GE

რა თანხა გამოეყოფათ სკოლებს დამატებით მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში – დადგენილება

სკოლის მოსწავლისათვის განკუთვნილი ვაუჩერული დაფინანსების წესში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებით ცვლილება შევიდა.

22 ივლისს ხელმოწერილი დადგენილება („ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საკანონმდებლო მაცნეზე 23 ივლისს გამოქვეყნდა.

კერძოდ, დადგენილებით საჯარო სკოლებს გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დაფინანსება:

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის;
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის;
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის;
უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;
წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები, რის გამოც მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატების ჯამური ოდენობა მეტია სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე, რადგან სქემაში მასწავლებლად განაწილების შემდგომ მას უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა ესაჭიროებათ დამატებითი დაფინანსება, შესაბამის დამატებითი დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს განათლების მინისტრი.

რაც შეეხება დანამატების ოდენობას, საჯარო სკოლებს ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით:

1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 8,400.0 ლარი;

6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 16,800.0 ლარი;

11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი;

16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 33,600.0 ლარი;

21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 42,000.0 ლარი;

26-დან 30-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 50,400.0 ლარი;

31-დან 35-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 58,800.0 ლარი;

36-დან 40-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 67,200.0 ლარი;

41-დან 45-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 75,600.0 ლარი;

46-დან 50-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 84,000.0 ლარი;

50-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 92,400.0 ლარი.

პრემიერის ზემოხსენებული დადგენილებითვე, განისაზღვრა რომ იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის 125 ლარის ოდენობით.

ასევე არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორის შრომის ანაზღაურებისათვის 565 ლარის ოდენობით.

საჯარო სკოლის სამედიცინო კაბინეტში დასაქმებულის ანაზღაურება 470 ლარი იქნება

ბრძანების სრული ვერსია იხილეთ აქ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური