GE

რა უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ეროვნულ გამოცდებზე

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდის დეტალების შესახებ, აბიტურიენტებისთვის აქტუალურ შეკითხვებს ჯგუფების ხელმძღვანელებმა უპასუხეს. აბიტურიენტების შეკითხვების დიდი ნაწილი გამოცდის სირთულეს და შესასრულებელი დავალებების დეტალებს ეხებოდა.

“ნაეკი” გთვაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:

ფიზიკა

2019 წლის ფიზიკის ტესტი რამდენად რთულია?
ტესტი დაახლოებით იმავე სირთულის იქნება, როგორიც გასულ წელს იყო.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ფიზიკის ტესტის წერის დროს?
მნიშვნელოვანია, დაკვირვებით წაიკითხოთ ამოცანის პირობა. ტესტში მოცემული იქნება სააზროვნო დავალებები. აუცილებლად გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე მოცემულ ნიმუშებს, რადგან 2019 წლის ტესტი ანალოგიური სირთულის იქნება.

რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ფიზიკის გამოცდაში ყველაზე ხშირად?
ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტები სხვადასხვა ტიპის შეცდომებს უშვებენ. ხშირად დაშვებულ შეცდომას ვერ გამოვყოფთ.

წელს ფიზიკის ტესტში 3 ცხრილი ისევ იქნება, როგორც 2017 წლამდე იყო? 2018 წელს მესამე ცხრილი ერთი ამოცანით იყო შეცვლილი.
წელსაც იქნება ორი ცხრილი და მესამე ცხრილის ნაცვლად – ამოცანა.

ქიმია

ქიმიის გამოცდაში ყველაზე ხშირად რომელ საკითხებში უშვებენ შეცდომებს?
აბიტურიენტები ღია დავალებებში ხშირად წერენ მხოლოდ პასუხებს და არ ჩანს ამოცანის ამოხსნის გზები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მათ მიიღონ ამ დავალებაში შეფასება.

რას მივაქციოთ უფრო მეტი ყურადღება ქიმიის გამოცდაზე და როგორ გადავანაწილო დრო?
გამოცდაზე დაგირიგდებათ მენდელეევის ტაბულა, აუცილებლად გამოიყენეთ ის; ღია დავალებებში უნდა ჩანდეს ამოხსნის გზები, არ უნდა გეწეროთ პირდაპირ მიღებული პასუხი; დაკვირვებით გაეცანით შესაბამისობის ინსტრუქციას, შესაძლოა ორი პასუხი იყოს მოსანიშნი; ყველა რეაქცია უნდა იყოს გათანაბრებული. გაუთანაბრებელი რეაქცია შეფასდება 0 ქულით.

ქიმიის ზღვარი ხომ არ დაიწევს?
ქიმიაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეცვლილი არ არის.

ბიოლოგია

ბიოლოგიის საგამოცდო ფორმატი არის თუ არა შეცვლილი, კერძოდ, ცხრილი ანუ შესაბამისობა?
ბიოლოგიის ტესტისა და დავალებების ფორმატში ცვლილებები არ შესულა.

მაიტერესებს, 2019 წელს ბიოლოგიის გამოცდაზე რა სირთულის კითხვები იქნება და ძირითადად რომელი წიგნებით უნდა ვიმეცადინოთ?
2019 წელს ტესტის სირთულე არ იცვლება. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ნებისმიერი გრიფირებული ლიტერატურით.

მაინტერესებს, გაიზრდება თუ არა ბიოლოგიის გამოცდაზე ღია კითხვების წილი?
ბიოლოგიის ტესტში წელს ცვლილება არ იგეგმება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი