათ ბევრს ვერაფერს აძლევს და იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ მასწავლებელს დამატებითი კითხვა დაუსვან, ან გაუგებარი საკითხის უფრო დეტალურად ახსნა სთხოვონ (ინტერვიუები ჩაწერილია მანამ, სანამ სკოლებში სწავლა აღდგებოდა).

გიუნელ ჯახანოვა გარდაბნის #4 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელია. ილიას უნივერსიტეტში, ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარებას გეგმავს. გამოცდებს ქართულ ენაზე გაივლის და უნივერსიტეტშიც ქართულად სწავლას აპირებს. ამბობს, რომ დროა შეიცვალოს აზრი, თითქოს ქართულად სწავლა მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს შეუძლიათ.

3 საგანში – ისტორიაში, ინგლისურსა და ქართულში სრულიად დამოუკიდებლად მეცადინეობს. მას სპეციალური განრიგი აქვს შემუშავებული და ამ განრიგს მკაცრად მიჰყვება: ორშაბათს ქართულს მეცადინეობს, სამშაბათს – ინგლისურს, ოთხშაბათს – ისტორიას, ხუთშაბათს – ქართულს, პარასკევს – ინგლისურს, შაბათს – ისტორიას, ხოლო კვირას გასული დღეების განმავლობაში ნასწავლ მასალას იმეორებს.

„ისტორიას აიმც-ს წიგნიდან ვმეცადინეობ. ინგლისურსაც ამ წიგნიდან და ასევე, სიტყვებს ვსწავლობ. ქართული ძალიან რთულია. განსაკუთრებით თემების წერა მიჭირს. სხვების დაწერილ თემებს ვნახულობ და ვცდილობ მეც ისე დავწერო. ერთი დღის განმავლობაში ისტორიაში 2 თავს ვსწავლობ. ქართულში კი ვკითხულობ ერთ ნაწარმოებს (თუ ძალიან დიდი არაა), ვწერ ერთ რედაქტირებას, ერთ ესეს და ერთ ანალიზს. რაც შეეხება ინგლისურს, დღეში 30-40 სიტყვას ვსწავლობ, პატარ-პატარა მოთხრობებს ვკითხულობ, ჩანაწერებს ვუსმენ.

„სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მიჭირს. მით უმეტეს, ქართული ხომ ჩემთვის მეორე ენაა, მაგრამ რა ვქნა. კორონას გამო ეკონომიკური პრობლემები გვაქვს. მე სკოლაშიც ქართულ სექტორზე ვსწავლობ, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, თუმცა ქართული ისე კარგად არ ვიცი, როგორც საჭიროა, რათა ამ ენაზე სხვადასხვა საგანი ვისწავლო. სკოლაშიც არ დავდივართ და ჩემთვის ორმაგად რთულია. რაიმეს რომ ვერ გავიგებ, ვერავის ვეკითხები. გამოცდების ჩაბარება ადვილი ნამდვილად არაა“, – ამბობს გიუნელი.

ნინო კობახიძე თბილისის 123-ე საჯარო სკოლას ასრულებს და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი, მენეჯმენტის განხრით. ყველა საგანში ისიც დამოუკიდებლად მეცადინეობს და საამისოდ მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო გზებისთვის აქვს მიგნებული. ნინო გვარწმუნებს, რომ რეალურად უამრავი აბიტურიენტი ემზადება გამოცდებისთვის დამოუკიდებლად და მათ სოციალურ ქსელში ჯგუფები აქვთ შექმნილი, სადაც აწყობენ ლაივ ჩართვებს, ონლაინ შეხვედრებს და საგამოცდო პროგრამას ერთობლივი ძალებით მიჰყვებიან. სწორედ ასე ემზადება ნინო ქართულსა და ისტორიაში. ინგლისურში კი მარტო, სრულიად დამოუკიდებლად.

„ამ ჯგუფში, ჩვენთან ერთად ისეთი ბავშვებიც არიან, რომლებიც მასწავლებლებთან დადიან და თავიანთ ცოდნას გვიზიარებენ, კონსპექტებს გვაწვდიან. ლაივ ჩართვისას პროგრამის მიხედვით თავებს განვიხილავთ. კვირაში 3-ჯერ გვაქვს ისტორია. ერთმანეთს მოკლედ ვუხსნით თემას, მაგალითად პრეისტორიულ ეპოქას, შემდგომ კონსპექტებს ვცვლით ერთმანეთში და ვარჩევთ, ვმსჯელობთ ძირითად საკითხებზე. ბოლოს აუცილებლად ვაკეთებთ იმ თემის ტესტს, რათა გავიგოთ რამდენად სწორად გავიგეთ მასალა.

„რაც შეეხება ქართულს, ლექსებსა და მოთხრობებს ვარჩევთ. ქართული ძირითადად უფრო საწერია – ესეები, მხატვრული ტექსტის გააზრება და ა.შ. ვცდილობთ წერის პრინციპები შევისწავლოთ. ვინც ემზადება და მეტი ცოდნა აქვს, ის გვიზიარებს ყველაფერს. წინა წლების ტესტებსაც ვიხმართ. არსებობს საიტიც მათთვის, ვინც თავად ემზადება და საგნების მოკლე პროგრამები იქაც დევს, თითოეული თემა მოკლედ არის განხილული, თან ტესტებიც ახლავს.

„ინგლისურს კი მარტო ვმეცადინეობ, ასე მირჩევნია. გარკვეული ცოდნა მაქვს და ვცდილობ დამოუკიდებლად გავართვა თავი. გეგმა მაქვს – დღეში ვსწავლობ 25 სიტყვას, ვუსმენ მოკლე ინგლისურენოვან ფილმებს, ჩანაწერებს. youtube-ზე დევს naec.ge-ს რჩევები თითოეული საგნის გამოცდის სწორად ჩასაბარებლად, იქ არის მოსასმენი დავალებებიც. ინგლისურში ადრე ვემზადებოდი და გრამატიკისთვის ძველ კონსპექტებს ვიყენებ. ასევე აიმც- ს წიგნს ვხმარობ ყველა საგანში, რომლებიც სწორედ ამ გამოცდებზეა მორგებული. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. ინტერნეტში უამრავი მასალა დევს და შესაძლებელია თავი შენით გაართვა, თუკი ამის სურვილი გაქვს“, – ამბობს ნინო.

ჩვენი სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ბეჯითი მეცადინეობისთვის, წახალისების მიზნით, საკუთარ თავს მცირეხნიანი გართობით, ფილმის ყურებით, ან მეგობართან სტუმრობით აჯილდოებენ, ნინო ამბობს, რომ მას ეს არ სჭირდება, რადგან ორმაგად მოტივირებულია გამოცდები წარმატებით გაიაროს და ყველას დაუმტკიცოს, რომ რეპეტიტორების არყოლა წარუმატებლობას არ ნიშნავს – „საკუთარ თავს ჩაბარებით წავახალისებ“, – დასძენს იგი.

ზინიკო ცარიელაშვილი (გორის რაიონი): გორის უნივერსიტეტში ვგეგმავ ჩაბარებას, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ისტორიასა და ქართულში ჩემით ვმეცადინეობ. თავიდან დამოუკიდებლად მეცადინეობის ძალიან მეშინოდა, მეუბნებოდნენ კიდეც, რომ დამოუკიდებლად მომზადებით შანსი არ მექნებოდა. ეს შიში დღემდე მაქვს, ხშირად მესიზმრება, რომ გამოცდაზე ვარ. ხანდახან იმდენად ვიძაბები, რომ წამების დაკარგვაც არ მინდა უქმად, მაგრამ ვცდილობ დავმშვიდდე, შეუძლებელი არაფერია და იმედი მაქვს, ჩავაბარებ.

„მეცადინეობა ზაფხულიდან დავიწყე. სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნები მოვიძიე, ზოგიერთის ელექტრონული ვერსია სხვადასხვა ჯგუფიდან გადმოვწერე და სწავლას შევუდექი. ყოველ დღე ორ-ორ გაკვეთილს ვსწავლობ და შესაბამის დავალებებს ვაკეთებ. ამავდროულად, ინტერნეტშიც მოვძებნი ხოლმე კონკრეტულ თემაზე მასალას და ვკითხულობ. ვცდილობ პატარა დეტალებიც კი არ გამომეპაროს და წინ საკმაოდ კარგად მივდივარ. ყოველი კვირის ბოლოს კი, ჩემს თავს იმიტირებულ გამოცდას ვუწყობ: ცალკე ოთახში გავდივარ, დროს ვინიშნავ და ეროვნული გამოცდების ტესტს ვწერ. თუ რაიმე ვერ გავიგე, ჩემი კლასელები მეხმარებიან, რომლებსაც ის კონკრეტული საკითხი უკვე გავლილი აქვთ. მათი ძალიან მადლიერი ვარ. “ჩათში” ვგზავნი ხოლმე ჩემს შესრულებულ დავალებას და რჩევებს მაძლევენ. მეცადინეობის გარეშე ერთ დღესაც არ ვაგდებ. პარალელურად, ნასწავლს ვიმეორებ, ყოველ დილას და ყოველ საღამოს. თუ კარგად ვისწავლი და საკუთარი შედეგი მომეწონება, ჩემთვის საინტერესო ფილმს ვუყურებ, ან სასეირნოდ მივდივარ. თუ შედეგი არ მომეწონება, თავს ვსჯი კიდეც და ფილმებით და სეირნობით აღარ ვანებივრებ. ახლა ვეფხისტყაოსანს ვსწავლობ და თუ კარგ შედეგს დავდებ, საკუთარ თავს საათს ვუყიდი“.

ლანა ახობაძე: „ზოგად უნარებსა და ინგლისურში ჩემით ვმეცადინეობ. ასეთი მეთოდი მაქვს შემუშავებული: ერთ დღეს მთლიანად ერთ საგანს ვუთმობ. მაგალითად დღეს, მთელი დღე, ინგლისურს ვმეცადინეობდი. დღეში ვსწავლობ ერთ საშუალო ზომის მოთხრობას, ყველა უცხო სიტყვას პატარა ბარათებზე ამოვწერ ხოლმე, გუგლში ქართულ მნიშვნელობას ვნახულობ და ბარათებს უკანა მხარეს ვუწერ. მერე ამ სიტყვებს რამდენჯერმე გადავიკითხავ, ბარათებს გავშლი მაგიდაზე, ავიღებ თითოეულს, წავიკითხავ ქართულად და ვთარგმნი ინგლისურად, ან პირიქით, ინგლისურად წავიკითხავ და ქართული მნიშვნელობა უნდა გავიხსენო. ეს მეთოდი უცხო სიტყვების დამახსოვრებაში ძალიან მეხმარება. მერე ამ მოთხრობის დავალებებსაც ვაკეთებ. ასევე, გრამატიკის წიგნიდან მინიმუმ ერთ თავს გავივლი, სავარჯიშოებს ვასრულებ. თუ მარტივი თავია, ორს. თუ საღამოს დრო დამრჩა და არც ძალიან დაღლილი ვარ, მთელი დღის ნასწავლს გადავავლებ ხოლმე თვალს.

„რაც შეეხება ზოგად უნარებს, აქ საქმე უფრო რთულადაა, რადგან მათემატიკის სწავლა, მასწავლებლის გარეშე, ცოტა რთულია. ვერბალურ ნაწილს ადვილად ვართმევ თავს, წიგნებში მოცემული განმარტებებით. მათემატიკურ ნაწილზე კი უფრო ვწვალობ. ზოგიერთი ნომრის შესრულებას დიდ დროს ვანდომებ. ამ დროს ვხვდები, რომ არსებობს უფრო მოკლე და სწრაფი გზებიც, რომლებიც მე არ ვიცი და მე უფრო რთული გზით მივდივარ. ამიტომ ვცდილობ ინტერნეტში მოვძებნო ტუტორიალები. მეხმარება ის, რომ ზოგიერთ გვერდს, ჯგუფს უდევს პედაგოგების მიერ ახსნილი ესა თუ ის საკითხი, მარტივი გზები. ვუყურებ და ვცდილობ აქედან ვისწავლო. ზოგჯერ ჩემს მეგობრებს ვთხოვ ამიხსნან, თუკი მათ უფრო ესმით. ერთ-ერთმა თავისი რეპეტიტორის ახსნილიც კი ჩაიწერა ტელეფონში, გამომიგზავნა და მოვუსმინე. მოკლედ, ნამდვილად შეიძლება საკუთარი ძალებით მეცადინეობა. უბრალოდ, მეტი დრო, მონდომება და ნებისყოფა სჭირდება.“

მირანდა კახაძე (სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, ხულოს მუნიციპალიტეტი): „მინდა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარო ქართული ფილოლოგიის, ან სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სამივე საგანში – ქართულში, ინგლისურსა და ისტორიაში დამოუკიდებლად ვმეცადინეობ. პირველ რიგში ვიყენებ აბიტურიენტისთვის განკუთვნილ წიგნებს, რომლებიც მეგობრისგან ვითხოვე. ასევე მივმართავ სხვადასხვა ვებ-საიტს, სადაც გასული წლის ტესტებია განთავსებული. შექმნილია აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი გვერდიც, სადაც ხშირად იდება სხვადასხვა საკითხის ახსნა. სრულიად უცნობი ადამიანები ეხმარებიან აბიტურიენტებს. გასული წლების მასალით დავიწყე და ვცდილობ ყველა ის საკითხი კარგად ვისწავლო, რაც შეიძლება გამოცდებზე იყოს. მაქსიმალურად ვცდილობ დავიტვირთო თავი. დღეში ვკითხულობ 3-4 თავს, ვაკეთებ ტესტებს, მინიმუმ 20 სავარჯიშოს, ვწერ ესეს და ა.შ. როცა თავისუფალი 1-2 საათი დამრჩება, ვიმეორებ. თუ კმაყოფილი ვარ, თავს საინტერესო წიგნის წაკითხვის უფლებასაც ვაძლევ“.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1-ელ მარტს დაიწყება – პროცედურა და ვადები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური