GE

რა უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდისთვის – ნანა ლოლაძის პასუხები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დეტალების შესახებ, აბიტურიენტებისთვის აქტუალურ შეკითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ლოლაძემ უპასუხა. აბიტურიენტების შეკითხვების დიდი ნაწილი რედაქტირების დავალებას უკავშირდება. ასევე მათ აინტერესებთ, რა უნდა გაითვალისწინონ თემის დაწერის და ზოგადად გამოცდის პროცესისთვის.

“ნაეკი” გთვაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:

რა უნდა გავითვალისწინოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე?
ყურადღებით გაეცანით თითოეული დავალების პირობას, გონივრულად გაანაწილეთ დრო, რათა შეძლოთ დავალებებზე მშვიდად და აუჩქარებლად მუშაობა და პასუხების ფურცელზე მათი დროულად გადატანა.

ტესტის რედაქტირებაში არასწორად დასმული მძიმის შემთხვევაში ქულა დაგვაკლდება?
დიახ, არასწორად დასმული მძიმის შემთხვევაში ქულა დაგაკლდებათ.

ტექსტის რედაქტირებაში დავითვალოთ ჩვენ მიერ გასწორებული შეცდომები? დაგვაბნევს თუ დაგვეხმარება?
არ არის საჭირო შეცდომების დათვლა, რადგან შეიძლება მართლაც დაგაბნიოთ.

რედაქტირებაში რომ შევცვალოთ სიტყვა, რომელშიც არაა შეცდომა, ქულა დაგვაკლდება?
სასურველია ტექსტში ზედმეტი ცვლილებები არ შეიტანოთ, ეს დაგიცავთ ახალი შეცდომებისაგან, მაგრამ თუ მაინც ჩაანაცვლებთ ასევე სწორი ფორმით და აზრიც არ შეიცვლება, შეცდომად არ ჩაგეთვლებათ.

მაგალითად, რედაქტირებაში ერთი ტიპის რამდენიმე შეცდომა დავუშვი. ერთი ქულა დამაკლდება თუ რამდენჯერაც დავუშვი იმდენი?
რამდენ შეცდომასაც დაუშვებთ, იმდენი ქულა დაგაკლდებათ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თემის და ესეს წერის დროს ?
წერითი დავალებების შესრულებისას შეეცადეთ, რომ ზუსტად უპასუხოთ დავალების პირობას, მსჯელობა დაასაბუთოთ სათანადო არგუმენტებით, ნაშრომში დაცული უნდა იყოს სალიტერატურო ენის ნორმები.

მაინტერესებს გააზრების მე-4 კრიტერიუმში ციტატების მოყვანა ყველა მოსაზრებაზე აუცილებელია? იმიტომ, რომ იტვირთება ციტატებით. ყველა მოსაზრებას (მაგალითად პერსონაჟის დახასიათებას) უნდა ციტატა – სად ჩანს ესა თუ ის თვისება?
ყველა მოსაზრებასთან დაკავშირებით ციტატების მოხმობა აუცილებელი არ არის, ზოგჯერ საკმარისია პერიფრაზიც.

პასუხების ფურცელზე არსებული ადგილი, რომელიც გამოყოფილი იყო არჩევითბოლოიანი დავალებებისთვის, წელს თხზულების ადგილს მიემატება? ანუ ორი გვერდი გვექნება თხზულების დასაწერად თუ უფრო ნაკლები?
ორივე გვერდი გამოყოფილი იქნება თხზულებისათვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი თხზულება აუცილებლად ორი სრული გვერდის სიდიდის უნდა იყოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური