GE

რა თანხების დახარჯვას აპირებს განათლების სამინისტრო 2020 წელს პროგრამების მიხედვით

პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტის თანახმად ცნობილი ხდება, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 2020-21 სასწავლო წელს, კვლავ გააგრძელებს უფასო სახელმძღვანელოების, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ და მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამებს.

დოკუმენტში აღნიშნული, რომ 2020 წელს განათლების ბიუჯეტი 1.8 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

„2020 წელს განათლების სისტემაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 1.8 მლრდ ლარზე მეტი; საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდება 150 ლარით  2019 წლის 1 ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით – 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი; 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები  და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე;“-ვკითხულობთ ბიუჯეტის პროექტში.

დოკუმენტის თანახმად, კონკრეტულად სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად – 925.3 მლნ ლარამდე, მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 780.0 მლნ ლარი – პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატების შემდგომი ზრდა 150 ლარით 2020 წლის ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 11.7 მლნ ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 19.3 მლნ ლარზე მეტი; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველ        ყოფა – 23.0 მლნ ლარი; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 23.6 მლნ ლარამდე;  პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” – 33.0 მლნ ლარი და სხვა;

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 132.4 მლნ ლარამდე და ჯამში შეადგენს 1 636.0 მლნ ლარს.

„გასათვალისწინებელია, რომ 2019 წელს აქტიურად დაიწყო განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც მათ შორის გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგთა როგორც სოციალური გარანტიების ასევე მათ მიერ მიწოდებული სწავლების ხარისხის სისტემურ გაუმჯობესებას. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის თანახმად, 2019 წელსვე ზოგადი განათლების ბიუჯეტი იზრდება 95 მლნ ლარით. აღნიშნული რესურსი გამოყენებული იქნება ასაკით პენსიონერი, პრაქტიკოსი მასწავლებლების კომპენსაციებისთვის (2 წლის ანაზღაურების ოდენობით), რომლებიც ტოვებენ სისტემას, ასევე უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატის 150 ლარით ზრდის ხარჯების და მასწავლებლების მიერ სტატუსის ამაღლების შესაბამისი შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად. 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისად გათვალისწინებულია მიმდინარე წელს დაწყებული რეფორმის ხარჯების, ასევე რეფორმის შემდგომი ეტაპის განხორციელების ხარჯები, “, – ნათქვამია ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში.

ბიუჯეტის პროექტში საუბარია, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე სამეცნიერო კვლევების დაფინანსების მოცულობებზეც, პროექტში ამ ეტაპზე არსებული ციფრები, განხილვების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, გარკვეულწილად შეიცვალოს.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური