GE

რა უფლებით სარგებლობს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი თუ კოლეჯს ავტორიზაცია უუქმდება – ბრძანება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14 დეკემბერს გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, „პროფესიული სტუდენტის მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, დაემატა პუნქტები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის უფლებების შესახებ, როცა დაწესებულებას ავტორიზაცია უუქმდება, ვადა გასდის ან ავტორიზაციაზე უარს მიიღებს.

„დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტები, მათ შორის ისინი, ვისაც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უკვე შეჩერებული ჰქონდათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით ავტორიზაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში“, – ვკითხულობთ ცამეტ დეკემბერს ხელმოწერილ ბრძანებაში.

რაც შეეხება გარემოებას, როდესაც დაწესებულებას ავტორიზაციის ვადა ეწურება ან პროგრამის განხორციელების უფლებას კარგავს, დოკუმენტში განმარტებულია, რომ: დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის, ასევე დაწესებულების უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტები, მათ შორის, ისინი, ვისაც ავტორიზაციის ვადის გასვლამდე ან დაწესებულების უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე ლიკვიდაციამდე უკვე შეჩერებული ჰქონდათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით ავტორიზაციის ვადის გასვლიდან/ლიკვიდაციიდან 5 წლის განმავლობაში.

განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბდა ბრძანების ზოგიერთი სხვა მუხლიც, რომლის გაცნობაც ბმულზეა შესაძლებელი.

როგორც ბრძანებაშია განმარტებული, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს დაწესებულების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან პროფესიული სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას.

ასევე იხილეთ:

პროფესიული განათლების შესაბამისობა თანამედროვე მოთხოვნებთან – როგორია მთავრობის სამოქმედო გეგმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური